Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1359(კს-20) 7 ივნისი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ზ. წ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობა

მესამე პირები - ქ. ჰ. ზ-ი, ლ. ს-ე

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინება

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. წ-ემ 2018 წლის 17 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა: ე. წ. მთაწმინდის რაიონის აღმასკომის 05.09.1990 წლით დათარიღებული №2744 „გადაწყვეტილების“, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 27.02.2002 წელს გამოცემული №... ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ქ. თბილისში, ...ის დასახლების ... სახლთმფლობელობის იმ ფართებისა და ნაგებობათა კანონიერად რეგისტრაციის, რომლებზეც არ არსებობს კანონით სავალდებულო ექსპლოატაციაში მიღების აქტები და დარღვეულია პროექტი, მიწის მართვის დეპარტამენტის საჯარო რეესტრის 29.02.2002 წლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილების, მიწის მართვის დეპარტამენტის საჯარო რეესტრის 30.06.2004 წლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის - №... გადაწყვეტილების არარად აღიარება და მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დავალდებულება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით ძალადაკარგულად გამოაცხადოს ქალაქ თბილისში, ...ის დასახლების ... სახლთმფლობელობის არსებული მონაცემები შენობათა სართულიანობის, ფართების და საზიარო მიწის ნაკვეთის ფართის ოდენობის შესახებ, ასევე, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ. წ-ის საკუთრებად წინასწარი რეგისტრაციის წესით მთელი სახლთმფლობელობის აღრიცხვაზე დასაზუსტებელი სარეგისტრაციო მონაცემებით. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.01.2007 წლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 28.12.2011 წლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დავალდებულება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით ზ. წ-ის საკუთრებად აღრიცხოს 06.09.2013 წლის №... ამონაწერში მითითებული „უფლების დამდგენი დოკუმენტის“ გარეშე არსებული შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალი სათანადო საკადასტრო რუკის და საკადასტრო გეგმის გამზადება-რეგისტრაციით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზ. წ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით ზ. წ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 9 აპრილიდან - გადაწყვეტილების მხარისთვის ჩაბარების მომენტიდან და ამოიწურა 2020 წლის 22 აპრილს. სააპელაციო საჩივარი კი ზ. წ-ის წარმომადგენელმა - დ. ა-ემ სასამართლოში წარადგინა 2020 წლის 27 აპრილს, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით მხარეს განემარტა მისი გასაჩივრების წესი და ვადა, თუმცა მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი კანონით განსაზღვრული გასაჩივრების ვადის დარღვევით წარადგინა, რომლის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება. შესაბამისად, ზ. წ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 იქტომბრის განჩინება ზ. წ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

კერძო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალიწინა საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 23 მარტის №1 ბრძანებულება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, აგრეთვე მოსარჩელის წარმომადგენლის - დ. ა-ის თვითიზოლაციაში ყოფნის ფაქტი, რის გამოც კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა გაცდენილი ვადის საპატიოდ მიჩნევა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის განხილვის დავალება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. წ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად კი, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის, კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენის გამო, განუხილველად დატოვების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით იმპერატიულად არის დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა და რაიმე გამონაკლისი მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით არ არსებობს. სწორედ ამიტომ, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ კრიტერიუმს მისი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეტანა წარმოადგენს. მოცემული ვალდებულების დარღვევა კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლოს უალტერნატივოდ ავალებს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გამოცემას. ამასთანავე, საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებისა და გასაჩივრების ვადის დაცულობის საკითხის გამოკვლევისას ზუსტად უნდა განისაზღვროს საჩივრის წარდგენის ვადის ათვლის დაწყების მომენტი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, საპროცესო ვადის დენა იწყება მხარისთვის გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან. მხარისთვის გზავნილის ოფიციალური გაცნობის წესები მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ამასთანავე, კანონმდებლობა არ განსაზღვრავს გზავნილის მხოლოდ უშუალოდ ადრესატისთვის ჩაბარების მოვალეობას, არამედ კონკრეტული წინაპირობების არსებობისას, გზავნილი შესაძლებელია, ჩაბარდეს სხვა სუბიექტსაც და მაინც ჩაითვალოს ჩაბარებულად. მათ შორის, დასახელებული კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილიდან გამომდინარე, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.

ასევე მნიშვნელოვანია დასახელებული კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ. წ-ის წარმომადგენელს - დ. ა-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და პირადად ჩაბარდა 2020 წლის 8 აპრილს. ამრიგად, 2020 წლის 9 აპრილიდან დაიწყო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა და დასრულდა იმავე წლის 22 აპრილს (ხუთშაბათს). შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენა ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნა მხარეს უნდა უზრუნველეყო 2020 წლის 22 აპრილის 24:00 საათამდე, თუმცა სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2020 წლის 27 აპრილს (სამშაბათს), გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მითითებას ქვეყანაში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე საჩივრის წარდგენის შეუძლებლობის შესახებ, საკასაციო პალატა მიუთითებს, საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 და 21 აპრილის №2 ბრძანებების საფუძველზე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტით განისაზღვრა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები. მითითებული დეკრეტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები“. შედეგად, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში - 2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შეიზღუდა პირთა კონსტიტუციით გარანტირებული ცალკეული უფლებები, თუმცა საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არ ყოფილა გამოცხადებული უქმე დღეები, სასამართლოს კანცელარიას არ შეუწყვეტია მუშაობა და სასამართლოში შესაძლებელი იყო საჩივრის წარდგენა. რაც შეეხება თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვას, გარდა იმისა, რომ 06:00 საათიდან 21:00 საათამდე შეზღუდული არ იყო სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა და მხარეს შეეძლო თავისუფლად გადაადგილება კონკრეტული ქმედებების განხორციელების მიზნით (გამონაკლისის სახით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სრულად იყო აკრძალული მხოლოდ 2020 წლის 17 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით, ხოლო საჩივრის წარდგენის ვადა დაიწყო 2020 წლის 9 აპრილიდან და გავიდა იმავე წლის 22 აპრილს 24:00 საათზე), პირი უფლებამოსილი იყო, საფოსტო გზავნილით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მაინც მიემართა სასამართლოსთვის და წარედგინა სააპელაციო საჩივარი. ამდენად, აპელანტს ჰქონდა სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად გასაჩივრების რეალური შესაძლებლობა. ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, დაწესებული შეზღუდვების ხასიათისა და მასშტაბების გათვალისწინებით, საჩივრის დროულად წარმოდგენას არ გამორიცხავდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით მიიღო გასაჩივრებული განჩინება, აპელანტის მიერ კანონით დადგენილი ვადის დარღვევა ქმნიდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უპირობო საფუძველს. შესაბამისად, ზ. წ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. წ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე