ბს-177(კს-21) 7 ივნისი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე
ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა ბ., გ., ბ., გ. გ-ებისა და ნ. ბ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2020წ. განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ., ჯ., ბ., გ., გ. გ-ებმა და რ. ბ-მა 15.04.2020წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართეს ცაგერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიმართ, მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ბ., გ., ი, გ. გ-ების და რ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარება ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის თემის, სოფელ ...ში მდებარე ნაკვეთზე სახელწოდებით ,,ზ...ი’’ (დაზუსტებული ფართობი 27000 კვ.მ., თითოეულზე 4500 კვ.მ., დაუზუსტებელი საკადასტრო კოდები - ..., ...; ...; ...; ...), როგორც მათი წინაპრის ბესი მონის ძე გ-ისგან მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე; ლენტეხის რაიონის ჩოლურის თემის საკრებულოს 25.11.2002 წ. N3 ოქმის/დადგენილების და მის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (ლენტეხის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ) განხორციელებული ჩანაწერების, საკადასტრო კოდებით-...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ... ბათილად ცნობა; წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 12.11.2002 წ. განჩინების ბათილად ცნობა; ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს/მერიისათვის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისისათვის მათი უკანონო გადაწყვეტილებებით გამოწვეული მატერიალური და არამატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება; ლენტეხის მუნიციპალიტეტისათვის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის საპროცესო ხარჯების ანაზღაურების დაკისრება. მოსარჩელეებმა სასკ-ის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოითხოვეს სასამართლო განჩინებით გასაჩივრებული ინდივიდუალური-ადმინისტრაციული აქტების მოქმედების შეჩერება (საკადასტრო კოდები: ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...).
ცაგერის რაიონული სასამართლოს 05.05.2020წ განჩინებით ბ., ჯ., ბ., გ., გ. გ-ების და რ. ბ-ის სარჩელი ჩოლურის თემის საკრებულოს 25.11.2002წ. მიწის გადანაწილებაზე მიღებული N3 ოქმის/დადგენილების გაუქმების, მის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებული ჩანაწერებისა (ს/კ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...) და ბ., გ., ი, გ., გ-ების და რ. ბ-ის ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის თემის სოფელ ...ში მდებარე ნაკვეთზე, სახელწოდებით ,,ზ...ი’’ (დაზუსტებული ფართობი 27000 კვ.მ, თითოეულზე 4500 კვ.მ) როგორც მათი წინაპრის ბესი მონის ძე გ-ისაგან მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ - დაუშვებლად იქნა მიჩნეული და შეწყდა საქმის წარმოება. ამავე განჩინებით სარჩელი წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 12.11.2002 წ. განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში განსახილველად გადაეცა განსჯად - ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს; სარჩელი-ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის/საკრებულოს უკანონო გადაწყვეტილებების გამო გამოწვეული მატერიალური და არამატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაცემულ იქნა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად და მიენიჭა სამოქალაქო საქმეებისათვის დადგენილი სააღრიცხვო-სტატისტიკური ნომერი; ამავე განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების მოთხოვნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის პროცესის ხარჯების დაკისრების თაობაზე. ცაგერის რაიონულმა სასამართლომ 05.05.2020წ. განჩინების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ სასამართლო განხილვის ამ ეტაპზე მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა დავის ფაქტობრივ გარემოებებზე და მით უფრო სხვა სახის შუამდგომლობებზე.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 20.05.2020 წერილით საქმეზე ბ., გ., გ. გ-ებისა და რ. ბ-ის წარმომადგენელს ჯ. გ-ს ეცნობა, რომ უსაფუძვლოა 3/8-20 ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელზედაც არსებობს სასამართლო განჩინება საქმისწარმოების შეწყვეტის, განსჯად სასამართლოში გადაგზავნისა და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად გადაცემის შესახებ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ დროებითი განჩინების გამოტანა.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 05.05.2020წ. განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელთა წარმომადგენლებმა: ჯ. გ-მა და მ. ლაბარტყავამ. კერძო საჩივარს N12 დანართის სახით დაერთო შუამდგომლობა, რომლითაც მოთხოვნილ იქნა სასკ-ის 31-ე მუხლის საფუძველზე დროებითი განჩინების მიღება, კერძოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის მიწის ნაკვეთზე (მდებარე ლენტეხის მუნიციპალიტეტის, ჩოლურის თემში, 36-ე კვარტალში - ,,ზ...ის’’ ტერიტორიაზე, ფართობით - 2,7 ჰა), ნებისმიერი სახის უფლების რეგისტრაციის (განკარგვის) აკრძალვა, ასევე შემდეგი გაუქმებული საკადასტრო კოდების აღდგენა: ... (მიმდინარე წარმოება - ...), ...; ...; ...; ... (მიმდინარე წარმოება -...); ...; ...; ...; ... (მიმდინარე წარმოება - ...); ...; ...; ... და ... - არსებულ დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.08.2020წ. განჩინებით გ. გ-ისა და სხვათა წარმომადგენლების ჯ. გ-ის და მ. ლაბარტყავას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ცაგერის რაიონული სასამართლოს 05.05.2020 წ. განჩინება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2020 წ. განჩინებით გ. გ-ისა და სხვათა წარმომადგენლების ჯ. გ-ისა და მარიამ ლაბარტყავას შუამდგომლობა დროებითი განჩინების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა გ. გ-ის და სხვათა წარმომადგენლის ჯ. გ-ის მიერ.
კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მითითება სარჩელის წარმატების პერპექტივასთან დაკავშირებით არღვევს სამართლიანი სასამართლოს და შეჯიბრებითობის პრინციპს, რადგან სასამართლო წინსწრებით ვერ მიუთითებს სარჩელის არაპერსპექტიულობაზე. კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებაში კანონმდებელი საკასაციო სასამართლოს არ აღჭურავს უფლებამოსილებით მიიღოს დროებითი განჩინება სასკ-ის 29-31-ე მუხლებზე დაყრდნობით. სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე შუამდგომლობის მიზანს საქმეზე საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა წარმოადგენს, კერძოდ, მოპასუხემ არ უნდა დაურეგისტრიროს მესამე პირებს საკუთრების და მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე ქონება და ქონების რეგისტრაციით, სადავო ქონების გასხვისებით ხელი არ შეუშალოს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, რათა აზრი არ დაეკარგოს სასამართლო დავას. კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი ფორმალურად გადაწყვეტა, დაეყრდნო რა კანონიერ ძალაში შეუსვლელ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და საფრთხე შეუქმნა ადმინისტრაციულ პროცესში ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას. სასამართლოს უნდა ემსჯელა დროებითი განჩინების მიუღებლობის პირობებში რამდენად გართულდებოდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. სასკ-ის 31-ე მუხლით დარეგულირებულია დროებითი განჩინების მიღების წინაპირობები. საპროცესო ნორმების სისტემური, კომბინირებული და სიტყვასიტყვითი განმარტებებითაც კი არ არის დადგენილი მოსამართლის მიერ სარჩელის პერსპექტიულობის წინასწარი განსაზღვრის აუცილებელობა და ამის საფუძველზე დროებითი განჩინების მიღება/არმიღების საკითხის გადაწყვეტა.
კერძო საჩივრის ავტორები აცხადებენ, რომ არსებობს რეალური საფრთხე, რომ სხვა სუბიექტურად დაინტერესებულ პირთა მიერ მოთხოვნილ იქნეს სადავო მიწის ნაკვეთებზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის თემში მდებარე მიწის ნაკვეთის ,,ზ...ის’’ გაუქმებული და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არსებული საკადასტრო კოდებით (...-667) რეგისტრაცია, რაც შემდგომში გაართულებს ან შეუძლებელს გახდის განმცხადებელთა საკუთრების უფლების სრულყოფილ რეალიზაციას. სსკ-ის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სადავო მიწის ნაკვეთებზე მოახდენს სხვა მესამე პირთა საკუთრების უფლების რეგისტრაციას, შესაძლებელი იქნება საჯარო რეესტრის უტყუარობის და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე ისე გასხვისდეს ან უფლებრივად დაიტვირთოს მიწის ნაკვეთები, რომ სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე განმცხადებლებმა ფაქტობრივად ვეღარ შეძლონ სადავო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეალიზაცია, მათ შორის მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, რაც საკუთრების უფლებას არსს დაუკარგავს. კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ 08.05.2020წ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უკვე შეტანილია განცხადებები, რომლითაც მოთხოვნილია სადავო მიწის ნაკვეთზე უფლებათა ცვლილების სპორადული რეგისტრაცია (განცხადებები N..., N..., N...).
კერძო საჩივრის ავტორებმა 28.05.2021წელს დააზუსტეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2020წ. განჩინების გაუქმება და ხელახლა განსახილველად დაბრუნება განსჯადი სასამართლოსთვის (ზუგდიდის რაიონული სასამართლო). კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან მიღებულია არაკანონიერი სასამართლო შემადგენლობის მიერ. კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ მოსამართლე ხ. ხ-მა ვერ უზრუნველყო საქმის ობიექტურად, მიუკერძოებლად და კვალიფიციურად განხილვა. მხარეებს მოგვიანებით, მიკერძოების აშკარა ნიშნების გამოვლენის შემდეგ მიეცათ დასაბუთებული აცილების შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა (კერძო საჩივარს ერთვის 12.03.2021წ. განცხადება მოსამართლის აცილების თაობაზე). კერძო საჩივრის ავტორები აცხადებენ, რომ მოსამართლე ხ. ხ-მა საკასაციო სასამართლოს მიერ დროებითი განჩინების მიღებამდე, საქმის წარმოების წინსწრებით შეწყვეტით, დროებითი განჩინების მიღების თაობაზე შუამდგომლობას სამართლებრივი საფუძველი გამოაცალა და საჩივრის განხილვა ფორმალური გახადა. კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლო განჩინებებში არასწორადაა მითითებული მათ მიერ სარჩელის წარდგენის თარიღი, კერძოდ ნაცვლად 2002 წლის 23 დეკემბრისა აღნიშნულია 2005 წლის 14 მარტი, რასაც ისინი არ ეთანხმებიან. კერძო საჩივრის ავტორები აპელირებენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 11.08.2020წ განჩინებაში არსებულ რამოდენიმე უზუსტობაზე, კერძოდ მათი მოსაზრებით, სასამართლოს არასწორად აქვს მითითებული გ-ების 22.06.1992წ განცხადების შინაარსი. ასევე, კერძო საჩივრის ავტორები არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ნაკვეთი ,,...ი’’ მდებარეობს სოფელ ...ის ადმინისტრაციულ საზღვრებში. კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.02.2000წ. გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაზიარება მოცემულ დავაზე დაუშვებელია, ვინაიდან პირველ და მეორე ინსტანციაში 1999-2000-იან წლებში საქმე ნაწარმოები იყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ხოლო უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია ადმინისტრაციულ საქმეზე. კერძო საჩივრის ავტორები თვლიან, რომ გარემოებები, რომლებიც არ გამოკვლეულა ქვედა ინსტანციების მიერ, ადმინისტრაციული სასამართლოსთვის არ უნდა იყოს უდავო, დადგენილ და მოკვლეულ გარემოებად მიჩნეული, მით უფრო, რომ საქმე განხილულია სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. საფუძველს მოკლებულია სამოქალაქო წესით განმხილველი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისათვის პრეიუდიციული ძალის მინიჭება ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში განსახილველი საკითხისათვის (საკითხებისათვის) (სუსგ Nბს-420-420 (კ-18) 28.03.2019). ამასთან, კერძო საჩივრის ავტორთა მიერ წარმოდგენილია სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა ,,...ის’’ ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ სადავო ნაკვეთი არ შედიოდა არც ჩოლურის მეურნეობის, არც კოლმეურნეობის სარგებლობასა და არც ადგილობრივი თვითმართველობისთვის 90-იან წლებში გადაცემულ მიწის სარეფორმო ფონდში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ., გ., ბ., გ. გ-ების და ნ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების სამართლებრივ საფუძველს ადმინისტრაციულ პროცესში განსაზღვრავს სასკ-ის 29-31-ე მუხლები. დროებითი განჩინება წარმოადგენს მხარის ინტერესების დაცვის მნიშვნელოვან ინსტიტუტს, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს, დროებითი ღონისძიების გამოყენებით, დავის საბოლოოდ დასრულებამდე, დააზღვიოს სასამართლოს უფლებით ეფექტურ სარგებლობასთან დაკავშირებული რისკები, შექმნას მხარის მოლოდინი, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება.
სასკ-ის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მხარეს აქვს უფლება, სარჩელის აღძვრამდე ან დავის საგანზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში გადაწყვეტილების მიღებამდე მიმართოს სასამართლოს მოთხოვნით, რათა დავის საგანთან დაკავშირებით სასამართლომ მიიღოს დროებითი განჩინება, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. სასამართლოს დროებითი განჩინების გამოყენება დასაშვებია ასევე სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება, უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივრის ავტორები ითხოვდნენ სასკ-ის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განჩინების მიღებას, რათა ხელი არ შეშლოდათ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღდგენასა და შემდგომ რეალიზებაში. დაზუსტებული კერძო საჩივრის ფარგლებში (28.05.2021წ), კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნას წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 22.06.2020წ) გაუქმება და განსჯადობის წესების დაცვით, შუამდგომლობის განსახილველად საქმის განმხილველი სასამართლოსთვის დაბრუნება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კერძო საჩივრის ავტორთა მიერ გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 22.06.2020წ. განჩინება (დროებითი განჩინების მიღებაზე უარი). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ ზემოაღნიშნული განჩინების მიღების კანონიერებაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში უნდა შეფასდეს დროებითი განჩინების მიღებაზე უარის თქმის კანონიერება.
კერძო საჩივრის ავტორები კერძო საჩივარში აღნიშნავენ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 11.08.2020წ. განჩინებაში რამდენიმე ფაქტობრივი უზუსტობაა დაშვებული. კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ ყველა სასამართლო გადაწყვეტილებაში არასწორადაა განსაზღვრული მათ მიერ წალენჯიხის რაიონული სასამართლოსთვის მიმართვის თარიღი და ნაცვლად 2002 წლის 23 დეკემბრისა, მითითებულია 2005 წლის 14 მარტი. ყურადსაღებია, რომ საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს კანონიერ ძალაში მყოფ, ზემოაღნიშნულ განჩინებაზე ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419.3 მუხლის თანახმად, იგი წარმოადგენს კერძო საჩივრის თაობაზე მიღებულ ზემდგომი სასამართლოს განჩინებას და საპროცესო კანონმდებლობით მისი გასაჩივრება არ დაიშვება. სასკ-ის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განჩინების მიღების თაობაზე შუამდგომლობის განხილვის პროცესი სრულდება ზემდგომი სასამართლოს მიღებული განჩინებით. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლო შეზღუდულია გასაჩივრებული განჩინების ფარგლებით, მისი შინაარსით, ამასთან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.08.2020წ. განჩინება კანონიერ ძალაშია შესული და იგი გასაჩივრებას არ ექვემდებარება, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნული განჩინების კანონიერებაზე.
საქართველოს კონსტიტუციის 62.1 მუხლის, ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ორგანული კანონის 4.1 მუხლის, სსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტები სავალდებულოა სახელმწიფო ორგანოსა და პირისთვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სსკ-ის 266-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავოდ გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროცესუალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას, საზედამხედველო წარმოების წესებს. სსკ-ის 265-ე მუხლის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება დაუშვებელია, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა, რომელშიც ამავე კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძვლები მოიაზრება , რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კანონიერ ძალაში შესულ ცაგერის რაიონული სასამართლოს 05.05.2020წ. განჩინებაზე, რომლითაც ბ., ჯემალ, ბ., გ., გ. გ-ების და რ. ბ-ის სარჩელი მოპასუხე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის და მესამე პირების - ხ. ხ-ის, ვ. ხ-ის, ე. ხ-ის, თ. ხ-ის, კ. ხ-ის მიმართ, ჩოლურის თემის საკრებულოს 25.11.2002წ. მიწის განაწილებაზე მიღებული N3 ოქმის/დადგენილების გაუქმების, მის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებული ჩანაწერების (ს/კ ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...) ბათილად ცნობის და ბ., გ., ი, გ. გ-ების და რ. ბ-ის ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის თემის სოფელ ...ში მდებარე ნაკვეთზე, სახელწოდებით ,,...ი’’ (დაზუსტებული ფართობი 27000 კვ.მ, თითოეულზე 4500 კვ.მ), როგორც მათი წინაპრის ბესი მონის ძე გ-ისგან მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ - დაუშვებლად იქნა ცნობილი და შეწყდა საქმის წარმოება. ამავე განჩინებით სარჩელი წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 12.11.2002წ. განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში განსახილველად გადაეცა განსჯად - ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს; ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის/საკრებულოს გადაწყვეტილებების გამო გამოწვეული მატერიალური და არამატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა გადაცემულ იქნა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად და საქმეს მიენიჭა სამოქალაქო საქმეებისათვის დადგენილი სააღრიცხვო-სტატისტიკური ნომერი; ამავე განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების მოთხოვნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის პროცესის ხარჯების დაკისრების თაობაზე. ცაგერის რაიონული სასამართლოს 05.05.2020წ. განჩინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.08.2020წ. განჩინებით ძალაში დარჩა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელეებს არ გააჩნდათ კანონიერი ინტერესი კონკრეტული დავის ფარგლებში და სადავო ინდივიდუალური აქტების ბათილად ცნობა არ წარმოშობდა რაიმე სახის კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს მოსარჩელეთა მიერ თავისად დაგულებული სამომავლო მესაკუთრული უფლებების ჭრილში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეები დავისადმი კანონიერ ინტერესს ასაბუთებდნენ 1913 წლის 20 აპრილის ნასყიდობის აქტით, რომლითაც მიწის ,,საგლეხო რეფორმის'' ფარგლებში უშუალოდ ეს ნაკვეთი საკუთრებაში მიიღო მათმა დიდმა ბაბუამ. სადავო ლენტეხის რაიონის ჩოლურის თემის საკრებულოს 15.11.2002წ. N3 ოქმის (დადგენილების) გამოცემას წინ უძღვოდა შემდეგი გარემოებები: ლენტეხის რაიონის გამგეობის 25.07.1996წ. N42 დადგენილებით სათიბი ,,...ი'' მიეკუთვნა საყდრელებს. აღნიშნული დადგენილების გამოცემის საფუძველი გახდა 22.06.1992წ სოფ. საყდრისის მცხოვრებთა - ე. გ-ი, გ. გ-ისა და რ. ბ-ის განცხადება, რომლითაც ისინი ითხოვენ ნაკვეთ ,,...ს'', მდებარე სოფ. საყდრიდან ჩრდილოეთის მიმართულებით. მოთხოვნის საფუძვლად განმცხადებლები მიუთითებდნენ იმ გარემოებას, რომ არიან სოფელ საყდრის მუდმივი მცხოვრებნი, არ არიან ჩასახლებაში ჩასული და განიცდიან სათიბის უკმარისობას, მაშინ როდესაც სოფელი ...ი გაუქმებულია, ყველა ჩასახლებაშია და ისინი ჩამოდიან ზაფხულობით, თიბავენ სათიბს და თივას ჰყიდიან სხვაგან (ტ.1, ს.ფ 101-105). აღნიშნულ საქმეზე მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.02.2000წ. (საქმე N3/გ/ად-1-კ) გადაწყვეტილებით კასატორების: სოფელ ...ის მცხოვრებთა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 17.11.1997წ. გადაწყვეტილება და ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის რაიონის გამგეობის 25.07.1996წ. N42 და ჩოლურის თემის საკრებულოს N6 გადაწყვეტილებები, გაუქმდა ამ გადაწყვეტილებათა საფუძველზე საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) განხორციელებული ჩანაწერები.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 28.02.2000წ (N3/გ/ად-1-კ) გადაწყვეტილებაში დადგენილად მიიჩნია, რომ ლენტეხის რაიონის გამგეობა გასცდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს, 25.07.1996წ. ისე დაუსაკუთრა ერთი სოფლის სარგებლობაში მყოფი სათიბი მეორე სოფლის სამ მოსახლეს, ჩოლურის თემის საკრებულოს გამგეობისგან (ან გამგებლისაგან) არ მოუთხოვია საკითხის ადგილზე გადაწყვეტა. გამგეობამ 25.07.1996წ. მიიღო გადაწყვეტილება და არა დადგენილება, რითაც დაარღვია სახელმწიფო მეთაურის მიერ დამტკიცებული დებულების 29-ე მუხლის მოთხოვნა. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ასევე იმ დროს მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 10.03.1992წ. N290-ე დადგენილების მესამე პუნქტი: ,,საკარმიდამო მიწის ნაკვეთების ზღვრულ ნორმამდე შევსების პროცესში გათვალისწინებულ იქნეს, რომ თითოეულ სოფელს შეუნარჩუნდეს პირუტყვის გასარეკები, საერთო სარგებლობის სათიბ-საძოვრები''. ამასთანავე, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 24.02.1993წ. N148-ე დადგენილების მეორე პუნქტის შესაბამისად, ,,დაუშვებლად იქნა მიჩნეული მოსახლეობისთვის საკარმიდამო ნაკვეთების შესავსებად ფართობების შერჩევის მოტივით სოფლებს შორის არსებული საზღვრების გადასინჯვა''. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ ჩათვალა, რომ ლენტეხის რაიონის გამგეობისგან სადავო გადაწყვეტილების გამოტანისას, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით, დაუშვებელი იყო სოფელ ...ისთვის მის საზღვრებში მოქცეული, საერთო სარგებლობის სათიბ ,,...ის'' ჩამორთმევა, სხვა მცხოვრებთათვის გადაცემა და ამ გზით სოფლის საზღვრების გადასინჯვა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორთა მიერ მოხმობილი გადაწყვეტილება (სუსგ 28.03.2019წ.საქმეზე Nბს-420-420 (კ-18)) არ არის რელევანტური ვინაიდან, აღნიშნული განჩინება ეხება სხვა ფაქტობრივი გარემოებებიდან წარმოშობილ სამართალურთიერთობებს. კერძო საჩივრის ავტორთა მიერ მოხმობილი გადაწყვეტილებიდან ნათლად ჩანს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებისთვის იმანენტური საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებიდან გამომდინარე, ინკვიზიციურობის პრინციპი არ უნდა დაირღვეს, რაც საქმის განმხილველი ადმინისტრაციული სასამართლოს ქმედით ღონისძიებებში გამოიხატება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.03.2019წ (Nბს-420-420 (კ-18)) გადაწყვეტილებით არ დადგენილა იმავე მხარეებს შორის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მიღებული გადაწყვეტილების პრეიუდიციული მნიშვნელობა. საკასაციო პალატის ხსენებული გადაწყვეტილებით ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ კონკრეტულ დავაში, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დადგენილი გარემოების გარდა არსებობდა დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე დამატებითი საჯაროსამართლებრივი გარემოება, რომლის გათვალისწინებასაც არ გამორიცხავდა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში მყოფი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.02.2000წ გადაწყვეტილება (N3გ/ად-1-კ) მიღებულია სოფელ ...ის მცხოვრებთა სასარჩელო მოთხოვნის, კერძოდ ლენტეხის რაიონის გამგეობის 25.07.1996წ გადაწყვეტილების გაუქმებისა და სადავო მიწის ნაკვეთის (,,...ი’’) საკუთრების უფლებით მათზე გადაცემის თაობაზე. ზემოაღნიშნულ დავაზე მიღებულია ცაგერის რაიონული სასამართლოს 28.07.1999წ და ქუთაისის საოლქო სასამართლოს 17.11.1999წ გადაწყვეტილებები, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ არ მოქმედებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (ამოქმედდა 2000 წლის 1 იანვრიდან). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ დავა არსებითად გადაწყვეტილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ 28.02.2000წ. (საქმე N3ბ/ად-1-კ) გადაწყვეტილებით, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია და სავალდებულოა შესასრულებლად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები (განჩინებები,დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. ამავე კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები, იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად კანონიერ ძალაში მყოფი უზენაესი სასამართლოს 28.02.2000წ (N3/გ/ად-1-კ) გადაწყვეტილებისა, ალიფა გ-მა, ბ. გ-მა, ოთარი გ-მა, ი გ-მა, გ. გ-მა, გ. გ-მა და რაფიელ ბენდელიანმა კვლავ მიმართეს წალენჯიხის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს საკუთრების გადაცემა სათიბ ,,...ზე'' და მოპასუხეებისათვის - ლენტეხის რაიონის ჩოლურის თემის საკრებულოსთვის და ლენტეხის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსთვის სათანადო ჩანაწერების განხორციელების დავალება. წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 24.08.2001წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა. წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 12.11.2002წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 24.08.2001წ. გადაწყვეტილება და სათიბი ,,...ის“ გადაცემის საკითხი განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეცა ლენტეხის რაიონის ჩოლურის თემის საკრებულოს. წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 12.11.2002წ. გადაწყვეტილების აღსასრულებლად გამართულ ჩოლურის თემის საკრებულოს წევრთა სხდომაზე მიღებული 25.11.2002 გადაწყვეტილებით სათიბი ,,...ი'' საკუთრების უფლებით გადაეცა სოფელ ...ის მოსახლეობას.
ქვედა ინსატანციის სასამართლოების კანონიერ ძალაში მყოფი განჩინებებით დადგენილია, რომ მოსარჩელეთა ინტერესი სადავო აქტის (ჩოლურის თემის საკრებულოს 25.11.2002 წ. N3 ოქმის (დადგენილების)) ბათილად ცნობის და მის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერების ბათილად ცნობის მიმართ არ იკვეთება, ვინაიდან სადავო აქტის ბათილად ცნობით ისინი ვერ აღიჭურვებიან რაიმე უფლებით. ამასთან, კანონიერ ძალაში მყოფი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.02.2000წ გადაწყვეტილებით უარყოფილია მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მემკვიდრეობით ეკუთვნით სათიბი ,,...ი''. საკასაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-ის, ე. გ-ისა და რ. ბ-ისთვის სათიბ ,,...ის'' მემკვიდრეობით მიკუთვნების სამართლებრივი საფუძვლები იმ დროისათვის მოქმედი (28.02.2000წ.) ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ'' კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით არ იყო გათვალისწინებული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ იგი პრევენციულად და რეპრესიულად უნდა ემსახურებოდეს მოსარჩელეთა უფლებების ქმედით დაცვას. დროებითი განჩინების გამოცემის მოთხოვნით განცხადებაში ნათლად უნდა იკვეთებოდეს არსებული მდგომარეობის შეცვლით განმცხადებლის უფლების რეალიზაციისთვის ხელშეშლის ან მნიშვნელოვნად გართულების საფრთხე. სასკ-ის 31.1 მუხლით მოცემულია კონკრეტული შემთხვევა, როდესაც პირს აქვს უფლება მოითხოვოს დროებითი განჩინებით არსებული მდგომარეობის შენარჩუნება, კერძოდ, როდესაც განმცხადებელს შეუძლია დაასაბუთოს, რომ არსებობს რეალური საფრთხე და სასამართლოს მიერ მისი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება სუბიექტური უფლების რეალიზებაში ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში, დროებითი განჩინების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი დამოკიდებულია დავის პერსპექტიულობაზე. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუმცა აღნიშნული დავის არსებითად გადაწყვეტაზე გავლენას ვერ მოახდენს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 13.02.2017წ. გადაწყვეტილება საქმეზე Nბს-930-922(2კ-16)). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს დროებითი განჩინების გამოყენების საფუძველი იმის გათვალისწინებით, რომ სასარჩელო მოთხოვნებიდან სამზე (ჩოლურის თემის საკრებულოს 25.11.2002წ. მიწის განაწილებაზე მიღებული N3 ოქმის/დადგენილების გაუქმების, მის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებული ჩანაწერების ბათილად ცნობისა და მოსარჩელეების, როგორც მათი წინაპრის ბესი მონის ძე გ-ისგან მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ) კანონიერ ძალაში მყოფი განჩინებით შეწყდა საქმისწარმოება, ხოლო დარჩენილი ორი სასარჩელო მოთხოვნიდან ერთი - წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 12.11.2002წ. განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნა განსახილველად გადაეცა განსჯად - ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, ხოლო მატერიალური და არამატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა გადაცემულ იქნა ცაგერის რაიონულ სასამართლოში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად.
კერძო საჩივრის ავტორთა მიერ დაზუსტებულ კერძო საჩივარს თან ერთვის 18.09.2020წ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა. საკასაციო სასამართლოს პროცესუალური როლის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს, სსკ-393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი პროცესუალური კომპეტენციაა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების/განჩინების შემოწმება სამართლებრივი თვალსაზრისით. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით, ლენტეხის რაიონის ჩოლურის მეცხოველეობის ს/ მეურნეობის 1977 წლის გეგმისა და წარმოდგენილი ნახაზების (მიწის ნაკვეთის ‘’...ის’’) ურთიერთშედარებისას დადგინდა, რომ აზომვითი ნახაზებით მოცემული მიწის ნაკვეთები არ შედის ლენტეხის რაიონის ჩოლურის მეცხოველეობის ს/ მეურნეობის 1977 წლის გეგმაში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ აუქმებს კანონიერ ძალაში მყოფ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას (28.02.2000წ. N3/გ/ად-1-კ). წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ მოდის წინააღმდეგობაში კანონიერ ძალაში მყოფ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.02.2000წ. გადაწყვეტილებასთან, ვინაიდან ასახავს მხოლოდ 1977 წლის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა სცილდება კერძო საჩივრის საგანს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე (საქმის არაკანონიერი შემადგენლობის მიერ განხილვის საფუძვლით). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული მოსამართლის აცილების ინსტიტუტი მხარეს შესაძლებლობას აძლევს საქმის განხილვიდან მოითხოვოს იმ მოსამართლის ჩამოშორება, რომლის მიმართაც არსებობს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტაციას, რომ მათ მოგვიანებით, მიკერძოების აშკარა საფუძვლების გამოვლენის შემდეგ მიეცათ მოსამართლის ხ. ხ-ის აცილების საკითხის დასმის შესაძლებლობა, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორთა წარმოდგენილი განცხადება (12.03.2021 წ, საქმეზე N3ბ-53-2021) მოსამართლის აცილების თაობაზე დაყენებულია სხვა ადმინისტრაციულ საქმეზე, რომლის შემოწმების შესაძლებლობაც მოცემული დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება - შედეგზე ორიენტირებული უფლებაა. იგი მთლიანად პირის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზანს ემსახურება. პირი კეთილსინდისიერად უნდა იყენებდეს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას. მართლმსაჯულება არის იურისდიქციული საქმიანობის სახე, რომელიც ეხება დავის გადაწყვეტას, კონფლიქტის გადაჭრას, დარღვეული უფლების აღდგენას ან კანონიერი ინეტერესის დაცვას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს უფლებადამცავი ინტერესის გამოკვეთა. განსახილველი დავის ფარგლებში აღარ არსებობს რაიმე სასარჩელო მოთხოვნა, რომელზეც ადმინისტრაციული წარმოება უნდა გაგრძელდეს, ხოლო ზიანის ანაზღაურების დაკისრება ცალკე სამოქალაქო დავის საგანია. ვინაიდან დროებითი განჩინება, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების გარანტიას, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დროებითი განჩინების გამოყენება არარელევანტურია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წინამძღვრებს, რის გამოც წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2020წ. განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 31-ე და სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ., გ., ბ., გ. გ-ების და ნ. ბ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2020წ. განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
მ. ვაჩაძე