საქმე #ბს-1240(კ-20) 22 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 24 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სს „...ის“ მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა („დაცვა“) და სს „...ას“ („დამკვეთი“) შორის 2016 წლის 12 დეკემბერს გაფორმებულ იქნა #1/4346 ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, დაცვამ აიღო ვალდებულება, განეხორციელებინა დამკვეთის ავტომობილებისა და ტვირთების დაცვა-გაცილება, საქართველოს ტერიტორიაზე მისი გადაადგილების დროს. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 18 ოქტომბერს უნდა განხორციელებულიყო დამკვეთის ერთი არაგაბარიტული ავტომანქანის გარდაბნიდან თბილისის მიმართულებით დაცვა-გაცილება. დაცვის პოლიციის ეკიპაჟი დათქმულ დროს გამოცხადდა გარდაბანში, მათ შეადგინეს სათანადო ადგილზე გამოცხადებისა და დათვალიერების აქტი, თუმცა გაცილება გადაიდო, ვინაიდან დამკვეთს სათანადო საბუთები წესრიგში არ ჰქონდა, კერძოდ, საპარტულო პოლიციის მიერ გაცემულ ნებართვაში არ იყო ასახული გასაცილებელი ავტომანქანის მისაბმელის ნომერი. თავის მხრივ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების 2.2.6 პუნქტის თანხმად, დაცვა უფლებამოსილი იყო არ განეხორციელებიმა ავტომობილისა და ტვირთის დაცვა-გაცილება, თუ დამკვეთის მიერ არ შესრულდებოდა ხელშეკრულების 2.1.4 პუნქტის მოთხოვნები.
მოსარჩელის მითითებით, ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობის საკითხები. 4.1. პუნქტის თანახმად, გამოძახების საფუძველზე ან მხარეებს შორის შეთანხმებულ დროს დაცვის ეკიპაჟის გასაცილებელი ავტომანქანისა და ტვირთის ადგილსამყოფელზე გამოცხადების შემდეგ (რაც უნდა დადასტურდეს შესაბამის აქტზე მხარეთა ხელმოწერით), ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავტომანქანისა და ტვირთის დაცვა-გაცილების დამკვეთის, დამკვეთის წარმომადგენლის ან გასაცილებელი ავტომანქანის მძღოლის მიზეზით (მათ შორის, ტვირთის წონასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის მიერ გაჩერების გამო), 2 საათზე მეტი ვადით დაცვა-გაცილების გადადების (შეფერხების) შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო 300 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის აღნიშვნით, ცალსახაა, რომ დაცვამ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა პირნათლად და ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხოლო დამკვეთის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულება. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სს „...ას“ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ეკისრება დავალიანება 300 ლარის ოდენობით. ამასთან, აღნიშნულის შესახებ მოპასუხე წერილობით იქნა გაფრთხილებული 2017 წლის 12 დეკემბრის #2982695 წერილით, თუმცა უშედეგოდ.
ამდენად, მოსარჩელემ სს „...ისათვის“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ 300 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე სს „...ას“ მოსარჩელე შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 300 (სამასი) ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინებით სს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილი იყო, რომ 2017 წლის 18 ოქტომბერს შედგა ადგილზე გამოცხადებისა და დათვალიერების აქტი, რომლის თანახმადაც, მხარეთა შორის 2016 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული #1/4346 ხელშეკრულების საფუძველზე, 18.10.2017 წელს, დამკვეთის მოთხოვნით გამოცხადდა დაცვის პოლიციის ეკიპაჟი გარდაბანში, დამკვეთის კუთვნილი ერთი ავტომანქანის გარდაბანი-თბილისის მიმართულებით დაცვა-გაცილების მიზნით. დაცვა-გაცილება დამკვეთის მოთხოვნით გადაიდო 18.10.2018 წელს 23:20 საათზე. დამკვეთის მიზეზით ავტომანქანების დაცვა-გაცილება შეწყდა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაცვამ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა პირნათლად და ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხოლო დამკვეთის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების 2.1.4. პუნქტის მოთხოვნები - „შეექმნა დაცვისათვის სათანადო პირობები“.
სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სახეზე იყო არა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევა, არამედ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შეცდომა, რომელმაც 2017 წლის 7 აგვისტოს გაცემულ #... ნებართვაში არ მიუთითა ნახევრადმისაბმელი (...), ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ვერ გახდებოდა განსახილველი დავის ფარგლებში შეფასების საგანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა და მიიჩნია, რომ სს „...ას“ მოსარჩელე საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა პირგასამტეხლო 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ხელშეკრულების 4.1 პუნქტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაკისრებას პირგასტეხლოს სახით 300 ლარის ოდენობით. მითითებული პუნქტი ამომწურავად განსაზღვრავს შეფერხების გამომწვევი მიზეზის სუბიექტებს, ესენია: დამკვეთი, დამკვეთის წარმომადგენელი ან გასაცილებელი ავტომანქანის მძღოლი. მოცემულ შემთხვევაში კი, დასახელებული შეფერხების (უსწორობა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაცემულ აქტში) გამომწვევი სუბიექტი არ არის არც დამკვეთი, არც დამკვეთის წარმომადგენელი და არც გასაცილებელი ავტომანქანის მძღოლი, არამედ მესამე სუბიექტი - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომლის მიერ გაცემულ აქტშიც დაფიქსირდა ხარვეზი. კასატორის აღნიშვნით, ამგვარი ხარვეზი რომ ყოფილიყო სს „...ის“ მიერ 03.08.2017წ. #3575/05 წერილში, შეფერხების მიზეზი დამკვეთი იქნებოდა, მაგრამ შეცდომა არა წერილში, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ აქტში იყო.
კასატორის განმარტებით, ხელშეკრულების 4.1. პუნქტში გამონაკლისის სახით ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც მესამე პირის მიერ წარმოშობილი გარეშე ფაქტორის გამო გამოწვეული შეფერხება მაინც დამკვეთს „ერაცხება ბრალად“. ეს არის შემთხვევა, როდესაც ტვირთის წონასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიცია აჩერებს გასაცილებელ მანქანას (დამკვეთის, დამკვეთის წარმომადგენლის ან გასაცილებელი ავტომანქანის მძღოლის მიზეზით (მათ შორის, ტვირთის წონასთან დაკავშირებით)). კასატორის განმარტებით, იმისათვის, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაშვებული შეცდომის გამო პასუხისგებლობა კომპანიას დაკისრებოდა, აუცილებელი იყო, რომ ხელშეკრულების 4.1 პუნქტში გამონაკლისის სახით ასევე მითითებული ყოფილიყო ეს გარემოება.
ამასთან, კასატორის მითითებით, სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ „დაცვა-გაცილება დამკვეთის მოთხოვნით გადაიდო 2018 წლის 18 ოქტომბერს, 23:20 საათზე.“ კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემული ფაქტობრივი გარემოება არასწორად იქნა შეფასებული. შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს უფროსის 19.10.2017წ. #MIA... პატაკიდან ირკვევა, რომ მხარეები უდავო გარემოებად მიიჩნევდნენ დაცვა-გაცილების გადადებას არა დამკვეთის მოთხოვნით, არამედ იმ მიზეზით, რომ დამკვეთს საბუთები არ ჰქონდა წესრიგში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სს „...ისათვის“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ 300 ლარის გადახდის დაკისრება.
საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და სს „...ას“ შორის 2016 წლის 12 დეკემბერს გაფორმებულ იქნა #1/4346 ხელშეკრულება დაცვის მომსახურების შესახებ. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, დაცვამ აიღო ვალდებულება, განეხორციელებინა დამკვეთის ავტომობილებისა და ტვირთების დაცვა-გაცილება, მის საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების დროს. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 18 ოქტომბერს უნდა განხორციელებულიყო დამკვეთის ერთი არაგაბარიტული ავტომანქანის გარდაბნიდან თბილისის მიმართულებით დაცვა-გაცილება. დაცვის პოლიციის ეკიპაჟი დათქმულ დროს გამოცხადდა გარდაბანში, მათ შეადგინეს სათანადო ადგილზე გამოცხადებისა და დათვალიერების აქტი, თუმცა გაცილება გადაიდო, ვინაიდან დამკვეთს სათანადო საბუთები წესრიგში არ ჰქონდა, კერძოდ, საპარტულო პოლიციის მიერ გაცემულ ნებართვაში არ იყო ასახული გასაცილებელი ავტომანქანის მისაბმელის ნომერი. თავის მხრივ, ხელშეკრულების 2.2.6 პუნქტის თანხმად, დაცვა უფლებამოსილი იყო არ განეხორციელებინა ავტომობილისა და ტვრითის დაცვა-გაცილება, თუ დამკვეთის მიერ არ შესრულდებოდა ხელშეკრულების 2.1.4 პუნქტის მოთხოვნები. ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობის საკითხები. 4.1. პუნქტის თანახმად, გამოძახების საფუძველზე ან მხარეებს შორის შეთანხმებულ დროს დაცვის ეკიპაჟის გასაცილებელი ავტომანქანისა და ტვირთის ადგილსამყოფელზე გამოცხადების შემდეგ (რაც უნდა დადასტურდეს შესაბამის აქტზე მხარეთა ხელმოწერით), ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავტომანქანისა და ტვირთის დაცვა-გაცილების დამკვეთის, დამკვეთის წარმომადგენლის ან გასაცილებელი ავტომანქანის მძღოლის მიზეზით (მათ შორის, ტვირთის წონასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის მიერ გაჩერების გამო), 2 საათზე მეტი ვადით დაცვა-გაცილების გადადების (შეფერხების) შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო 300 ლარის ოდენობით.
ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს უფროსის 19.10.2017 წლის #MIA... პატაკის საფუძველზე, დგინდება, რომ 2017 წლის 18 ოქტომბერს უნდა განხორციელებულიყო სს „...ის“ ერთი არაგაბარიტული ავტომანქანის დაცვა-გაცილება გარდაბნიდან თბილისის მიმართულებით. ეკიპაჟი გამოცხადდა დანიშნულების ადგილზე, მაგრამ ზემოთხსენებული ავტომანქანის დაცვა-გაცილება გადაიდო გაურკვეველი ვადით, რადგან დამკვეთს სათანადო საბუთები არ ჰქონდა წესრიგში.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 18 ოქტომბერს შედგა ადგილზე გამოცხადებისა და დათვალიერების აქტი, რომლის თანახმადაც, მხარეთა შორის 2016 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული #1/4346 ხელშეკრულების საფუძველზე, 18.10.2017 წელს, დამკვეთის მოთხოვნით გამოცხადდა დაცვის პოლიციის ეკიპაჟი გარდაბანში, დამკვეთის კუთვნილი ერთი ავტომანქანის გარდაბანი-თბილისის მიმართულებით დაცვა-გაცილების მიზნით. დაცვა-გაცილება დამკვეთის მოთხოვნით გადაიდო 18.10.2018 წელს 23:20 საათზე. დამკვეთის მიზეზით ავტომანქანების დაცვა-გაცილება შეწყდა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ დაცვამ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა პირნათლად და ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხოლო დამკვეთის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების 2.1.4. პუნქტის მოთხოვნები - „შეექმნა დაცვისათვის სათანადო პირობები“.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სახეზეა არა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევა, არამედ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შეცდომა, რომელმაც 2017 წლის 7 აგვისტოს გაცემულ #... ნებართვაში არ მიუთითა ნახევრადმისაბმელი (...), ვინაიდან აღნიშნული ვერ გახდება განსახილველი დავის ფარგლებში შეფასების საგანი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სს „...ას“ (ს/კ ...) საკასაციო საჩივარზე 13.11.2020წ. #1605252546 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სს „...ას“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინება;
3. სს „...ას“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.11.2020წ. #1605252546 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე