საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-196(კ-21) 16 ივნისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ყ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2020წ. განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.10.2019წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ყ. გ-ის მიერ.
საკასაციო სასამართლოს 26.03.2021წ. განჩინებით ყ. გ-ის საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის დედანი (იმდენ ასლად რამდენი მხარეც არის საქმეში) და სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაეგზავნა უშუალოდ კასატორს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში დაცული ყ. გ-ის მიერ ა. ს-ის, ლ. ს-ის და გ. დ-ას სახელზე გაცემული მინდობილობების უფლებამოსილების ვადა მითითებული პერიოდისათვის გასული იყო. კასატორს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, თუმცა ვერ ჩაბარდა ადრესატის მოუძიებლობის გამო. ამის შემდგომ ყ. გ-ს აღნიშნული განჩინება გაეგზავნა სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე, თუმცა ჩაბარება კვლავ ვერ მოხდა. ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია, რომ ბინა გაქირავებულია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.2021წ. განჩინებით ყ. გ-ს ხარვეზის შესახებ განჩინების საჯარო გამოქვეყნებით ეცნობა მის საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის და განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. საჯარო შეტყობინება საქართველოს სასამართლოების საქმის წარმოების სისტემის ვებგვერდზე განთავსდა 21.05.2021წ.. სსკ-ის 78-ე მუხლის მიხედვით, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ შეიძლება გავრცელდეს ვებგვერდზე განთავსებით, განჩინების საჯაროდ გავრცელების შემთხვევაში განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს. ამდენად, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 29.05.2021წ. და ამოიწურა 08.06.2021წ.. დადგენილ ვადაში კასატორს სასმართლოსათვის არ მოუმართავს არც ხარვეზის გამოსწორების და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების მიზნით.
სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ყ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ყ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2020წ. განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე