Facebook Twitter

საქმე #ბს-1139(კ-20) 22 აპრილი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 19 ოქტომბერს შპს „...ომ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ პაციენტების - ლ. ც-ის, დ. ჭ-ის, მ. ხ-ის, ა. შ-ას, ა. ს-ის, ა. რ-ის და ნ. პ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 16 მაისის #04/30865 გადაწყვეტილებისა და „შპს „...ოს“ 07.07.2017წ. #1054/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ (პაციენტების - ლ. ც-ის, დ. ჭ-ის, მ. ხ-ის, ა. შ-ას, ა. ს-ის, ა. რ-ისა და ნ. პ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის ნაწილში) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 6 ოქტომბრის #04/62913 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „...ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...ომ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 თებერვლის განჩინებით შპს „...ოს“ უფლებამონაცვლედ დაშვებულ იქნა სს „ე...ი“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „...ოს“ უფლებამონაცვლე სს „ე...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „...ოს“ უფლებამონაცვლე სს „ე...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 16 მაისის #04/30865 გადაწყვეტილება პაციენტების - ლ. ც-ის, დ. ჭ-ის, მ. ხ-ის, ა. შ-ას, ა. ს-ის, ა. რ-ისა და ნ. პ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 6 ოქტომბრის #04/62913 გადაწყვეტილება შპს „...ოს“ 07.06.2017წ. #1054/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, პაციენტების - ლ. ც-ის, დ. ჭ-ის, მ. ხ-ის, ა. შ-ას, ა. ს-ის, ა. რ-ისა და ნ. პ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის ნაწილში.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პაციენტების - მ. ხ-ის, ა. შ-ას, ა. ს-ის, ა. რ-ის და ნ. პ-ის მიმართ გაწეული მომსახურება წარმოადგენდა არა გადაუდებელ სტაციონარულს, არამედ გადაუდებელ ამბულატორიულს. სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის, პაციენტების დიაგნოზების, სამედიცინო დაწესებულებაში მათი დარჩენის პერიოდისა (24 საათზე ნაკლები) და გაწერის მიზეზების (პაციენტების მშობლების განცხადებები) მხედველობაში მიღებით, აგრეთვე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პაციენტებს არ გაუგრძელებიათ მკურნალობა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ სახეზე იყო გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების გაწევა, რაც ექვემდებარებოდა ანაზღაურებას.

ამასთან, სააპელაციო პალატის შეფასებით, გადაუდებელ ამბულატორიულ პაციენტზე სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის შევსება არ გარდაქმნიდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებად, ვინაიდან აღნიშნული უნდა დადგენილიყო არა მხოლოდ ბარათით, არამედ გაწეული მომსახურების სპეციფიკით, დროის ხანგრძლივობით და სხვ.

სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ შპს „...ოს“ მიერ პაციენტების - ლ. ც-ისა და დ. ჭ-ისთვის დასმული დიაგნოზი (T63.4. სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიური ეფექტი) საჭიროებდა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. კლინიკის მიერ ჩატარებულ იქნა ყველა გამოკვლევა და გაკეთდა შესაბამისი ანალიზები, რაც საჭირო იყო მათი მდგომარეობიდან გამომდინარე. სააპელაციო პალატამ იმ გარემოებაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ სწორედ აღნიშნული დიაგნოზის საფუძველზე დანიშნული მკურნალობის შედეგად გაუმჯობესდა პაციენტების მდგომარეობა და ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის გართულებას ან პაციენტის რეჰოსპიტალიზაციას იმავე ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ დაწესებულების მხრიდან ადგილი ჰქონდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების #1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევას, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც, წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, პაციენტების - ლ. ც-ისა და დ. ჭ-ის შემთხვევებში, პაციენტები მკურნალობდნენ გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით დიაგნოზი T63.4, სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიური ეფექტი. სამედიცინო შემთხვევათა ელექტრონულ მოდულში კი გადმოცემულია შემდეგი ჩანაწერი - ინტოქსიკაციები. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი, მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს, პროგრამული შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას (პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი).

რაც შეეხება პაციენტებს - მ. ხ-ს, ა. შ-ას, ა. ტ-ეს, ა. რ-ს და ნ. პ-ს, კასატორის განმარტებით, ისინი მკურნალობდნენ კლინიკაში გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში და ელექტრონული ჯანდაცვის გამოსავლის ველში მითითებულია სტაბილიზაცია, ნაცვლად არასრული მკურნალობისა, ანუ როდესაც პაციენტები კლინიკიდან გამოსულები არიან ხელწერილის, საჭიროებისდა მიუხედავად, სტაციონალურ სამედიცინო მომსახურებაზე უარით.

კასატორის მითითებით, წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, თუკი განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს, შემთხვევა არ ექვემდებარება დაფინანსებას (პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო სასამართლო კი არასწორად განმარტავს კანონს და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36-ე დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს პაციენტების - ლ. ც-ის, დ. ჭ-ის, მ. ხ-ის, ა. შ-ას, ა. ს-ის, ა. რ-ის და ნ. პ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 16 მაისის #04/30865 გადაწყვეტილებისა დ „შპს „...ოს“ 07.07.2017წ. #1054/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ (პაციენტების - ლ. ც-ის, დ. ჭ-ის, მ. ხ-ის, ა. შ-ას, ა. ს-ის, ა. რ-ისა და ნ. პ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის ნაწილში) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 6 ოქტომბრის #04/62913 გადაწყვეტილების კანონიერება.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ პაციენტების - მ. ხ-ის, ა. შ-ას, ა. ს-ის, ა. რ-ის და ნ. პ-ის მიმართ გაწეული მომსახურება წარმოადგენს არა გადაუდებელ სტაციონარულს, არამედ გადაუდებელ ამბულატორიულს.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36-ე დადგენილების მე-15 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებად ამ სახელმწიფო პროგრამაში განხილულ უნდა იქნეს მხოლოდ ის შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ პაციენტის სტაციონარში 24 საათზე მეტი დროით მოთავსებას (გარდა თვალისა და თვალის დანამატების ტრავმებისა და ქუთუთოს ან საცრემლე პარკის აბსცესების დროს გასაწევი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა). შესაბამისად, სტაციონარში მკურნალობის 24 სთ.-ზე ნაკლები დროით დაყოვნება (გარდა კრიტიკული მდგომარეობების მართვის, ლეტალური გამოსავლის შემთხვევების და თვალისა და თვალის დანამატების ტრავმებისა და ქუთუთოს ან საცრემლე პარკის აბსცესებისა), პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, არ განიხილება სტაციონარული სამედიცინო მომსახურების შემთხვევად.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ზემოაღნიშნულ მომსახურებებთან მიმართებით, სახეზე იყო გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევები - არასრულწლოვან პაციენტებს სამ შემთხვევაში ჰქონდათ პნევმონია, რიგ შემთხვევაში, თანმხლები ხიხინით, სუსტი სუნთქვითა და ცხელებით, ერთ შემთხვევაში, პაციენტი მოთავსებული იქნა ცხელებით, საბოლოო დიაგნოზი - გასტროენტერიტი და კოლიტი, ხოლო ერთ შემთხვევაში, პაციენტს აღენიშნებოდა მწვავე ობსტრუქციული ლარინგიტი, კრუპი, რომელსაც თან ახლდა „მყეფავი“ ხასიათის ხველა, ხმის ტემბრის ცვლილება და ინსპირაციული ქოშინი. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტებს გადაუდებლად არ ჩაუტარდებოდათ სამედიცინო დახმარება, სამკურნალო ღონისძიებების განუხორციელებლობა გამოიწვევდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზულ გაუარესებას. ამდენად, პაციენტების მდგომარეობა კლინიკის მიერ ადეკვატურად იქნა შეფასებული გადაუდებლად, რასაც ადასტურებს მათ მიმართ გამოტანილი საბოლოო დიაგნოზებიც.

ამასთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის #108/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის“ დანართი #1-ით დამტკიცებულია სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის ფორმა, ხოლო მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს #01- 41/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის“ დანართი #1-ით დამტკიცებულია ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის ფორმა. ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, რადგან მოსარჩელე კლინიკამ შეავსო არა ამბულატორიული, არამედ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი, მან ამით აღიარა, რომ შემთხვევა იყო სტაციონარული და არა ამბულატორიული. თუმცა, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატას, რომელმაც არ გაიზიარა აღნიშნული განმარტება, რადგან #01-41/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის თანახმად, ამბულატორიული დოკუმენტაციის წარმოების წესი საერთოა ყველა ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი პირისათვის (გარდა სტომატოლოგიური, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (emergency)-ს სერვისების მიმწოდებლებისა). ამდენად, აღნიშნული ჩანაწერის თანახმად, გადაუდებელი ამბულატორიული შემთხვევების დროს არ უნდა შეივსოს ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი. მისი შევსების ვალდებულებას არც სხვა რომელიმე აქტი ადგენს, რაც იმას გულისხმობს, რომ გადაუდებელი ამბულატორიული პაციენტის ბარათის შევსების საკითხს თავად კლინიკა წყვეტს. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ კლინიკას არ შეუვსია ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი, რამდენადაც მას არ გააჩნდა ამის ვალდებულება. ამასთან, საგულისხმოა კლინიკის განმარტება, რომ სტაციონალური სამედიცინო ბარათის შევსება აიხსნებოდა დამკვიდრებული პრაქტიკით. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ კანონმდებლობით მინიჭებული არჩევანის თავისუფლების პირობებში, კლინიკას ჰქონდა უფლება, შეევსო სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, გადაუდებელ ამბულატორიულ პაციენტზე სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის შევსება არ გარდაქმნის ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებად, ვინაიდან აღნიშნული უნდა დადგინდეს არა მხოლოდ ბარათით, არამედ გაწეული მომსახურების სპეციფიკით, დროის ხანგრძლივობით და სხვ.

რაც შეეხება პაციენტების - ლ. ც-ისა და დ. ჭ-ის სამედიცინო შემთხვევებს, მოცემულ სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული საერთაშორისო კლასიფიკაციით დიაგნოზი - „T63.4 სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიური ეფექტი“ - მიეკუთვნება ინტოქსიკაციების ჯგუფს და მოიცავს „შხამიანი მწერის ნაკბენს ან ნაჩხვლეტს“, რაც დასტურდება სამედიცინო ბარათში არსებული ინფორმაციით. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე შემთხვევაში, პაციენტებს აღენიშნებოდათ ნაჩხვლეტი ჭრილობა, ტოქსიკოლოგის მიერ დაისვა დიაგნოზი - „სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიური ეფექტი“, რაც მიეკუთვნება გადაუდებელ მდგომარეობას და საჭიროებს პაციენტის დაუყოვნებელ შეფასებას. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით - „Emergency Triage Assessment and Treatment (ETAT)“ (გადაუდებელი დახარისხება, შეფასება და მკურნალობა), პაციენტის ტრიაჟი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოიცავს გადაუდებელი ნიშნების შეფასებას, რის შემდეგაც ხორციელდება პაციენტის შეფასება პრიორიტეტული 3 TPR-MOB ნიშნით. პრიორიტეტული ნიშნის გამოვლინება მიუთითებს, რომ პაციენტს ესაჭიროება არა გადაუდებელი, არამედ დაუყოვნებელი შეფასება გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში და ადასტურებს პაციენტისთვის გადაუდებელი დახმარების საჭიროებას. აღნიშნული პროტოკოლის თანახმად, პრიორიტეტულ ნიშანს მიეკუთვნება ინტოქსიკაცია (poisoning). მოცემულ შემთხვევაში, პაციენტებს აღენიშნებოდათ სწორედ პრიორიტეტული ნიშანი - „ინტოქსიკაცია“, რის გამოც ისინი მოთავსდნენ გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) საკასაციო საჩივარზე 08.12.2020წ. #08008 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 08.12.2020წ. #08008 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე