საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-123(კ-20) 10 ივნისი, 2021 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო (სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობის უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „დ...ი“
მესამე პირები - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:შპს „დ...მა“ 2015 წლის 12 ივნისს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის მიმართ, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 თებერვლის განჩინებით სსიპ ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობა.
შპს „დ...მა“ 2016 წლის 11 იანვარს წარადგინა დაზუსტებული სარჩელი და მოპასუხისთვის მატერიალური ზიანის სახით 260000 ლარის დაკისრება მოითხოვა. შედეგად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინებით დავა განსახილველად გადაეგზავნა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 ივლისისა და 20 ივლისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „დ...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ ეროვნულ საშენ მეურნეობას შპს „დ...ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 260000 ლარის გადახდა; მოპასუხე სსიპ ეროვნულ საშენ მეურნეობას შპს „დ...ის“ სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარისა და მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის - 5719,64 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინებით სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობის უფლებამონაცვლემ - სსიპ ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი მიუთითებდა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება დადებული იყო კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით - საქართველოს მთავრობის აუცილებელი თანხმობის გარეშე. ამასთან, ხელშეკრულების კანონის მოთხოვნათა დაცვით დადების შემთხვევაშიც კი, არ არსებობდა მოპასუხისთვის თანხის დაკისრების წინაპირობები, რადგან შპს „დ...ს“ იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე უნდა დაეთესა ერთწლიანი კულტურა, თუმცა კომპანიამ ეს პირობა დაარღვია და დათესა მრავალწლიანი კულტურა - კოინდარი. გარდა ამისა, საწარმოს არ ჰქონდა რულონური გაზონის მოჭრის უფლება, ვინაიდან აღნიშნული ქმედება ნიადაგის ნაყოფიერი ფენის დაზიანებას გამოიწვევდა, რაც კანონმდებლობით დაუშვებელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ივნისის სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს, რომ მიაღწიეს მორიგებას. 2021 წლის 4 ივნისს კი სასამართლოში დასამტკიცებლად წარმოდგენილ იქნა მორიგების აქტი, რომლის თანახმად:
ერთი მხრივ, სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო (ს/ნ 226575024) (შემდგომში - „კასატორი“) და მეორე მხრივ, შპს „დ...ი“ (ს/ნ ...) (შემდგომში - „მოწინააღმდეგე მხარე“), მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენის შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაში არსებულ №ბს-123(კ-20) საქმეზე, გამოთქვამენ თანხმობას მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ შემდეგი პირობებით:
1. კასატორი - სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო (ს/ნ 226575024) მოწინააღმდეგე მხარეს - შპს „დ...ს“ (ს/ნ ...) გადაუხდის 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარს, შემდეგი გრაფიკით:
1.1. 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარს - არაუგვიანეს 2021 წლის 01 ივლისამდე;
1.2. 20 000 (ოცი ათასი) ლარს - არაუგვიანეს 2021 წლის 01 აგვისტომდე;
1.3. 20 000 (ოცი ათასი) ლარს - არაუგვიანეს 2021 წლის 01 სექტემბრამდე;
1.4. 20 000 (ოცი ათასი) ლარს - არაუგვიანეს 2021 წლის 01 ოქტომბრამდე;
1.5. 20 000 (ოცი ათასი) ლარს - არაუგვიანეს 2021 წლის 01 ნოემბრამდე;
1.6. 20 000 (ოცი ათასი) ლარს - არაუგვიანეს 2021 წლის 30 დეკემბრამდე;
2. მორიგების აქტის დამტკიცებიდან ერთი კვირის ვადაში სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო განცხადებით მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს №3ბ/1459-19 საქმეზე სააპელაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ;
3. მორიგების აქტის პირველ პუნქტში მითითებული თანხების გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშწორების გზით, მოწინააღმდეგე მხარის - შპს „დ...ის“ (ს/ნ ...) შემდეგ საბანკო ანგარიშზე: სს „ს...ი“, ბანკის კოდი: ..., ანგარიშის ნომერი: ..., მიმღები: შპს „დ...ი“ (ს/ნ ...);
4. მორიგების აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე პირობის დარღვევის შემთხვევაში შპს „დ...ი“ (ს/ნ ...) უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ გადაუხდელ ნაწილზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ და დაიწყოს იძულებითი აღსრულება;
5. მხარეთა მორიგების გამო, შეწყდეს საქმის წარმოება ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-123(კ-20);
6. წინამდებარე მორიგების აქტი მხარეთა შორის შედგა ნებაყოფლობით, ყოველგვარი ძალდატანებისა და იძულების გარეშე. მხარეები ადასტურებენ, რომ გასაგებია შეთანხმების პირობები და ეთანხმებიან მის შინაარსს სრულად.
7. მხარეები წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერით აცხადებენ, რომ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ ერთმანეთის მიმართ არანაირი პრეტენზია აღარ ექნებათ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის სასამართლო სხდომაზე საქმე, მორიგების აქტის დამტკიცების მიზნით, გადაიდო 2021 წლის 10 ივნისს, ზეპირი განხილვის გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიაჩნია, რომ უნდა დამტკიცდეს მხარეებს - სსიპ ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „დ...ს“ შორის მორიგება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ წარმოდგენილია მორიგების აქტი, რომელსაც ხელს აწერენ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირები, კერძოდ, აქტს ხელს აწერენ: სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსი - რ. ბ-ი, შპს „დ...ის“ დირექტორი - დ. ბ-ი და წარმომადგენელი - გ. ს-ი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და არ ხელყოფს სახელმწიფო (საჯარო) ინტერესებს, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შესაძლებელია დასახელებული მორიგების აქტის დამტკიცება და შპს „დ...ის“ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას მხარეთა მორიგების შემთხვევაში. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო პალატა განუმარტავს მხარეებს, რომ საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
რაც შეეხება სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება. ამავე კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით კი დადგენილია, რომ თუ სასამართლო წარმოება დასრულდა მორიგებით და მხარეები ვერ შეთანხმდნენ ხარჯების განაწილებაზე, ამასთან მხარე არ არის გათავისუფლებული სასამართლო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისაგან, მაშინ სასამართლო ხარჯები მათ შორის ნაწილდება თანაბრად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე დართული საგადახდო მოთხოვნით დასტურდება, რომ კასატორს - სსიპ ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 8000 ლარი, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი კი არ შეიცავს მხარეთა შეთანხმებას ხარჯების განაწილების თაობაზე. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კასატორს - სსიპ ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2020 წლის 29 აპრილის №01183 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის ნახევარი - 4000 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150, ხოლო ამავე კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დარჩენილი 4000 ლარის ნახევრის - 2000 ლარის გადახდა სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შპს „დ...ს“. რაც შეეხება სასამართლოსგარეშე ხარჯებს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მას თითოეული მხარე დამოუკიდებლად ანაზღაურებს.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით, მე-11 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და
დაადგინა:
1. დამტკიცდეს მხარეებს - სსიპ ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „დ...ს“ შორის მხარეთა მორიგება, 2021 წლის 3 ივნისს გაფორმებული მორიგების აქტის მიხედვით, შემდეგი პირობებით:
1. კასატორი - სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო (ს/ნ 226575024) მოწინააღმდეგე მხარეს - შპს „დ...ს“ (ს/ნ ...) გადაუხდის 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარს, შემდეგი გრაფიკით:
1.1. 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარს - არაუგვიანეს 2021 წლის 01 ივლისამდე;
1.2. 20 000 (ოცი ათასი) ლარს - არაუგვიანეს 2021 წლის 01 აგვისტომდე;
1.3. 20 000 (ოცი ათასი) ლარს - არაუგვიანეს 2021 წლის 01 სექტემბრამდე;
1.4. 20 000 (ოცი ათასი) ლარს - არაუგვიანეს 2021 წლის 01 ოქტომბრამდე;
1.5. 20 000 (ოცი ათასი) ლარს - არაუგვიანეს 2021 წლის 01 ნოემბრამდე;
1.6. 20 000 (ოცი ათასი) ლარს - არაუგვიანეს 2021 წლის 30 დეკემბრამდე;
2. მორიგების აქტის დამტკიცებიდან ერთი კვირის ვადაში სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო განცხადებით მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს №3ბ/1459-19 საქმეზე სააპელაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ;
3. მორიგების აქტის პირველ პუნქტში მითითებული თანხების გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშწორების გზით, მოწინააღმდეგე მხარის - შპს „დ...ის“ (ს/ნ ...) შემდეგ საბანკო ანგარიშზე: სს „ს...ი“, ბანკის კოდი: ..., ანგარიშის ნომერი: ..., მიმღები: შპს „დ...ი“ (ს/ნ ...);
4. მორიგების აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე პირობის დარღვევის შემთხვევაში შპს „დ...ი“ (ს/ნ ...) უფლებამოსილია, განცხადებით მიმართოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ გადაუხდელ ნაწილზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ და დაიწყოს იძულებითი აღსრულება;
5. მხარეთა მორიგების გამო, შეწყდეს საქმის წარმოება ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-123(კ-20);
6. წინამდებარე მორიგების აქტი მხარეთა შორის შედგა ნებაყოფლობით, ყოველგვარი ძალდატანებისა და იძულების გარეშე. მხარეები ადასტურებენ, რომ გასაგებია შეთანხმების პირობები და ეთანხმებიან მის შინაარსს სრულად;
7. მხარეები წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერით აცხადებენ, რომ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ ერთმანეთის მიმართ არანაირი პრეტენზია აღარ ექნებათ.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინება და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. შპს „დ...ის“ სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება; მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
4. კასატორს - სსიპ ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 226575024) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2020 წლის 29 აპრილის №01183 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 (რვა ათასი) ლარის ნახევარი - 4000 (ოთხი ათასი) ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. შპს „დ...ს“ (ს/ნ ...) სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს (ს/ნ 226575024) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 4000 (ოთხი ათასი) ლარის ნახევრის - 2000 (ორი ათასი) ლარის გადახდა;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე