Facebook Twitter

ბს-830(კ-20) 04 ივნისი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2020წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ქ-ემ, დ. ს-ემ და ე. ს-ემ 10.10.2018წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ მოპასუხის 07.09.2018წ. N01-129/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელეთათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.01.2019წ. განჩინებით სასკ-ის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.05.2019წ. გადაწყვეტილებით მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.05.2019წ. გადაწყვეტილებით ნ. ქ-ის, დ. ს-ისა და ე. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 07.09.2018წ. N01-129/ო ბრძანება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელეთათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.10.2019წ. განჩინებით მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრამტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

საქმეში დაცული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.03.2016წ. გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მოსარჩელეებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 10.08.2015წ. N1255, N1256, N1257 ბრძანებებით ჩამოერთვათ დევნილის სტატუსი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ზემოხსენებული ბრძანებები და დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეთათვის დევნილის სტატუსის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 21.02.2017წ. და საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 09.11.2017წ. განჩინებებით გაიზიარეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.03.2016წ. გადაწყვეტილება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 07.09.2018წ. N01-129/ო ბრძანებით დევნილის სტატუსი ჩამოერთვათ მოსარჩელეებს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ აღნიშნა, რომ ნ. ქ-ის სწავლის პერიოდის სხვადასხვა ქალაქებში გატარება არ შეიძლება გაგებული იქნეს იმგვარად, რომ მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იქ იყო, სადაც განათლების მიზნით იმყოფებოდა, ამასთან მოპასუხის მოსაზრება ნ. ქ-ის ზესტაფონში დაოჯახებასთან დაკავშირებით, არ უკავშირდება სადავო პერიოდს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი იყო 1992 წლამდე ნ. ქ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა, შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარის დაოჯახების ადგილს დევნილის სტატუსის მინიჭებისთვის არანაირი სამართლებრივი მნიშვნელობა არ გააჩნდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან წარდგენილ 27.07.2018წ. ბინაზე გამოცხადების შესახებ ოქმთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ მნიშვნელოვანია თუ რა კითხვით მიმართა ოქმის შემდგენმა ინსპექტორ-გამომძიებლებმა მოქალაქეებს, რა ინფორმაცია მიეწოდათ მას და როგორი სიზუსტით შეადგინა ზემოხსენებული დოკუმენტი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ბინაზე გამოცხადების ოქმები ცალსახად ვერ ადასტურებენ მოსარჩელის ქ. ზესტაფონში მუდმივად ცხოვრების ფაქტს, მით უფრო, როდესაც საქმეში ასევე წარმოადგენილია იმავე პიროვნებების ახსნა-განმარტებები, რომელთა თანახმად თ. ყ-ი და გ. მ-ე განმარტავენ, რომ 27.07.2018წ. ქ. ზესტაფონში გამოცხადდა ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი - ზ. კ-ო და მოითხოვა შემდეგი სახის ინფორმაცია - ცხოვრობდა თუ არა ნ. ქ-ე ზესტაფონში, რასთან დაკავშირებითაც განუცხადეს, რომ 1981 წლამდე ცხოვრობდა ზესტაფონში, ხოლო სწავლის დამთავრების შემდგომ გადავიდა მშობლებთან გაგრაში, ...ის სოფელ ...ში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიუთითა საქმეში დაცულ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ დასკვნაზე, რომლის თანახმად აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავოტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის წერილის მიხედვით, ნ. ქ-ე 1992 წლამდე ფაქტობრივად ცხოვრობდა ქ. გაგრაში, ...ეში, ...ას ქ. N2ა-ში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ჩათვალა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2020წ. განჩინება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტის გამოცემისას არ დარღვეულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. სადავო აქტის გამოცემა მოხდა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად და სახეზე არ არის სზაკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევა, რომელიც მოითხოვს აქტის სრულფასოვან დასაბუთებას და რომელი დარღვევის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. კასატორი თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.

კასატორი აღნიშნავს, რომ არც საქალაქო სასამართლომ და შემდგომ არც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააგენტოს მიერ მითითებული გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ ნ. ქ-ე დაიბადა, განათლება მიიღო და დაოჯახდა ქ. ზესტაფონში, უმაღლესი განათლება მიიღო ქ. თბილისში. კასატორისთვის გაუგებარია როდის მოასწრო ნ. ქ-ემ აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრება მაშინ, როდესაც იგი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე დაკავშირებული იყო თავისი დაბადების ადგილთან. კასატორი ასევე უთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილ წერილზე, რომლის თანახმად ნ. ქ-ე 1992 წლამდე ცხოვრობდა ზესტაფონში და მიიჩნევს, რომ იგი არ ყოფილა აფხაზეთის ტერიტორიასთან დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით. კასატორს მიაჩნია, რომ სამინისტროს მიერ გამოცემული აქტი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისთვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება ჰქონდეს მოცემულ ადგილზე საცხოვრებელი ადგილი. პირის ნება დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილას. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.

საქმეში არსებული იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ დასკვნის თანახმად, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 24.09.2014წ. N43221/01 წერილში ნათქვამია, რომ ნ. ქ-ე 1992 წლამდე ფაქტიურად ცხოვრობდა ქ. გაგრაში ...ეში ...ას ქ. N2ა-ში. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 1992 წლამდე ნ. ქ-ის დაბადება და საშუალო განათლების მიღება ქ. ზესტაფონში, ხოლო უმაღლესი განათლების ქ. თბილისში მიღება არ გამორიცხავს ნ. ქ-ის აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივ ცხოვრებას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ქ-ის 1992 წლამდე ქ. გაგრაში მუდმივ ცხოვრებას არ გამორიცხავს მოსარჩელის ქ. თბილისში მუდმივად ცხოვრების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობა ემყარება მხოლოდ მეზობლების თ. ყ-ისა და გ. მ-ის ბინაზე გამოცხადების შესახებ ოქმებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნ. ქ-ე 1992 წლამდე ცხოვრობდა ქ. ზესტაფონში, ამასთანავე 22.05.2019წ. სანოტარო წესით დადასტურებულ ახსნა-განმარტებებში თ. ყ-ი და გ. მ-ე განმარტავენ, რომ ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს განუცხადეს, რომ ნ. ქ-ე ნამდვილად ცხოვრობდა და იზრდებოდა ქ. ზესტაფონში, ხოლო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1981 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა მშობლებთან ქ. გაგრაში, ...ის სოფელ ...ში.

კასატორის მითითება ნ. ქ-ის ქ. ზესტაფონში დაოჯახების ფაქტის შესახებ არ უკავშირდება სადავო პერიოდს, შესაბამისად მოსარჩელე მხარის დაოჯახების ადგილს დევნილის სტატუსის მინიჭებისთვის არ აქვს სამართლებრივი მნიშვნელობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2020წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე