ბს-992(კს-20) 3 ივნისი, 2021 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე
განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მესამე პირები) - დ. კ-ე, მ. ჯ-ი, მ. ქ-ე, ე. ვ-ე, გ. ბ-ე, მ. თ-ი, ნ. ს-ა, დ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები - ი. ა-ე (მოსარჩელე), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მესამე პირები - სსიპ არქიტექტურის სამსახური, გ. ს-ე, ს. კ-ი, ე. ვ-ი, ზ. მ-ი, კ. ვ-ე, ლ. ტ-ე, მ. დ-ი, მ. ს-ი, ნ. მ-ე, ქ. ხ-ი, ბმა „...“
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.2020წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. ა-ემ 18.08.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 01.08.2017წ. N1-1702 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 22.02.2017წ. N3107812 და 21.03.2017წ. N3153678 ბრძანებების საფუძველზე დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა, მის საკუთრებაში, ქ. თბილისში ...ის ქუჩა N...-ში არსებული სახლის სხვენში ფართის რეკონსტრუქციის თაობაზე. მიღებული ნებართვების საფუძველზე მოსარჩელემ დაიწყო რეკონსტრუქციის პროცესი. 20.04.2017წ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, N19/0117090483-01 ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე, გამოიცა ბრძანება N1-940 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 28.12.2016წ. N3017858, 22.02.2017წ. N3107812 და 21.03.2017წ. N3153678 ბრძანებების მოქმედების შეჩერების თაობაზე საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 01.08.2017წ. N1-1702 ბრძანებით დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 28.12.2016წ. №3017858, 22.02.2017წ. №3107812 და 21.03.2017წ. №3153678 ბრძანებების ბათილად ცნობის შესახებ. მოსარჩელის მოსაზრებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 01.08.2017წ. N1-1702 ბრძანება არის კანონის დარღვევით გამოცემული ადმინისტრაციული აქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.12.2017წ. საოქმო განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაებნენ დ. კ-ე, თ. გ-ე, მ. ჯ-ი, მ. ქ-ე, ე. ვ-ე, გ. ბ-ე, მ. თ-ი და ნ. ს-ა, ხოლო ამავე განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ არქიტექტურის სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.08.2018წ. გადაწყვეტილებით ი. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ა-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.2020წ. საოქმო განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა გ. ს-ე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.2020წ. საოქმო განჩინებით მესამე პირის - თ. გ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა დ. გ-ე.
დ. კ-ის, თ. გ-ის, მ. ჯ-ის, მ. ქ-ის, ე. ვ-ის, გ. ბ-ის, მ. თ-ის და ნ. ს-ას წარმომადგენელმა ი. ა-ემ სააპელაციო სასამართლოს მიმართა გასხვისებული ქონების ნაწილში ი. ანთაძის უფლებამონაცვლედ გ. ს-ის ცნობის და საქმეში აპელანტად (მოსარჩელედ) ჩართვის შუამდგომლობით. შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნა, რომ ი. ა-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ ... და ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთებზე/ერთეულებზე შეთანხმდა არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. ამჟამად, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი 22.01.2019წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გასხვისებულია ი.ა-ის მიერ და მის ახალ მესაკუთრეს წარმოადგენს გ. ს-ე. სსკ-ის 92-ე მუხლზე მითითებით, შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა გასხვისებული ქონების ნაწილში გ. ს-ის ი. ა-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.2020წ. განჩინებით შუამდგომლობა ი. ანთაძის უფლებამონაცვლედ გ. ს-ის ცნობის და საქმეში ი. ა-სთან ერთად გ. ს-ის აპელანტად (მოსარჩელედ) ჩართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მესამე პირების შუამდგომლობა არის უსაფუძვლო შემდეგ გარემოებათა გამო: სსკ-ის 92-ე მუხლზე მითითებით პალატამ აღნიშნა, რომ შუამდგომლობა მოკლებული იყო სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას, არ შეიცავდა ი. ა-ის უფლებამონაცვლედ გ. ს-ის მიჩნევის კონკრეტულ ფაქტობრივ საფუძვლებსა და მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებზე მითითებას, ადგილი არ ჰქონია სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ურთიერთობიდან ი. ა-ის გასვლის ფაქტს. სასკ-ის მე-16 მუხლის საფუძველზე პალატამ აღნიშნა, რომ გ. ს-ის საქმეში სავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩაბმის საფუძველს წარმოადგენს საჯარო რეესტრში ცალკე უფლების ობიექტად აღრიცხული უძრავი ქონების (ს.კ....) შეძენის შედეგად მოპოვებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ წევრის სტატუსი. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ გ. ს-ე განსახილველ საქმესთან დაკავშირებით არ არის შეზღუდული დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, გაასაჩივროს გადაწყვეტილებები/განჩინებები, განახორციელოს სხვა საპროცესო უფლებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.2020წ. განჩინება გასაჩივრდა დ. კ-ის, თ. გ-ის, მ. ჯ-ის, მ. ქ-ის, ე. ვ-ის, გ. ბ-ის, მ. თ-ის და ნ. ს-ას წარმომადგენლის ი. ა-ის მიერ კერძო საჩივრით. დაზუსტებული კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს უფლებამონაცვლისა და მესამე პირის საპროცესო ინსტიტუტის შინაარსზე და აღნიშნავს, რომ მესამე პირი განსხვავდება მოსარჩელისა და მოპასუხისაგან, იგი არის პროცესის ის მონაწილე, რომელსაც არც სარჩელი აღუძრავს და არც მოპასუხედ დასახელებულა. მესამე პირები თავად არ მიმართავენ სასამართლოს სარჩელით, ისინი არ იწყებენ დავას, არამედ ებმებიან უკვე დაწყებულ დავაში. მესამე პირად მოწვევა პროცესში არ ატარებს ზოგად ხასიათს და მიმართულია არა მოსარჩელის ან მოპასუხის ინტერესების, არამედ უშუალოდ იმ პირის სამართლებრივი ინტერესების დაცვისაკენ, რომელიც მოწვეულია მესამე პირის სტატუსით, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა, თავიდან აიცილოს ის არახელსაყრელი შედეგი, რაც შესაძლებელია დადგეს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. რაც შეეხება საპროცესო უფლებამონაცვლის ინსტიტუტს, იგი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც მატერიალური სამართალურთიერთობის ერთი მონაწილე გადის არსებული ურთიერთობიდან და მის ადგილს სხვა პირი იკავებს. უფლებამონაცვლეობის დროს ხდება არა ურთიერთობის შინაარსის, არამედ ურთიერთობის სუბიექტური შემადგენლობის ცვლილება. უფლებამონაცვლეობის ინსტიტუტი გამოიყენება პროცესის ყველა მონაწილის/მხარის მიმართ, იქნება ეს მოსარჩელე, მოპასუხე, თუ მესამე პირი. უფლებამონაცვლეობის გამოყენების საფუძველი შეიძლება გახდეს სხვადასხვა იურიდიული ფაქტი, ისინი იმდენად მრავალფეროვანია, რომ მის ამომწურავ ჩამონათვალს არც სსკ-ის 92-ე მუხლი იძლევა. უფლებამონაცვლეობის საფუძველი არის პროცესის მონაწილის მიერ საკუთრების გასხვისების ფაქტი. გ. ს-ის მიერ უძრავი ქონების შეძენა განაპირობებს მის ნაწილობრივ უფლებამონაცვლეობას და არა მესამე პირად მისი მიწვევის შესაძლებლობას. გ. ს-ის იურიდიული ინტერესი არ არის პირველადი და დამოუკიდებელი, იგი ნაწარმოებია ი. ა-ის სამართლებრივი ინტერესისგან ნივთის გასხვისების იურიდიული ფაქტის გათვალისწინებით. კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, გ. ს-ის საქმეში მესამე პირად ყოფნა ქმნის დაუშვებლობით საქმის წარმოების შეწყვეტის (სასკ-ის 262 მუხ.) საფუძველს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 01.08.2017წ. N1-1702 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე (გასხვისებული ქონების ნაწილში) მოსარჩელის/აპელანტის იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.2020წ. საოქმო განჩინებით მესამე პირის - თ. გ-ის უფლებამონაცვლედ დ. გ-ის ცნობა და მეორე მხრივ, იმავე საფუძვლით (ფართის გასხვისება), ი. ა-ის უფლებამონაცვლედ გ. ს-ის ცნობის ნაცვლად, მისი საქმეში მესამე პირად ჩართვა არათანმიმდევრული და გაუგებარია, ვინაიდან გასხვისებული საკუთრების ფაქტთან კავშირში საქმეში მოსარჩელის და მესამე პირის ერთდროულად არსებობა სამართლებრივად დაუსაბუთებელია. კერძო საჩივრის ავტორებმა მიუთითეს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების მე-20 მუხლზე, რომელიც მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიაზე სამშენებლოდ განვითარების ინტერესს უკავშირებს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს და შესაბამისად, ადასტურებს უძრავი ქონების (ს.კ....) სამშენებლოდ განვითარების ინტერესით გ. ს-ის აღჭურვას. ვინაიდან ი. ა-ემ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისებისთანავე დაკარგა დამკვეთის სტატუსი და სამშენებლოდ განვითარების უფლება წარმოეშვა ახალ მესაკუთრეს, სადავო აქტის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი შესაძლებელია გ. ს-ის არა მესამე პირად, არამედ მოსარჩელედ ყოფნის შემთხვევაში.
კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.07.2020წ. განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდება წარდგენილი შუამდგომლობა გ. ს-ის (გასხვისებული ქონების ნაწილში) ი. ა-ის (ნაწილობრივ) უფლებამონაცვლედ ცნობისა და ი. ა-ესთან ერთად საქმეში მის მოსარჩელედ/აპელანტად ჩართვის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინებისა და კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მესამე პირების დ. კ-ის, დ. გ-ის, მ. ჯ-ის, მ. ქ-ის, ე. ვ-ის, გ. ბ-ის, მ. თ-ის და ნ. ს-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვ.) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყველა სტადიაზე. ამდენად, სსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში უფლებამონაცვლეობის საფუძველია სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. სსკ-ის 92-ე მუხლში ამომწურავი ჩამონათვალის სახით არ არის განსაზღვრული საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლები, ნორმა აწესებს უფლებამონაცვლეობის ზოგად პრინციპს - სადავო ურთიერთობებიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. საპროცესო უფლებამონაცვლეობა გულისხმობს მხარეებისა და მესამე პირების შეცვლას იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველს ქმნის უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა და ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ იღებს თავის თავზე წინამორბედის უფლებებს და მოვალეობებს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, თუ რამდენად განხორციელდა განსახილველ საქმეში გასხვისებული ქონების ნაწილში ძველი მესაკუთრის იურიდიული ინტერესის ახალ მესაკუთრეზე გადასვლა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის მიხედვით, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ან უნდა გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე, რომლის კანონიერ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან რეალაქტი. დაინტერესებული მხარის ცნების მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ იგი უკავშირდება პირის უფლებას მიიღოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და გამოვიდეს მხარედ სასამართლოში სამართლებრივი დავის განხილვისას. დავა სამართლებრივია, უკეთუ სასამართლოს წინაშე ისმება საკითხი უფლების ან კანონიერი ინტერესის არსებობის შესახებ. ასეთი უფლების არსებობა, ინტერესის კანონით დაცულობის საკითხი სასამართლოს მიერ წყდება საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისად სახეზეა შეცილებითი სარჩელი. აქტის ბათილად ცნობის, ასევე, აქტის გამოცემის მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მხოლოდ იმ პირს, რომლის უფლებასა და ინტერესს აქტი ან/და მისი გამოუცემლობა აყენებს უშუალო და ინდივიდუალურ ზიანს. იურიდიული (პროცესუალური) ინტერესის დაკმაყოფილება არ არის თვითმიზანი, იგი მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურება, პროცესუალური უფლების არსი მატერიალური უფლების გამოვლენაში მდგომარეობს, ამ მიზანს ემსახურება მთელი მტკიცებითი საქმიანობა, აგრეთვე სასამართლოს მიერ მატერიალური სამართლის ნორმების განმარტება. ამასთანავე, სარჩელი დასაშვებად მიიჩნევა ინტერესის არარსებობის ვარაუდის შემთხვევაში. ამდენად, პროცესუალურ ინტერესს და პროცესუალურ უფლებას დამოუკიდებელი მნიშვნელობაც აქვს, იმისდამიუხედავად გააჩნია თუ არა მოსარჩელეს მატერიალური უფლება ან კანონით დაცული ინტერესი. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, მ. ლ-ის ქ. N3-ში (დაზუსტებული ფართობი: 412 კვ.მ., ს.კ....; ს.კ. ...), საკუთრების უფლებით 2016 წლის 08 ივნისიდან აღრიცხული იყო ი. ა-ის სახელზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 01.08.18წ. N1-1702 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 28.12.16წ. N33017858, 22.02.17წ. N3107812 და 21.03.17წ. N3153678 ბრძანებები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტით ბათილად ცნობილი აღმჭურველი აქტებით დაკმაყოფილდა ი. ა-ის განცხადებები, დაკმაყოფილდა ი. ა-ის 06.12.16წ. NAR1461704 განცხადება და შეთანხმდა ქ. თბილისში, მ. ლ-ის ქ. N3-ში, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობაზე მანსარდის დაშენების არქიტექტურული პროექტი, შეთანხმდა მ. ლ-ის ქ. N3-ში თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობაზე მანსარდის დაშენების კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, ი. ა-ის სახელზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა შენობის სხვენის სივრცეში საცხოვრებელი ფართის მოწყობაზე. ამდენად, სადავო აქტით - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 01.08.18წ. N1-1702 ბრძანებით ბათილად ცნობილი აქტების, კერძოდ, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 28.12.2016წ. №3017858, 22.02.17წ. №3107812 და 21.03.17წ. №3153678 ბრძანებების ადრესატი არის ი. ა-ე, მერიის სადავო ბრძანება გულისხმობს არქიტექტურის სამსახურის აქტების გაუქმებას მათი გამოცემის მომენტიდან ანუ ი. ა-ის მიერ ფართის ნაწილის ნებაყოფლობით რეალიზაციის მომენტამდე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვის მფლობელი არის პირი, რომელიც ფლობს შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების უფლებას. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიხედვით, ასეთი პირია ი. ა-ე. მშენებლობის ნებართვა არ არის განმცხადებელზე მიბმული, ის უკავშირდება განზრახულ სამშენებლო საქმიანობას. უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში გაცემული მშენებლობის ნებართვა არ კარგავს ძალას, ნებართვიდან გამომდინარე ვალდებულებები გადადის ახალ მესაკუთრეზე. მშენებლობის ნებართვის მფლობელის შეცვლის შემთხვევაში, ამის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდება მშნებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ასეთ შემთხვევში, შესაბამისი ცვლილება შეიტანება მშენებლობის ნებართვაში (20.07.2018წ. საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი), რასაც სადავო აქტით მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობამდე (01.08.2018წ.) ადგილი არ ჰქონია. ამასთანავე, მერიის სადავო აქტით ბათილად ცნობილი სამშენებლო დოკუმენტაციით გაიცა ერთიანი სანებართვო პირობა, რომლის ცალცალკე განვითარება შეუძლებელია. ობიექტის სამშენებლო განვითარება, დამტკიცებული პროექტის ფარგლებში, შესაძლებელია მხოლოდ ერთიანად, რაც დამატებით ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელე ინარჩუნებს ინტერესს მთლიანად მის სახელზე გაცემული აღმჭურველი აქტის მიმართ და მაშასადამე ის რჩება გასხვისებულ ფართთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილედ. ამდენად, საფუძველს არის მოკლებული კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრება იმაზე, რომ გ. ს-ის საქმეში მესამე პირად ყოფნა ქმნის, გასხვისებული ქონების ნაწილში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 01.08.2017წ. N1-1702 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე დაუშვებლობით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს მოსარჩელის/აპელანტის იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო. ვინაიდან ი. ა-ეს გასხვისებული ქონების ნაწილში არ დაუკარგავს იურიდიული ინტერესი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ გვაქვს სასკ-ის 262 მუხლის მე-5 ნაწილით გათვლისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები. ამასთანავე, სადავო განჩინებით მოხდა უფლებამონაცვლედ ჩართვაზე უარის თქმა, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტა სცილდება განსახილველი კერძო საჩივრის ფარგლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს სასამართლოში მესამე პირების აუცილებელ, სავალდებულო მოწვევას. მოწვევა სავალდებულოა, თუ მოსაწვევი მესამე პირი სადავო სამართლებრივ ურთიერთობაში იმ ხარისხით არის ჩაბმული, რომ მასთან მიმართებაში მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ე.ი. სასამართლო გადაწყვეტილება იმავდროულად ზემოქმედებას ახდენს მესამე პირის უფლებაზე ან ინტერესზე. მესამე პირთა აუცილებელი, სავალდებულო ფორმით ადმინისტრაციულ პროცესში ჩაბმა შესაძლებელია განხორციელდეს სასამართლოს ინიციატივით, თავად დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან ერთ-ერთი მხარის ინიციატივით მოტივირებული განცხადების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში გ. ს-ემ 03.07.2020წ. განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქმეში მხარედ ჩართვა, რადგან არის სადავო ქონების ერთ-ერთი მესაკუთრე (ტ.2, ს.ფ. 89). სააპელაციო პალატის 17.06.2020წ. განჩინებით გ. ს-ე სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე ჩაება საქმეში მესამე პირად. გ. ს-ის უფლებამონაცვლედ ჩაბმა უკავშირდება სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმის გაუქმებას მაშინ, როდესაც სასკ-ის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სავალდებულო, აუცილებელი ფორმით საქმეში მესამე პირის ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინება არ საჩივრდება, მე-2 ნაწილთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ პირის მიერ, რომელიც ჩაბმულ იქნა საქმეში. მესამე პირების მოწვევის სავალდებულო ხასიათი სახეზეა მაშინ, როდესაც მესამე პირი დაინტერესებულია პროცესის შედეგით და ამავდროულად იგი თავად არის გასაჩივრებული სამართლებრივი აქტის ადრესატი. საქმის მასალებით დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონების ნაწილზე გ. ს-ის მესაკუთრედ ყოფნა, რაც ქმნის მისი პროცესის შედეგით დაინტერესების საფუძველს. ამასთანავე, ... საკადასტრო კოდის მქონე გასხვისებული უძრავი ქონების ნაწილში ი. ა-ე კვლავ წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 01.08.2017წ. N1-1702 ბრძანებით გაუქმებული აქტების, მშენებლობის ნებართვის და სანებართვო მოწმობის ადრესატს. ამდენად, მოცემულმა უფლებამონაცვლეობამ გამოიწვია არა ინტერესთა ერთი პირიდან მეორე პირზე გადასვლა და შესაბამისად, საპროცესო ჩანაცვლება, არამედ ძველ მესაკუთრესთან ერთად ახალი მესაკუთრის იურიდიული დაინტერესებაც, ანუ სამართალწარმოებაში სხვა პირთა დამატებითი ჩაბმის საჭიროების წარმოშობა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. ა-ის იურიდიული ინტერესი გასხვისებული ქონების ნაწილში არ დაუკარგავს, მოცემულ დავაში ადგილი ჰქონდა არა საპროცესო უფლებამონაცვლეობას, სამართალწარმოებაში ერთი პირის მეორით ჩანაცვლებას, არამედ პროცესში სხვა პირის მონაწილეობის საჭიროების გათვალისწინებით, დამატებით მესამე პირად მის ჩაბმას.
უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორთა მითითება იმაზე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 01.08.2017წ. N1-1702 ბრძანების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის განხილვის საკითხი სასამართლოში მიიღწევა გ. ს-ის არა მესამე პირად, არამედ მოსარჩელედ ყოფნის შემთხვევაში. ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა განასხვავებს მარტივი და სავალდებულო მოწვევის მესამე პირებს. პროცესში მესამე პირად მოწვევა არ ატარებს ზოგად ხასიათს და მიმართულია არა მოსარჩელის ან მოპასუხის ინტერესების, არამედ უშუალოდ იმ პირის სამართლებრივი ინტერესების დაცვისაკენ, რომელიც მოწვეულია მესამე პირის სტატუსით, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა თავიდან აიცილოს ის არახელსაყრელი ზემოქმედება, რაც შესაძლოა დადგეს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ პირისათვის აღნიშნული პროცესუალური სტატუსის მინიჭება შესაძლოა მხოლოდ იმ პირობებში, თუ ის არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. საკასაციო პალატა მიუთითებს სასკ-ის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა მოვალეობა. ამ დათქმიდან გამომდინარე, სავალდებულო მოწვევის მესამე პირი თავისი საპროცესო უფლებებით უთანაბრდება მხარეს. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მესამე პირთა საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმული მესამე პირები უფრო შეზღუდული უფლებებით სარგებლობენ, ვიდრე სავალდებულო ფორმით ჩაბმული მესამე პირები. კანონმდებელი ამ უკანასკნელთა საპროცესო უფლებებს მხარეთა ზოგად უფლებებს უთანაბრებს. ადმინისტრაციულ პროცესში მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირი გაერთიანებულია ერთი ტერმინით - მხარეები ადმინისტრაციულ პროცესში, სწორედ ეს თავისებურება ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მხარეთა საპროცესო უფლებებით ადმინისტრაციულ პროცესში შეიძლება სარგებლობდეს როგორც მოსარჩელე და მოპასუხე, ასევე პროცესში აუცილებელი, სავალდებულო ფორმით ჩაბმული მესამე პირი. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სავალდებულო მოწვევის მესამე პირის სამართლებრივი პოზიცია უფრო მეტადაა დაახლოებული მთავარი მონაწილეების (მოსარჩელე ან მოპასუხე) სამართლებრივ პოზიციასთან. აღნიშნული გულისხმობს ადმინისტრაციულ პროცესში სავალდებულო, აუცილებელი ფორმით ჩაბმული მესამე პირის უფლებას წარადგინოს დამოუკიდებელი სარჩელი, გაზარდოს ან შეამციროს თავისი სასარჩელო მოთხოვნა, მორიგდეს, უარი თქვას თავის სარჩელზე, ცნოს სასარჩელო მოთხოვნა, დამოუკიდებლად გაასაჩივროს სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება და სხვ. (სავალდებულო მესამე პირის მხარესთან გათანაბრების მიუხედავად, მესამე პირი მხარის მთლად ყველა საპროცესო უფლებით ვერ სარგებლობს, მაგ. ზოგიერთი უფლება (სარჩელზე უარი, სასარჩელო მოთხოვნის გაზრდა ან შემცირება), მოსარჩელის ექსკლუზიურ უფლებათა რიგს განეკუთვნება). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 01.08.2017წ. N1-1702 ბრძანების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის განხილვა შესაძლებელია გ. ს-ის საქმეში მესამე პირად ყოფნის შემთხვევაში ისე, რომ იგი ისარგებლებს მოსარჩელის ყველა უფლებით და სრულყოფილად შეძლებს მისი, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრის ინტერესების დაცვას. ამდენად, არსებობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.2020წ. განჩინებით გ. ს-ის საქმეში მესამე პირად ჩართვის საჭიროება. აღნიშნულის საფუძველს წარმოდგენს არა მხოლოდ მისი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ წევრობა, არამედ, აგრეთვე, ქ. თბილისში მიტროფანე ლ-ის ქუჩა N3-ში არსებული ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების მესაკუთრედ ყოფნა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო პალატის 08.07.2020წ. სხდომაზე მესამე პირების წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე თ. გ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა დ.გ-ე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ამხანაგობის ბმა „...-ის“ ერთერთმა წევრმა თ. გ-ემ გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული ფართი დ. გ-ეზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თ. გ-ე გავიდა სამართლებრივი ურთიერთობიდან და მისი ადგილი დაიკავა დ. გ-ემ, რის გამოც დ. გ-ე ცნობილ იქნა თ. გ-ის უფლებამონაცვლედ. კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის კერძო საჩივრის ავტორთა მითითება იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.2020წ. საოქმო განჩინებით მესამე პირის - თ. გ-ის უფლებამონაცვლედ დ. გ-ე იქნა ცნობილი. კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ იმავე საფუძვლით (ფართის გასხვისება) მოსარჩელის - ი. ა-ის უფლებამონაცვლედ გ. ს-ის ცნობის ნაცვლად, მისი საქმეში მესამე პირად ჩაბმა არათანმიმდევრული და გაუგებარია, ვინაიდან გასხვისებული საკუთრების ფაქტთან მოსარჩელის და მესამე პირის ერთდროულად კავშირის არსებობა სამართლებრივად დაუსაბუთებელია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მესამე პირთა ინსტიტუტის მიზანს სამართლებრივი ინტერესების დაცვა, საქმის ყოველმხრივი განხილვა, ადმინისტრაციული პროცესის ეკონომიურობის შენარჩუნება და სამართლებრივი უზრუნველყოფა წარმოადგენს. ადმინისტრაციული პროცესის ეკონომიურობა მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტთან მიმართებაში გამოიხატება იმით, რომ ერთი სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრება რამდენიმე ურთიერთობის შინაარსი, მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც რამდენიმე ურთიერთობის შინაარსს განსაზღვრავს, პრეიუდიციული დანიშნულება აქვს. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირის აუცილებელი, სავალდებულო ფორმით ჩაბმისას სახეზეა მესამე პირთა როგორც სამართლებრივ ინტერესზე ზემოქმედება სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე მათთვის გარკვეული უფლებებისა და მოვალეობების დაკისრება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში სავალდებულო მოწვევის მესამე პირის ჩაბმისაგან განსხვავებით, სასამართლო შეზღუდულია პირის საქმეში მოსარჩელედ ჩართვასთან მიმართებით, ვინაიდან აღნიშნულზე უფლება, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, თავად მოსარჩელეს ეკუთვნის. კერძო საჩივრის ავტორთა მითითება ხსენებული ორი შემთხვევის ერთი და იმავე საფუძვლიდან მომდინარეობის შესახებ მოკლებულია საფუძველს, ვინაიდან პირველ შემთხვევაში, თ. გ-ემ საკუთრებაში არსებული ფართის გასხვისებით დაკარგა სადავო გარემოებების მიმართ უშუალო, არააბსტრაქტული, კანონით დაცული, პატივსადები ინტერესი და აღნიშნული სრულად გადაეცა ქონების ახალ მესაკუთრეს - დ. გ-ეს, ამდენად სახეზე გვაქვს ინტერესთა ერთი პირიდან (თ. გ-იდან) მეორე პირზე (დ. გ-ეზე) გადასვლა რაც, სწორედ, უფლებამონაცვლეობის საფუძველია. აღნიშნული განსხვავდება მეორე შემთხვევისგან, რა დროსაც ძველ მესაკუთრეს (ი. ა-ეს) ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს გასხვისებული ქონების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების იურიდიული ინტერესი, ვინაიდან ის კვლავინდებურად რჩება მშენებლობის ნებართვის ადრესატად, მშენებლობის ნებართვის გაუქმებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისთვის დამატებითი ვალდებულების დაკისრება. საკასაციო პალატა აღნიშნავს აგრეთვე, რომ საქმეში სავალდებულო მოწვევის მესამე პირის ჩაბმისაგან განსხვავებით, სასამართლო შეზღუდულია პირის საქმეში მოსარჩელედ ჩართვასთან მიმართებით, ვინაიდან სარჩელზე უფლება, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, თავად მოსარჩელეს ეკუთვნის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ელემენტების მიუხედავად, თავად სარჩელზე უფლება დისპოზიციური ბუნებისაა. მატერიალური თვალსაზრისით სარჩელზე უფლება არის სარჩელის წარმდგენი პირის უფლება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. პროცედურული თვალსაზრისით სარჩელზე უფლება - არის მოსარჩელის უფლება მიმართოს სასამართლოს სასარჩელო განცხადებით დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით (სუს 09.03.2017წ. განჩინება Nბს-752-744(კს-16)). ამდენად, ნებისმიერ შემთხვევაში სარჩელზე უფლების გამოყენებას პირი თავად წყვეტს, დისპოზიციურობის პრინციპი გამორიცხავს პირის საქმეში მოსარჩელის სტატუსით ჩართვას პროცესის სხვა მონაწილის შუამდგომლობის საფუძველზე ან/და სასამართლოს ინიციატივით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მესამე პირების დ. კ-ის, დ. გ-ის, მ. ჯ-ის, მ. ქ-ის, ე. ვ-ის, გ. ბ-ის, მ. თ-ის და ნ. ს-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-16 და 262 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. კ-ის, მ. ჯ-ის, მ. ქ-ის, ე. ვ-ის, გ. ბ-ის, მ. თ-ის, ნ. ს-ას, დ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.2020წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
მ. ვაჩაძე