საქმე #ბს-1193(კ-20) 22 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ბ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 6 მარტს თ. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, იგი წარმოადგენდა სოციალურად დაუცველ პირს, 64260 სარეიტინგო ქულით. მან 2018 წლის 13 სექტემბერს #18953 განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 24 სექტემბრის წერილით თ. ბ-ას განესაზღვრა 15-დღიანი ვადა დამატებითი მტკიცებულებების წარსადგენად, თუმცა მოსარჩელემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ წარადგინა დამატებითი მტკიცებულებები. მოსარჩელემ 2018 წლის 20 დეკემბერს განმეორებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და წარადგინა მის ხელთ არსებული მტკიცებულებები, თუმცა 2019 წლის 18 იანვრის წერილით, მას უარი ეთქვა ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე.
ამდენად, მოსარჩელემ თ. ბ-ასთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადების განხილვაზე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2019 წლის 18 იანვრის #SSVA 00000897 წერილობითი უარის ბათილად ცნობა და მოსარჩელის მეუღლის - რ. კ-ას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დადასტურებისა და მისთვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის განჩინებით თ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის #871 ბრძანებით დამტკიცებული „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის მე-6 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლებიც ომში დაღუპულის ოჯახის წევრის კატეგორიის მოწმობის მაძიებლის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამის სამსახურში, კერძოდ, მითითებული მუხლის „თ.ვ.“ ქვეპუნქტის თანახმად, სხვა დოკუმენტების გარდა, ომში დაღუპულის ოჯახის წევრის მოწმობის მაძიებელმა უნდა წარადგინოს გარდაცვლილის ომში მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთი (დედანი და ასლი).
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ თ. ბ-ას მეუღლის - რ. კ-ას საქართველოს შეიარაღებული ძალების რომელიმე ქვედანაყოფში ჩარიცხვის ფაქტი და იგი დაიღუპა 1993 წლის 3 ოქტომბერს, სეპარატისტების მიერ დაქირავებული „ბოევიკების“ მიერ, გენოციდის ნიადაგზე და იგი არ დაღუპულა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შედეგად. შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქმეში წარმოდგენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის 2015 წლის 21 იანვრის ცნობით, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს 2019 წლის 2 სექტემბრის წერილით, მოსარჩელე თ. ბ-ას მეუღლე რ. კ-ა დაიღუპა 1993 წლის 3 ოქტომბერს, სეპარატისტებისა და მათ მიერ დაქირავებული ბოევიკების მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად. ამასთან, იგი შეყვანილია გენოციდის მსხვერპლთა სიაში. სასამართლომ ამ ორი დოკუმენტის შინაარსი გააიგივა ერთმანეთთან, როდესაც ამ დოკუმენტებს შორის არის წინააღმდეგობა. 2015 წლის 21 იანვრის ცნობაში მითითებულია, რომ რ. კ-ა სეპარატისტებისა და მათ მიერ დაქირავებული ბოევიკების მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა 1993 წლის 3 ოქტომბერს. აღნიშნული ცნობის შინაარსიდან დასტურდება, რომ რ. კ-ას სეპარატისტებმა და დაქირავებულმა ბოევიკებმა მიაყენეს ჭრილობა და ის გარდაიცვალა ამ ჭრილობის შედეგად. რაც შეეხება 2019 წლის 2 სექტემბრის წერილს, აღნიშნულ წერილში მითითებულია, რომ რ. კ-ა რიგით #62 შეყვანილია გენოციდის მსხვერპლთა სიაში, ის დახვრიტეს სოფელ ...აში. თუმცა, არც საქმის მასალებით და არც მოწმეთა ჩვენებებით არ იკვეთება თუ რა საფუძვლით იქნა ლიკვიდირებული დაწესებულების მიერ, #49 საარქივო ფონდში, კ-ა რ. გენოციდის მსხვერპლთა სიაში შეყვანილი.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები - ვიცე პოლკოვნიკი თ. გ-ი და რიგითი ჯ. გ-ი, მათ დაადასტურეს, რომ რ. კ-ა იბრძოდა მათთან ერთად, აღწერეს როგორ დაიჭრა, როგორ მიიყვანეს ის საველე ჰოსპიტალში და როგორ გაატარა სამედიცინო ჯურნალში ექიმმა სახელი და გვარი: რ. კ-ა. კასატორი მიიჩნევს, რომ მას ჰქონდა საკმაოდ მყარი მტკიცებულებები, რითაც დასტურდებოდა, რომ რ. კ-ა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა და მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ რ. კ-ა შეყვანილია გენოციდის მსხვერპლთა სიაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ბ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭება, იმ საფუძვლით, რომ მისი მეუღლე - რ. კ-ა 1993 წელს მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში და გარდაიცვალა სეპარატისტებისა და მათ მიერ დაქირავებული ბოევიკების მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს #509 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის“ დანართი #1-ის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ვეტერანის მოწმობა გაიცემა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) ომის მონაწილე; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; გ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; დ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ე) ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირი; ვ) თაცდაცვის ძალების ვეტერანი; ზ) ომში დაღუპულის ოჯახის წევრი; თ) მარჩენალდაკარგული.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის #871 ბრძანებით დამტკიცებული „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის მე-6 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლებიც ომში დაღუპულის ოჯახის წევრის კატეგორიის მოწმობის მაძიებლის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამის სამსახურში, კერძოდ, მითითებული მუხლის „თ.ვ.“ ქვეპუნქტის თანახმად, სხვა დოკუმენტების გარდა, ომში დაღუპულის ოჯახის წევრის მოწმობის მაძიებელმა უნდა წარადგინოს გარდაცვლილის ომში მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთი (დედანი და ასლი).
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ გარემოებებს იმის თაობაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის 2019 წლის 20 თებერვლის #MIA... წერილის მიხედვით, მოსარჩელის მეუღლე - რ. კ-ას პირადი საქმე და საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედ და საარქივო დანაყოფებში დაცული არ არის. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის 2019 წლის 11 ივლისის #MOD ... წერილით ასევე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების საარქივო მასალებში რ. კ-ას 1992-1993 წლებში სამხედრო სამსახურის გავლის ან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა. შესაბამისად, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ არ დასტურდება მოსარჩელის მეუღლის - რ. კ-ას საბრძოლო შენაერთში (დანაყოფში) ჩარიცხვის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით და იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, საბრძოლო დანაყოფში ჩარიცხვის ფაქტი უნდა დადასტურდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების მართვაზე კანონით უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული სათანადო დოკუმენტით, თუმცა საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ ასეთი ფაქტი არ დადასტურებულა. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის 2015 წლის 21 იანვრის ცნობით, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს 2019 წლის 2 სექტემბრის წერილით, მოსარჩელე თ. ბ-ას მეუღლე - რ. კ-ა დაიღუპა 1993 წლის 3 ოქტომბერს, სეპარატისტებისა და მათ მიერ დაქირავებული „ბოევიკების“ მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად, ამასთან იგი შეყვანილია გენოციდის მსხვერპლთა სიაში.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, კასატორი მიუთითებს, რომ მისი მეუღლე მოხალისედ მონაწილეობდა ომში, თუმცა აღნიშნული გარემოება საქმეზე არ დადასტურებულა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ბ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე