საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-137(კ-21) 7 ივნისი, 2021 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. გ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ნ. გ-მა 2019 წლის 16 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 24 სექტემბრის №MOD ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, ნ. გ-ის წელთა ნამსახურობის გაანგარიშების შესახებ (1992 წლის 21 აპრილიდან 2009 წლის 13 ივლისამდე პერიოდში ნამსახურები 17 წლის, 2 თვისა და 22 დღის თაობაზე) მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 24 სექტემბრის №MOD ... გადაწყვეტილება; მოპასუხეს მოსარჩელე ნ. გ-ის წელთა ნამსახურობის გაანგარიშების (1992 წლის 21 აპრილიდან 2009 წლის 13 ივლისამდე პერიოდში ნამსახურები 17 წლის, 2 თვისა და 22 დღის) თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სამხედრო მოსამსახურისთვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების პირობებს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობა. ნ. გ-ს ნამსახურობაში ჩაეთვალა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახური 1993 წლის 2 აგვისტოდან 1997 წლის 31 ოქტომბრამდე და 2005 წლის 1 მარტიდან 2009 წლის 13 ივლისამდე, ხოლო შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობად არ ჩაეთვალა 1997 წლის 31 ოქტომბრიდან 2005 წლის 1 მარტამდე პერიოდი, რადგან „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარები არ შედიოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ვინაიდან ნ. გ-ის საერთო წელთა ნამსახურობა შეადგენდა 20 წელზე ნაკლებს და შეიარაღებულ ძალებში 10 წელზე ნაკლებს, სამინისტრომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის კანონით გათვალისწინებულ პირობებს ვერ აკმაყოფილებდა, რაც ნ. გ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის დაანგარიშებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს ნ. გ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაზე უარის თქმის კანონიერება წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურეთათვის კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები, პირის ნამსახურობის წლების გათვალისწინებით. კერძოდ, დასახელებული კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები, მათ შორის, ოფიცრები. იმავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს იმ ორგანოთა ჩამონათვალს, რომლებში ნამსახურობაც სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველია. კერძოდ, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას მოიპოვებენ საქართველოს სამხედრო ძალებში/თავდაცვის ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში მომსახურე ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაბამისი კომპენსაციის დასანიშნად სამხედრო მოსამსახურე უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, მნიშვნელოვანია, ნამსახურობის წლების საერთო ჯამი, ასევე, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური. წელთა ნამსახურობის გაანგარიშება, რომელზეც არის დამოკიდებული სახელმწიფო კომპენსაციის მიღება, ხდება პირის სამსახურში ჩარიცხვისა და ამორიცხვის ბრძანებებით გათვალისწინებული თარიღების მხედველობაში მიღებით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ნამსახურობის ნუსხითა და შრომის წიგნაკით დასტურდება, რომ ნ. გ-ი 1976 წლის 22 დეკემბრიდან 1992 წლის აპრილამდე მუშაობდა სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში. 1992 წლის 21 აპრილიდან 2005 წლის 15 აპრილამდე უწყვეტად მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარში სხვადასხვა თანამდებობებზე, ხოლო 2005 წლის 1 მარტიდან 2009 წლის 13 ივლისამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ზღვრული ასაკის მიღწევის გამო დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან. აღნიშნული გარემოებების შესაბამისად, ნ. გ-ის შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობა 10 წელს აღემატება, ხოლო მისი შრომის საერთო სტაჟი 20 წელზე მეტს შეადგენს. ამრიგად, ნ. გ-ის მიერ სამხედრო სამსახურის დაწყების პერიოდიდან, მისი სამხედრო სამსახურში ნამსახურობისა და საერთო სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე, მოსარჩელე აკმაყოფილებს სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად აუცილებელ კრიტერიუმებს.
ზემოაღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ მოსარჩელეს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად ეთქვა უარი კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისთვის ნამსახურობის წელთა გაანგარიშებაზე. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე