Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-571(კ-20) 14 ივნისი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ნ. რ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო; კერძო აღმასრულებელი - ნ. კ-ა

მესამე პირები - ლ. ნ-ა; ლ. ხ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების უკანონოდ ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 29 სექტემბერს ნ. რ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და კერძო აღმასრულებლის - ნ. კ-ას მიმართ. მოსარჩელემ, სარჩელის დაზუსტების შედეგად, მოითხოვა ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ კერძო აღმასრულებლის ნ. კ-ას 2015 წლის 8 მაისის აქტისა და სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ 2015 წლის 28 მაისის განაცხადის, ასევე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 23 ივლისის №A15015895-014/001 განკარგულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 აპრილის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა - ლ. ხ-ე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე - ლ. ნ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. რ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 იანვრის განჩინებით ნ. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. რ-მა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. რ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი და დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა (სადაც მითითებული იქნებოდა გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები) და სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ან იმ უტყუარი მტკიცებულებების საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა, რომელიც საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას დაადასტურებდა.

2020 წლის 22 სექტემბერს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და დადგენილი ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის ორი თვით გაგრძელება მოითხოვა იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივრის დასაზუსტებლად იგი საჭიროებდა საქმის გაცნობას, რისთვისაც სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა - 7 დღე საკმარისი არ იყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ნ. რ-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 14 დღით.

2021 წლის 18 იანვარს ნ. რ-მა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს. მხარემ განცხადებას დაურთო მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსებულად მიჩნევა მოითხოვა. ამასთან, კასატორმა, დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენის მიზნით, საქმის მასალების გაცნობა მოითხოვა.

ნ. რ-ის 2021 წლის 18 იანვრის განცხადების დაზუსტების მიზნით, სასამართლომ არაერთხელ სცადა კასატორთან ტელეფონის საშუალებით დაკავშირება, თუმცა აღნიშნული ვერ მოხერხდა, რადგან ადრესატმა სატელეფონო ზარს არცერთხელ უპასუხა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით ნ. რ-ს დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად გაუგრძელდა საპროცესო ვადა 7 დღით. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებით დასტურდება ნ. რ-ის მხრიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაცნობის ფაქტი, საკასაციო სასამართლომ მხარეს, საქმეში მითითებულ მისამართზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებასთან ერთად ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ასლები გაუგზავნა, რათა კასატორს ჰქონოდა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძვლების, ფაქტობრივ-სამართლებრივი უსწორობის ან საპროცესო ნორმების დარღვევის მითითების რეალური შესაძლებლობა. ზემოაღნიშნული დოკუმენტების შემცველი გზავნილი კასატორს - ნ. რ-ს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ორჯერ, თუმცა გზავნილის მისთვის ჩაბარება ვერცერთხელ მოხერხდა (ადრესატის მისამართზე არყოფნის გამო). ამასთან, ფოსტის თანამშრომელმა შეტყობინების ბარათებზე მიუთითა, რომ ადრესატი ტელეფონს არ პასუხობდა. ამრიგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის განჩინებით კასატორს საჯარო შეტყობინების გავრცელების გზით ეცნობა მისთვის საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ. საჯარო შეტყობინების გავრცელების შესახებ განჩინებით განიმარტა, რომ განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად მიიჩნეოდა სასამართლო შეტყობინების ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს. ხსენებული განჩინება საქართველოს სასამართლოების საქმისწარმოების სისტემის ვებგვერდზე (www.ecd.court.ge) განთავსდა 2021 წლის 28 აპრილს.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორის - ნ. რ-ისთვის საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინება ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს 2021 წლის 13 მაისს (უქმე დღეების გათვალისწინებით). შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2021 წლის 14 მაისიდან დაიწყო და 2021 წლის 21 მაისს (პარასკევს) ამოიწურა. კასატორმა ხარვეზი ამ ვადაში არ გამოასწორა და მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რაც ნ. რ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. რ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. ნ. რ-ს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 4 იანვარს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე