კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე #ბს-311(კს-21) 23 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა გ. ო-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 მარტის დადგენილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი).
2018 წლის 5 იანვარს გ. ო-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 20 დეკემბრის #ელ... საჯარიმო ქვითრის გაუქმება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 იანვრის განჩინებით გ. ო-ის სარჩელი მიჩნეულ იქნა საჩივრად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილებით გ. ო-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ო-ემ, რომელმაც გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 მარტის დადგენილებით გ. ო-ის საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 მარტის დადგენილება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ო-ემ, რომელმაც გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის საჩივრის განხილვის დავალება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ო-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების გასაჩივრების წესი მოწესრიგებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის XXII თავით, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევათა გასაჩივრების წესსა და ვადებს. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო დადგენილება. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილია გასაჩივრების სპეციალური წესი, რომელიც იმპერატიულია, შესაბამისად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 3.1 მუხლის თანახმად, სავალდებულოა შესასრულებლად და არ განეკუთვნება საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების საქმის წარმოება სასამართლო სისტემაში არის ორსაფეხურიანი. მოცემული საქმისწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება.
შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნილია დადგენილების გაუქმება, რომლის კანონიერების შემოწმებაც არ შეუძლია საკასაციო სასამართლოს, ვინაიდან ის გამოცემულია ორსაფეხურიანი დავის ფარგლებში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე მიღებული აქტების საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. მსგავსი კატეგორიის დავის ფარგლებში მიღებული ნებისმიერი აქტის კანონიერების შემოწმება სრულდება სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვის ეტაპზე, რის შესახებაც ასევე განემარტა მხარეს თავად გასაჩივრებული დადგენილების სარეზოლუციო ნაწილით, რომელშიც მითითებულია, რომ დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება. შესაბამისად საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია კომპეტენცია, შეაფასოს მოცემულ საკითხზე საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ დადგენილების კანონიერება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ო-ის კერძო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით უნდა დარჩეს განუხილველად, რამდენადაც არ არსებობს განსახილველად მისი დაშვების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ო-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე