Facebook Twitter

საქმე #ბს-1284(კ-20) 22 აპრილი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 7 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ა. თ-ის მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 22 მარტის ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სასწავლო კურსზე ჩარიცხული ოფიცრების ჯგუფის მსმენელს, ლეიტენანტ ა. თ-ეს, რომელიც თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 16 მარტის #752 ბრძანების საფუძველზე, 2017 წლის 20 მარტიდან 2017 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით, მივლინებული იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სამხედრო განათლების პროგრამის (IMET-17) ფარგლებში დაგეგმილ ჯავშანსატანკო ოფიცრის ძირითად კურსზე დასასწრებად, გაუფორმდა თავდაცვის მინისტრის 2006 ელის 18 თებერვლის #53 ბრძანებით დამტკიცებული ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ, 2017 წლის 20 მარტიდან 2025 წლის 20 მარტამდე. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 13 სექტემბრის #5564 ბრძანებით ა. თ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში კონტრაქტის პირობების დარღვევით.

მოსარჩელის მითითებით, კონტრაქტის 7.3. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მივლინების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების 3.2. პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში თავისი სურვილით ან სამინისტროსთან შეთანხმებით, დატოვებდა შეიარაღებულ ძალებს ან შექმნიდა პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა ეს კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 (ათი) დღის ვადაში, აენაზღაურებინა ჯარიმა 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით. ამავე კონტრაქტის 7.4. პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის მიერ 7.3. და 7.4. პუნქტებში აღნიშნული თანხების ამავე პუნქტებით დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. თუმცა, მოსარჩელის მითითებით, ა. თ-ეს აღნიშნული თანხა არ გადაუხდია.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა ა. თ-ისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ 28 000 ლარის ოდენობით ჯარიმის თანხისა და 2018 წლის 23 სექტემბრიდან დაკისრებული თანხის სრულ ანაზღაურებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის თანხის - 28 000 ლარის 0,2%-ის ოდენობით, პირგასამტეხლოს ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ა. თ-ეს აეკრძალა კუთვნილი უძრავი ქონების (მდებარე: რაიონი ქედა, სოფელი ქვედა ...ი; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო დაზუსტებული ფართობი: 5000.00 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: #1/2, #2/1, #3/1, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 432.06 კვ.მ; საკადასტრო კოდი: ...; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ცნობა #..., დამოწმების თარიღი: 26/10/2016 ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა; საარქივო ცნობა #AA 2016016989-03, დამოწმების თარიღი: 25.02.2016 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანო ქედის ადგილობრივი არქივი; მესაკუთრეები: ა. თ-ე, პ/ნ ..., ა. თ-ე პ/ნ ..., ლ. დ-ე პ/ნ ..., ნ. თ-ე პ/ნ ...) გასხვისება, ასევე უძრავი ქონების უფლებრივად დატვირთვა ა. თ-ის საკუთრების ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ა. თ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის თანხის 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ანაზღაურება; არ დაკმაყოფილდა 2018 წლის 23 სექტემბრიდან დაკისრებული თანხის სრულ ანაზღაურებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის თანხის 28 000 ლარის 0,2%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონტრაქტის საფუძველზე გათვალისწინებული სანქციები თავისი შინაარსითა და მისი სამართლებრივი ბუნებით ფაქტობრივად წარმოადგენს პირგასამტეხლოს. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიების სახით საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ იცნობს და ფაქტობრივად კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, თუმცა საქართველოს 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ ნორმის გამოყენებისას, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, კონტრაქტის 7.4 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ იყო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული, მით უფრო, ისეთ ვითარებაში, როდესაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულია სარჩელი 28 000 ლარის ოდენობის მოთხოვნის ნაწილში. პალატამ განმარტა, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, კანონმდებელი ზუსტად განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო: ა) მხარის ქონებრივი მდგომარეობა; ბ) დაზარალებულის ინტერესი. განსახილველ შემთხვევაში კი სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირებისას არ გამოიკვლია სწორედ ის გარემოებები, რომლებიც საფუძვლად უნდა დადებოდა პირგასამტეხლოს შემცირებას. კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადახადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის.

კასატორი მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. ხელშეკრულების მონაწილე მხარეები კი წინასწარ შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაზე (აღნიშნული უპირობოდ გულისხმობს ხელშეკრულების პიროებების დარღვევისას პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას) და ასევე თავად სასამართლო მიიჩნევდა დადგენილად კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ფაქტს.

ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს თანხის ოდენობა განისაზღვრება თავად მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე და არ არსებობს მისი შემცირების სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის პირობებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში მოთხოვნის საფუძვლიანობა წარმოადგენს, რამდენადაც გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილის მოპასუხის - ა. თ-ის მიერ არ გასაჩივრებულა.

საქმის მასალების გამოკვლევის შედეგად, დადგენილად არის მიჩნეული, რომ 2017 წლის 20 მარტის #1224 კონტრაქტის 3.1. პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ იყო ვალდებული შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო ან კადრის სამსახური გაეგრძელებინა რვა წლით. ამავე კონტრაქტის 7.3. პუნქტის მიხედვით კი, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მივლინების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების 3.2. პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში თავისი სურვილით ან სამინისტროსთან შეთანხმებით, დატოვებდა შეიარაღებულ ძალებს ან შექმნიდა პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა ეს კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 (ათი) დღის ვადაში, აენაზღაურებინა ჯარიმა 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით. ამავე კონტრაქტის 7.4. პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის მიერ 7.3. და 7.4. პუნქტებში აღნიშნული თანხების ამავე პუნქტებით დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

საქმის მასალებით ასევე დადგენილად არის მიჩნეული, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 13 სექტემბრის ბრძანებით ა. თ-ე, „სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით) და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამასახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 4 სექტემბრის # MOD 9 17 00000737 ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 420-ე მუხლი კი განსაზღვრავს, რომ სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში კონტრაქტით გათვალისწინებული სანქციები თავისი შინაარსითა და სამართლებრივი ბუნებით ფაქტობრივად წარმოადგენს პირგასამტეხლოს. ვინაიდან მოპასუხემ დაარღვია კონტრაქტით გათვალისწინებული პირობა, ავტომატურად წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს (იგივე ჯარიმა) დაკისრების წინაპირობა. ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო მოცემულ შემთხვევაში კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა ფაქტობრივად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. განსახილველ შემთხვევაში კი დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, კონტრაქტის 7.4 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული, მით უფრო ისეთ ვითარებაში, როდესაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულია სარჩელი 28 000 ლარის ოდენობის მოთხოვნის ნაწილში. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე