საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-487(კ-21) 11 ივნისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე; ალექსანდრე წულაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა რ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინებაზე.
2021 წლის 01 მარტს რ. ჩ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - მ. გ-ის მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 02 მარტის განჩინებით მოსარჩელე რ. ჩ-ს სარჩელს დაუდგინდა ხარვეზი და მოსარჩელეს განესაზღვრა 05 დღის ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. ამავე განჩინებით მოსარჩელეს განემარტა, რომ თუ იგი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 მარტის განჩნებით რ. ჩ-ს უარი ეთქვა მის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. ჩ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით რ. ჩ-ს კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. რ. ჩ-ს დაევალა სასამართლოსთვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის, 50 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით რ. ჩ-ს განემარტა, რომ ხარვეზის, დადგენილ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი აღარ მიიღებოდა და დარჩებოდა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით რ. ჩ-ს კერძო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველი. ამასთან, ამავე განჩინებით რ. ჩ-ს განემარტა, რომ აღნიშნული განჩინება აღარ საჩივრდებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ჩ-მ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ჩ-ს საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრით საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, კერძო საჩივრით კი, გასაჩივრება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპროცესო კანონმდებლობა პირდაპირ მიუთითებს ასეთი გასაჩივრების შესაძლებლობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე რ. ჩ- საკასაციო წესით სადავოდ ხდის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის განჩინებას.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 მარტის განჩინებით რ. ჩ-ს უარი ეთქვა მის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მოსარჩელისათვის მისი დაბრუნების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 მარტის განჩინება რ. ჩ-მ გაასაჩივრა კერძო საჩივრით. რ. ჩ-ს კერძო საჩივარზე სააპელაციო პალატის მიერ დადგინდა ხარვეზი, თუმცა, მან ვერ უზრუნველყო დადგენილი ხარვეზის გამოსწორება, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით რ. ჩ-ს კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. ამასთან, რ. ჩ-ს განემარტა, რომ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება აღარ საჩივრდებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივართან დაკავშირებით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა და აღარ საჩივრდება. შესაბამისად, რ. ჩ-ს მიერ წარმოდგენილია საკასაციო საჩივარი განჩინებაზე, რომლის დამატებითი გასაჩივრების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რის შესახებაც მხარეს ასევე განემარტა გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე, დაუშვებლობის გამო, უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე