Facebook Twitter

ბს-544(2კ-20) 04 ივნისი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ი. ა-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.01.2020წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ა-ამ 14.01.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 08.10.2018წ. N01/7009 წერილის ბათილად ცნობა და ი. ა-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.03.2019წ. განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირებად ლ. ა-ას, ე. კ-ის, ლ. კ-ისა და ს. მ-ის ჩართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ამავე განჩინებით დაზუსტდა მოპასუხე მხარე და მოპასუხედ დასახელდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.05.2019წ. გადაწყვეტილებით ი. ა-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უარი ი. ა-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი. ა-ას ოჯახთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ი. ა-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.01.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 17.03.2017წ. N23 ოქმზე, რომლის მიხედვით, ქ. ზუგდიდში, ...ის ქ.N...-ში მდებარე, ყოფილი „...ის“ N1 და N2 შენობა არის ნგრევადი და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი. ამავე ოქმში მითითებულია, რომ ი. ა-ა და მისი ოჯახის წევრები არ ცხოვრობენ ზემოაღნიშნულ მისამართზე. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ მიუთითა ფ. ჯ-ა და თ. ა-ას 18.04.2019წ. ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებებზე, რომლითაც დასტურდება, რომ 25.01.2017წ. ოქმში აღნიშნული ათი ოჯახის გარდა, ყოფილი „...ის“ შენობაში დღემდე მუდმივად ცხოვრობენ მ. ა-ასა და ი. ა-ას ოჯახები. პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ელოექტროენერგიის საფასურის გადახდების შესახებ სს „ე...ას“ ცნობაზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცდა „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმა“ - დანართი N9. სადავო შემთხვევაში კი ასეთი მონიტორინგის განხორციელების დამადასტურებელი და შედგენის ამსახველი ფორმა არ მოიპოვება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დაადგინა და არ შეისწავლა მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები აღნიშნული გარემოების სასამართლოს მიერ ცალსახად დადგენის შესაძლებლობას არ იძლეოდა. შესაბამისად პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა საკითხი სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.01.2020წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არ დაკმაყოფილდა ასევე ი. ა-ას შეგებებული სააპელაციო საჩივარი. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და ი. ა-ამ.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესწავლილი და გამოკვლეული იქნა ი. ა-ას ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და მიუთითებს 25.01.2017წ. დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების ოქმებზე, სადაც ჩამოთვლილია ქ. ზუგდიდში, ...ის ქ.N...-ში სამსართულიან და ორსართულიან სახლებში მუდმივად მცხოვრები დევნილი ოჯახების სია, რომელშიც არ არის მითითებული ი. ა-ას ოჯახი. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მოსარჩელე - ი. ა-ამ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებულ განაცხადში ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართად მიუთითა ქ. თბილისი, ... ქ.N..., ხოლო 17.11.2016წ. განაცხადში - ქ. თბილისი, გლდანის მე-4 მ/რ. კასატორის აზრით, აღნიშნული ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ი. ა-ას ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არ ყოფილა ქ. ზუგდიდში მდებარე ყოფილი „...ის“ შენობა.

ი. ა-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ყოფილი „...ის“ შენობა, სადაც მოსარჩელე ცხოვრობს, არის ავარიული და სიცოცხლისთვის საშიში, რომელიც დადასტურებულია უკვე საქმეში წარმოდგენილი მასალებით. მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მიხედვით, კომისია უფლებამოსილია კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად ან/და საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში. ი. ა-ა აღნიშნავს, რომ სასამართლომ მართალია, ასახა ფაქტობრივ გარემოებებში, მაგრამ შეფასების გარეშე დატოვა ელექტროენერგიის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები და მოწმეთა ჩვენებები. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მონიტორინგი არ განხორციელებულა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ი. ა-ას საკასაციო საჩივარები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელისათვის მუდმივი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით მოპასუხის სადავო წერილი ეფუძნება მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 17.03.2017წ. შედგენილ N23 ოქმს. საქმეში არ მოიპოვება სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმა“, რომლითაც დადასტურდება უშუალოდ მოსარჩელის მუდმივად ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ფაქტი. საქმეში წარმოდგენილი დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის სამსახურებრივი ბარათით დგინდება, რომ ი. ა-ას ოჯახთან მიმართებაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ არ გამოცემულა. ამასთანავე, საქმეში დაცულია სს „ე...ას“ ცნობა მოსარჩელის ოჯახის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადახდების თაობაზე 2018 წლის 1 მაისიდან. საქმის მასალებში დაცულ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონულ ფორმასა და 17.11.2016წ. განცხადებაში, რომლითაც ი. ა-ა მოითხოვს მის მიერ შევსებულ განაცხადში მეუღლისა და შვილის ჩამატებას, განმცხადებლის მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, მე-... მ/რ, კორპ. ..., ბინა ..., ხოლო განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის N1.1 დანართში - ქ. თბილისი, ... ქ.N..., რაც აგრეთვე შეფასებას საჭიროებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და ი. ა-ას საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ი. ა-ას საკასაციო საჩივარები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.01.2020წ. განჩინება

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე