Facebook Twitter

ბს-205(კ-21) 04 ივნისი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.10.2020წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხ. გ-მ 19.12.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.11.2019წ. N04-2335/ო ბრძანების ბათილად ცნობა და ხ. გ-ს ოჯახის გრძელვადიანი განსახლების მიზნით მოპასუხისთვის საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.12.2019წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.06.2020წ. გადაწყვეტილებით ხ. გ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „დევნილთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.11.2019წ. N04-2335/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ხ. გ-ს ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით ქულათა მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.10.2020წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები. პალატამ არ გაიზიარა სააგენტოს მითითება ხ. გ-ს მეუღლის (გ. ბ-ს) დედის (ნ. ნ-ის) სახლში - დაბა ...ში, ...ას ქ.N...-ში ცხოვრებასთან დაკავშირებით, რამდენადაც აღნიშნული ინფორმაცია მეზობლებთან გასაუბრებას ემყარება მაშინ, როდესაც საქმეში დაცულია ქ. თბილისში, ...ს ქ.N...-ში ხ. გ-ს მიერ 2020წ. მარტის ჩათვლით კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, აგრეთვე, შპს „ი...ის“ ცნობა, რომლითაც დასტურდება აღნიშნულ საწარმოში ხ. გ-ს 2014 წლიდან 15.06.2020წ. ჩათვლით მუშაობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.10.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ. კასატორი ქ.თბილისში, ...ს ქ.N...-ში მდებარე შენობის ნგრევად-საშიშ მდგომარეობას უდავოდ მიიჩნევს, თუმცა ეჭვქვეშ აყენებს ამ მისამართზე მოსარჩელის ოჯახთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრებას. კასატორის მოსაზრებით, ხ. გ-ს მითითება ქ. თბილისში მდებარე შპს „ი...ში“ მუშაობის შესახებ უტყუარად არ ადასტურებს მისი ქ. თბილისში, სადავო მისამართზე ფაქტობრივ ცხოვრებას. კასატორი აღნიშნავს, რომ ხ. გ-ს გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების თაობაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა გ. ბ-ს მშობლის საკუთრებაში არსებული სახლი, არამედ გ. ბ-ს საკუთრებაში ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობა. მოსარჩელის ოჯახის ქ. თბილისში, ...ს ქ.N...-ში მდებარე შენობაში ფაქტობრივად ცხოვრება მონიტორინგის შედეგად ვერ დადასტურდა, მეტიც, ხ. გ-ს ოჯახის ...ში არა სტუმრად ვიზიტის, არამედ ცხოვრების ფაქტი დადასტურებულია მეზობლების მიერ ...ში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად.

ხ. გ-მ 14.04.2021წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ საკასაციო შესაგებელით მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დროებითი განჩინების მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 16.04.2021წ. განჩინებით ხ. გ-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დროებითი განჩინების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სახელმწიფოს გააჩნია ხ. გ-ს ოჯახის, ქულათა მიუხედავად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება, რამდენადაც ოჯახი განეკუთვნება იმ დევნილ ოჯახთა რიცხვს, რომლებიც სახელმწიფოს მიერ განსახლების საფუძველზე, მართლზომიერად ცხოვრობენ ქ. თბილისში, ...ს ქ.N...-ში. აღნიშნული შენობა არის ნგრევად-საშიშ მდგომარეობაში, რაც დადასტურებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.04.2019წ. N5002030416 საექსპერტო დასკვნით (ს.ფ. 25-28). საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის მეუღლეს ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...; ამონაწერი - ს.ფ. 21) გარდა სხვა ქონებაც აქვს საკუთრებაში. ამდენად, საფუძველს არის მოკლებული სააგენტოს გადაწყვეტილების დასაბუთება გ. ბ-ს საკუთრებაში ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობაზე მითითებით. პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცულია ისეთი სარწმუნო დოკუმენტები, როგორიცაა: კომუნალური გადასახადის გადახდის ქვითრები - მოსარჩელის მიერ 2020წ. მარტის ჩათვლით ქ. თბილისში, ...ს ქ.N...-ში კომუნალური გადასახადების გადახდის დასადასტურებლად (ს.ფ. 122) და შპს „ი...ის“ ცნობა (ს.ფ. 128) - 15.06.2020წ. ჩათვლით მოსარჩელის ხსენებულ საწარმოში მუშაობის შესახებ. პალატა მიიჩნევს, რომ სააგენტოს მიერ წარმოდგენილ დათვალიერების ოქმში (ს.ფ. 98) ასახული ინფორმაცია ბუნდოვანია და ცალსახად არ ადასტურებს ხ. გ-ს ოჯახთან ერთად ...ში, ...ას ქ.N...-ში მუდმივად ცხოვრების ფაქტს. ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო ...ში გამოკითხული მეზობლებისგან (რომელთა ვინაობა უცნობია) მიღებულ ინფორმაციას მაშინ, როდესაც, მანამდე, მოსარჩელის ბინაში (ქ. თბილისი, ...ს ქ.N...) განხორციელებული მონიტორინგის დროს სააგენტოს წარმომადგენლებმა ხ. გ-ს დედისგან - ლ. ქ-ისგან შეიტყვეს, რომ მოსარჩელის ოჯახს აღნიშნული ფართი დაკავებული აქვს 1993 წლიდან (აღწერის ფორმა - ს.ფ. 97). ხ. გ-ს სააპელაციო შესაგებლის თანახმად (ს.ფ. 188), მოსარჩელემ ...ში გამოკითხული მეზობლების მისამართის დაზუსტებაზე სააგენტოს წარმომადგენლისგან უარი მიიღო იმ საფუძვლით, რომ საქმეში არსებული დათვალიერების ოქმით აღნიშნული საკითხი ნათლად ვერ დგინდებოდა. მოსარჩელის ახსნა-განმარტებით ქ. თბილისში, მეველეს ქ. N5-ში განხორციელებული მონიტორინგის დროს მოსარჩელის ბინა შეწამლული იყო მწერების საწინააღმდეგო ხსნარით, სწორედ ამიტომ არ დახვდა ხ. გ- სააგენტოს წარმომადგენლებს აღნიშნულ მისამართზე, მოსარჩელე იმ ღამით თავისი დის ბინაში იმყოფებოდა (სააპელაციო შესაგებელი - ს.ფ. 188). მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, რომ მოსარჩელის მეზობლები - კ. ნ-ა, მ. გ-ა და ლ. ქ-ი ადასტურებენ მოსარჩელის ოჯახის ქ. თბილისში, ...ს ქ.N...-ში 1994 წლიდან მუდმივად ცხოვრების და ხ. გ-ს ქ. თბილისში მუშაობის ფაქტს და გამორიცხავენ მის ...ში ცხოვრებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონი სახელმწიფოს მიმართ განსაზღვრავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებას. დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ შესაბამისად. როგორც სადავო პერიოდში (09.08.2013წ.), ისე ამჟამად მოქმედი (08.04.2021წ.) წესის (მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის) თანახმად, კრიტერიუმების გარეშე, პრიორიტეტულად ხორციელდება იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად ან/და საცხოვრებლად უვარგის, მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ხსენებული ნორმა განსაზღვრავს ობიექტის ამგვარი მდგომარეობის საექსპერტო დასკვნით დადასტურების აუცილებლობას. საქმეში დაცულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.04.2016წ. N5002030416 საექსპერტო დასკვნა (ს.ფ.25-ს.ფ.28), რომლის შინაარსის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ქ.N...-ში მდებარე სამსართულიანი შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია (დაზიანებულია მესამე ხარისხში), მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული საექსპლუატაციო მედეგობა და მისი შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის საჭიროა აღდგენა-გამაგრების სამუშაოების დროულად ჩატარება. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული კატეგორიის შენობა მიეკუთვნება სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად ან/და საცხოვრებლად უვარგის ფართობს (აღნიშნულს ადასტურებს კასატორიც - ს.ფ. 239), ხოლო საქმის მასალებით მოსარჩელის ოჯახის სადავო მისამართზე არცხოვრების ფაქტი არ დასტურდება და მეტიც, დადასტურებულია მათი ქ. თბილისში, ...ს ქ.N...-ში ცხოვრების ფაქტი, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნვეყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს - დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას („დევნილთა საცხოვრებლით უზრუნვეყოფის წესის“ 3.1 მუხ. და 3.2 მუხ.) წარმოეშვა ხ. გ-ს ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.10.2020წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე