Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 299-აპ 28 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),

დ. სულაქველიძე,

მ. გოგელია

განიხილა დაზარალებულ ს. პ-ის საკასაცი საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004წ. 2 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 ივლისის განაჩენით ს. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ს. გ-ეს დაზარალებულ ს. პ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2750 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

განაჩენით დადგენილ იქნა შემდეგი გარემოებები:

2003წ. 21 დეკემბერს ს. გ-ძე ლ. ს-სა და ს. პ-ვს დაჰპირდა, რომ 6127,5 ლარად მათ აყიდინებდა ქ. ბათუმში, --- მდებარე ც. მ-ის ერთოთახიან საცხოვრებელ ბინას. ს. გ-ემ მოტყუებით ლ. ს-სა და ს. პ-ვს გამოართვა ს. პ-ის კუთვნილი დასახელებული თანხა. მან ეს თანხა მიითვისა და მიიმალა, იგი დაკავებულ იქნა 2004წ. 12 თებერვალს.

საკასაციო საჩივრით დაზარალებული ს. პ-ვი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებას იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულთან ერთად მისი თანხა ასევე მიითვისა ლ. ს-ამ.

სასამართლო სხდომაზე კასატორმა დააზუსტა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა განაჩენის გაუქმება სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და განმარტა, რომ, მართალია, მსჯავრდებულს მის სასარგებლოდ აქვს დაკისრებული 2750 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, მაგრამ მსჯავრდებულს არაფერი გააჩნია და ის ამ თანხას ვერასოდეს დაუბრუნებს, თვითონ კი დარჩა უბინაოდ და ფაქტობრივად ქუჩაში ცხოვრობს. კასატორის განმარტებით, ვინაიდან მან თანხა გადასცა თავის მეგობარ ლ. ს-ას, ამიტომ ითხოვს, რომ თანხის გადახდა დაეკისროს ლ. ს-ას.

პროკურორმა დ. კ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და განმარტა, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და სწორად მიიჩნია, რომ ვინაიდან თანხა თაღლითური გზით გაიტაცა მსჯავრდებულმა ს. გ-ემ, ამიტომ დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურება სასამართლომ კანონიერად დააკისრა დანაშაულის ჩამდენ პირს, კერძოდ _ ს. გ-ეს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა დაზარალებულ ს. პ-ვს, პროკურორ დ. კ-ლს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაზარალებულ ს. პ-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მან თანხა გადასცა ლ. ს-ს, ამიტომ თანხა მას ლ. ს-ამ უნდა გადაუხადოს და განაჩენით სწორედ მას უნდა დაეკისროს ამ თანხის გადახდა. საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო სარჩელის საფუძვლის მტკიცება და ფასის განსაზღვრა ხდება სისხლის სამართალწარმოების წესით, ხოლო 85-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო მოსარჩელეა პირი, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი ზიანი. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული ს. პ-ვი, კანონის შესაბამისად, ცნობილ იქნა სამოქალაქო მოსარჩელედ იმ საფუძვლით, რომ მას ქონებრივი ზიანი მიადგა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, კერძოდ, სააპელაციო პალატის განაჩენით დადგენილია, რომ დაზარალებულ ს. პ-ვს ქონებრივი ზიანი მიადგა მსჯავრდებულ ს. გ-ის თაღლითური მოქმედებით. საქმის მასალებით, კერძოდ, თვით დაზარალებულ ს. პ-ის, მოწმეების _ ლ. ს-ას, ც. მ-ის და თვით მსჯავრდებულის ჩვენებებით უტყუარად არის დადგენილი ფაქტი იმისა, რომ ლ. ს-ამ ს. პ-ის კუთვნილი თანხა მისივე თანდასწრებით გადასცა მსჯავრდებულ ს. გ-ეს, რომელმაც მოატყუა ისინი და გადაცემული ფული პირადი მიზნებისათვის გამოიყენა. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის ს. გ-ძე მსჯავრდებულ იქნა სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ამდენად, განაჩენით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ქმედება, რითაც ზიანი მიადგა დაზარალებულ ს. პ-ვს, ჩაიდინა ს. გ-ემ. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან დაზარალებულ ს. პ-ვს უშუალოდ ს. გ-ის დანაშაულებრივი ქმედებით მიადგა ქონებრივი ზიანი, რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა სამოქალაქო სარჩელი სწორად განიხილეს სისხლის სამართალწარმოების წესით და მსჯავრდებულ ს. გ-ეს სწორად დააკისრეს დაზარალებულის სასარგებლოდ 2750 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს დაზარალებულ ს. პ-ის საკასაციო საჩივარი და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 ივლისის განაჩენი ს. გ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 ივლისის განაჩენი ს. გ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.