საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბ-279-2(ა-21) 8 ივნისი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის №ბს-42(კ-20) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე გ. ბ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. ბ-ემ 2021 წლის 2 მარტს განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის ხარვეზის შესახებ განჩინებით საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რამდენადაც წარმოდგენილი იყო განცხადება ასლის სახით და ასევე განცხადებას არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდის ქვითარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინება განმცხადებელს გაეგზავნა განცხადებაში მითითებულ მისამართზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის განცხადება უნდა იქნეს დატოვებული განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი რჩება.
მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელს - გ. ბ-ეს საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად, გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე (ჭიათურა, სოფელი ...ა). გზავნილი 2021 წლის 5 მაისს ჩაბარდა გ. ბ-ეს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2021 წლის 6 მაისიდან დაიწყო და 2021 წლის 13 მაისს (უქმე დღის გათვალისწინებით) ამოიწურა. განმცხადებელმა ხარვეზი ამ ვადაში არ გამოასწორა და მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რაც ქმნის საფუძველს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით, 425-ე, 427-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე