საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-529(კ-21) 15 ივნისი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა რ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მაისის განჩინებაზე.
2020 წლის 5 მარტს რ. ჩ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - გაეროს უმაღლესი კომისარის მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 მარტის განჩინებით მოსარჩელე რ. ჩ-ს სარჩელს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მოსარჩელეს დაევალა სასარჩელო მოთხოვნის, სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლების დაზუსტება, ასევე სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა, ხოლო 2020 წლის 18 ნოემბრის განჩინებით რ. ჩ-ს უარი ეთქვა მის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. ამასთან, მხარეს განემარტა აღნიშნული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების უფლების თაობაზე. მიუხედავად ამისა, რ. ჩ-მ საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 ნოემბრის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 დეკემბრის განჩინებით რ. ჩ-ს სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა კერძო საჩივრად და დაუდგინდა ხარვეზი, ხოლო სააპელაციო პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის განჩინებით რ. ჩ-ს კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო. ამასთან, ამავე განჩინებით რ. ჩ-ს განემარტა, რომ აღნიშნული განჩინება აღარ საჩივრდებოდა. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ჩ-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის განჩინებით რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
ამის პარალელურად, 2021 წლის 24 თებერვალს რ. ჩ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში მეორე სააპელაციო საჩივარი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 ნოემბრის განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა კერძო საჩივრად და დატოვებულ იქნა განუხილველად საჩივრის ვადის დარღვევით წარდგენის გამო. ამასთან, მხარეს განემარტა, რომ ანალოგიური შინაარსის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 დეკემბრის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული, რაც განმეორებით წარდგენილი საჩივრის დაშვების შესაძლებლობას გამორიცხავდა. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება რ. ჩ-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით რ. ჩ-ს აღნიშნული საკასაციო საჩივარიც განუხილველად იქნა დატოვებული.
2021 წლის 22 აპრილს რ. ჩ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე სააპელაციო საჩივარი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 ნოემბრის განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი კვლავ კერძო საჩივრად იქნა მიჩნეული და დატოვებულ იქნა განუხილველად საჩივრის ვადის დარღვევით წარდგენის გამო. ამასთან, მხარეს განემარტა, რომ აღნიშნული განჩინება აღარ საჩივრდებოდა. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ჩ-მ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება რ. ჩ-მ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრებით, რომლებიც, რეალურად, წარმოადგენდნენ კერძო საჩივრებს, რადგან სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სწორედ კერძო საჩივრით საჩივრდება. რ. ჩ-ს კერძო საჩივრებზე სააპელაციო პალატის მიერ დადგინდა ხარვეზი, თუმცა მან ვერ უზრუნველყო დადგენილი ხარვეზის გამოსწორება, რის გამოც რ. ჩ-ს კერძო საჩივრები განუხილველად იქნა დატოვებული ერთ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო, ხოლო სხვა შემთხვევაში - საჩივრის ვადის დარღვევით წარდგენის გამო. ამასთან, რ. ჩ-ს სააპელაციო სასამართლოს მიერ რამდენჯერმე განემარტა, რომ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება აღარ საჩივრდებოდა.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნილია ისეთი განჩინების გაუქმება, რომლის კანონიერების შემოწმებაც საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, ვინაიდან სამართალწარმოება დასრულდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, რის შესახებაც მხარეს თავად გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტა. ამდენად, მოსარჩელის მიერ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სადავოდ გამხდარი სააპელაციო სასამართლოს განჩინება, როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, არ საჩივრდება არც საკასაციო და არც კერძო საჩივრით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან რ. ჩ-ს მიერ გასაჩივრებულია ის განჩინება, რომელიც საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით გასაჩივრებას არ ექვემდებარება, მისი საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის მოტივით, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე