საქმე #ბს-271(კს-21) 17 ივნისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „...ი“
დავის საგანი - უფლებამონაცვლის დადგენა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 23 მაისს სს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის #2017/20/12/02 თემატური შემოწმების აქტის თანახმად, შემოწმდა სს „...ში“ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 1 ივნისამდე პერიოდში რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმები კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად. შემოწმება დაიწყო 2017 წლის 31 ოქტომბერს და დამთავრდა 2017 წლის 30 ნოემბერს. თემატური შემოწმების შედეგად, შემმოწმებელი ჯგუფის მიერ 10 პუნქტად „გამოვლენილი“ ე.წ. დარღვევა/ნაკლოვანებებისათვის სს „...ს“ დაერიცხა საჯარიმო სანქციები ჯამურად - 276 660.53 ლარის ოდენობით. მათ შორის: უკან დაბრუნებას ექვემდებარება - 90000.95 ლარი; დამატებითი ფინანსური ჯარიმა შეადგენს - 186 659.58 ლარს.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არ დაეთანხმა ზემოაღნიშნული თემატური შემოწმების აქტს, ადმინისტრაციული საჩივრები შეიტანა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში და სს „...ში“ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკის) შევსების მდგომარეობის შემოწმების 2017 წლის 20 დეკემბრის #2017/20/12/02 აქტის ბათილად ცნობა, მასში ცვლილებების შეტანა და ზედმეტად დარიცხული საჯარიმო სანქციების გაუქმება მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის #04-156/ო ბრძანებით შექმნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 2 მაისის #04/25462 გადაწყვეტილებით სს „...ის“ (ს/კ ...) 2018 წლის 9 თებერვლის #13709 და 2018 წლის 27 თებერვლის #19734 ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, მოსარჩელემ სს „...ის“ მიერ წარმოდგენილი, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის #2017/20/12/02 თემატური შემოწმების აქტისა და სს „...ის“ (ს/კ ...) 2018 წლის 9 თებერვლის და 2018 წლის 27 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის #04-156/ო ბრძანებით შექმნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 2 მაისის #04/25462 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ სარჩელში ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განჩინებით სს „...ის“ სარჩელი, ასევე შუამდგომლობა გასაჩივრებული სადავო აქტების შეჩერების შესახებ, განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოსა (ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია) და ბათუმის საქალაქო სასამართლოს (ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია) შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე სს „...ის“ სარჩელისა გამო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ, გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განჩინებით სს „...ის“ სარჩელი მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას; სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ სს „...ის“ განცხადება განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივლისის განჩინებით სს „...ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის #2017/20/12/02 აქტის მოქმედება, დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივლისის განჩინება; სს „...ის“ შუამდგომლობა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (2017 წლის 20 დეკემბრის #2017/20/12/02 აქტის) მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სს „...ის“ მიერ წარმოდგენილი, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის #2017/20/12/02 თემატური შემოწმების აქტი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის #04-156/ო ბრძანებით შექმნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 2 მაისის #04/25462 გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს „...ის“ (ს/კ ...) 2018 წლის 9 თებერვლისა და 2018 წლის 27 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივრები.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2020 წლის 29 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ცნობა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას: ა) კანონით; ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით; გ) სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში; დ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით, ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად; ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად.
სააპელაციო სასამართლომ, ასევე, მიუთითა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს #509 დადგენილების პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. ამავე დადგენილებით განისაზღვრა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფუნქციები და უფლება მოვალეოები, კერძოდ, დადგენილების მე-2 მუხლის მიხედვით, ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის რეალიზების მიზნით, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოში გამოცხადდა რეორგანიზაცია და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით მისი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები გადაეცა სააგენტოს. სააგენტო განისაზღვროს სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართალმემკვიდრედ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით. ამასთან, „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის #169 და „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების (დასრულებული, პირობითი, მიმდინარე) ნაწილში − 2020 წლის 1 სექტემბრიდან (თუ იმავე პროგრამებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული), ხოლო „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის #674 დადგენილების ფარგლებში შესაბამისი კომპეტენციები განახორციელოს ნაწილობრივ, იმავე დადგენილებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებებით დამტკიცებული 2013 წლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა მოცემულ დავაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ცნობის საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, მოცემულ დავაში, სადავოდ ქცეულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის შემოწმების აქტი (დაკისრებული საჯარიმო სანქციები).
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის #487 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები, შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ევალებოდა მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით). ანალოგიური პირობა იქნა გათვალისწინებული „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის #517 დადგენილების მე-2 მუხლით.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები და კონტროლის ღონისძიებების დასრულების პირობა მიზნად ისახავდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დაწყებული კონტროლის ღონისძიებების დასრულებას, თუმცა დათქმით, რომ გამოყენებულიყო სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსათვის 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაცემული შესაბამისი, მათ შორის, საკადრო რესურსი. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან მიმდინარე ეტაპამდე, სამედიცინო დაწესებულებების კონტროლისა და რევიზიის ფუნქცია გააჩნია მხოლოდ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს.
კერძო საჩივრის ავტორი, ასევე, აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებებით ანალოგიურ დავებში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მოპასუხედ ჩაერთო სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში მხოლოდ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს უფლებამონაცვლეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო პალატა უპირველესად ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, სს „...ის“ სარჩელით მოთხოვნილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თემატური შემოწმების აქტისა და მასთან დაკავშირებით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოცემული დავა შეეხება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კონტროლის/რევიზიის შედეგების კანონიერებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის #487 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ერთიანი მაკონტროლებელი ორგანოს ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები, შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცეს სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი წლ(ებ)ის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუსწავლელი შემთხვევების შესწავლა (კონტროლი/რევიზია), კანონმდებლობის შესაბამისად. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს: 2020 წლის 1 სექტემბრამდე სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო; 2020 წლის 1 სექტემბრიდან: სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, გარდა 1.8 დანართის მე-2 პუნქტისა; ბ.ბ) 1.8 დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს უზრუნველყოფს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს #509 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ გამოცხადდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
მოხმობილი ნორმების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომლის უფლებამონაცვლედაც შემდგომში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო განისაზღვრა, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მიმართულებით მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით დაევალა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებს წარმოადგენენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ ეფუძნება სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განჩინება და მოცემულ საქმეში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებად ჩაბმულ იქნენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე