საქმე #ბს-1242(კ-20) 22 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 24 აგვისტოს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 14 სექტემბერსა და 20 სექტემბერს შპს „...ის“ წარმომადგენლებმა განცხადებით მიმართეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ შპს „...ის“ სახელზე 1996 წლის 6 აგვისტოს გაცემული #...-ი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე პრივატიზებული შენობა-ნაგებობის იდენტიფიცირების მოთხოვნით. 2018 წლის 4 მაისს გამოიცა #6/25336 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც შპს „...ს“ უარი ეთქვა ზემოაღნიშნული განცხადებებით წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელის მითითებით, შპს „...მა“ 2018 წლის 4 მაისის #6/25336 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, 2018 წლის 27 ივლისის #1-1/374 ბრძანებით არ დააკმაყოფილა ადმინისტრაციული საჩივარი. მოსარჩელის აღნიშვნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განმარტავს, რომ სააგენტოს არქივში დაცული არ ყოფილა საწარმოს კაპიტალში რიცხული უძრავი ქონებების (შენობა-ნაგებობების) ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების ამსახველი ინფორმაცია და შესაბამისად, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა საჩივრის ავტორის განცხადებები. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სააგენტოს არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია საქმესთან დაკავშირებული ყველა გარემოება, მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნა.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 მაისის #6/25336 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 27 ივლისის #1-1/374 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ შპს „...ის“ სახელზე 1996 წლის 6 აგვისტოს გაცემული #...-ი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით გათვალისწინებული პრივატიზირებული ქონების იდენტიფიცირების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 27 ივლისის #1-1/374 ბრძანება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა სასამართლოს განმარტება, რომ საქმის მასალებიდან არ ირკვეოდა, რომ შპს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და მასთან დაკავშირებით 2018 წლის 27 ივლისის #1-1/374 ბრძანების გამოცემა ემყარებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ საქმის გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევასა და არსებული მტკიცებულებების სათანადო შეფასებას. ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მიერ სამინისტროს წარედგინა პრეტენზიები სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ მასზედ, რომ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა შპს „...ის“ ქონების პრივატიზების შესახებ დოკუმენტებით გათვალისწინებული ქონების იდენტიფიცირებაზე. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილი იყო, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უარი ეფუძნებოდა ზოგად მითითებას, რომ საპრივატიზებო დოკუმენტები არ შეიცავდა საწარმოს კაპიტალში რიცხული უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობების) ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების ამსახველ ინფორმაცია/დოკუმენტაციას. ამასთან, დადგენილი იყო, რომ საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ ქონებაზე - თბილისში, ...ის ქუჩის #36ა-ში მდებარე უძრავ ქონებასა და მის მახასიათებლებზე მონაცემებს შეიცავდა უფლების დამდგენი დოკუმენტი - საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომელშიც შესაბამისი მონაცემები შეტანილი იყო უძრავ ქონებაზე სასამართლო დავის განხილვის შედეგად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 დეკემბრის #3/2910-07 გადაწყვეტილების საფუძველზე. ასევე, დადგენილი იყო, რომ საჩივრის ავტორის მიერ მოთხოვნილ, თბილისში, ...ის ქუჩის #36ა-ში მდებარე უძრავ ქონებაზე უფლებრივ მდგომარეობაზე ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული იყო მონაცემები და საინვენტარიზაციო გეგმები, აღნიშნული მონაცემებისა და ქონების მისამართზე ფაქტობრივად არსებული მდგომარეობის შეფასების შესახებ კი ჩატარებული იყო ექსპერტიზა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული მონაცემების გამოკვლევისა და ერთობლივი შეფასების, ასევე, საჩივრის ავტორის მიერ მითითებული ქონების მისამართზე არსებული მდგომარეობის გამოკვლევისა და შეფასების პირობებში, საჩივრის განმხილველ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა, დასაბუთებულად მიეჩნია საჩივრის ავტორის პრეტენზიები ან გამოეტანა დასკვნა მათი უსაფუძვლობის შესახებ. ადმინისტრაციული წარმოების მასალები კი, ისევე, როგორც გასაჩივრებული ბრძანება, არ შეიცავდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ იმსჯელა საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ მტკიცებულებებზე ან/და მოიპოვა მონაცემები, რომლებსაც შეეძლო გამოერიცხა საჩივრის ავტორის პრეტენზიების საფუძვლიანობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააგენტოს არქივში დაცული არ არის საწარმოს კაპიტალში რიცხული უძრავი ქონებების (შენობა-ნაგებობების) ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა საჩივრის ავტორის განცხადებები უძრავი ქონების იდენტურობასთან დაკავშირებით.
ამასთან, სამინისტრო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, ასევე, არ იკვეთება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაშიც, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 მაისის #6/25336 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 27 ივლისის #1-1/374 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ შპს „...ის“ სახელზე 1996 წლის 6 აგვისტოს გაცემული #...-ი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით გათვალისწინებული პრივატიზირებული ქონების იდენტიფიცირების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 27 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართა #342915 წერილით, რომლითაც მოითხოვა საინვენტარიზაციო გეგმაზე იმ შენობა-ნაგებობების (ლიტერები) მონიშვნა, რომელიც #...-ი საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში შეტანილი დამატების თანახმად, შპს „...ს“ საკუთრებაში გადაეცა. პასუხად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 აპრილის #6/20413 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიეთითა, რომ პრივატიზებული უძრავი ნივთის იდენტიფიცირების მიზნით 2016 წლის 2 დეკემბრის #... წერილთან ერთად გადაუგზავნა სააგენტოს არქივში დაცული საპრივატიზებო დოკუმენტაცია, რის გამოც მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა დასმულ საკითხთან დაკავშირებით.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 14 და 20 სექტემბერს შპს „...ის“ წარმომადგენელმა - თ. შ-ემ #82670/ფ და #84573/ფ განცხადებებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ შპს „...ის“ სახელზე 1996 წლის 6 აგვისტოს გაცემული #...-ი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე პრივატიზირებული ქონების იდენტიფიცირების მოთხოვნით. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 სექტემბრის #6/50390 წერილით შპს „...ის“ წარმომადგენელს - თ. შ-ეს განემარტა, რომ განცხადებებში მითითებულ საკითხზე სააგენტოს პოზიცია უკვე ეცნობა 2017 წლის 27 აპრილის #6/20412 წერილით, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, წარდგენილი #82670/ფ და #84573/ფ განცხადებები განუხილველი დარჩა.
2016 წლის 19 ოქტომბერს შპს „...მა“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 სექტემბრის #6/50390 წერილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 30 აპრილის #1-1/219 ბრძანებით შპს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 სექტემბრის #6/50390 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სააგენტოს შპს „...ის“ 2017 წლის 14 და 20 სექტემბერის #82670/ფ და #84573/ფ განცხადებების განხილვა და განცხადებებით დასმულ საკითხთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 30 აპრილის #1-1/219 ბრძანების აღსრულების მიზნით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 4 მაისის #6/25336 წერილით შპს „...ის“ წარმომადგენელს - თ. შ-ეს 2017 წლის 14 და 20 სექტემბერის #82670/ფ და #84573/ფ განცხადებებით წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა. აღნიშნული წერილის მიხედვით, შპს „...ის“ საპრივატიზებო დოკუმენტებში დაცული არ იყო საწარმოს კაპიტალში რიცხული უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობების) ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის გამოც სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა დაინტერესებული პირის მიერ მითითებული ნაგებობისა (მათ შორის, ...ის ქუჩის #36ა-ში) და საპრივატიზებო დოკუმენტაციაში დაცულ საინვენტარიზაციო გეგმაზე მითითებული ლიტერების იდენტურობის დადგენაზე.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების თანახმად, მისამართზე - ქალაქ თბილისი, ...ის ქუჩა #36ა, არსებობს ორი სააღრიცხვო ბარათი:
- ერთი სააღრიცხვო ბარათით აღნიშნულ მისამართზე მდებარე ქონებაა: 1. ლიტ „ა“ საერთო ფართით - 73.57 კვ.მ, 2. ლიტ. „ზ“ - გაშენების ფართით - 64 კვ.მ, 3. ლიტ. „ბ“ გაშენების ფართით - 486 კვ.მ, 4. ლიტ. „ვ“ - გაშენების ფართით - 840 კვ.მ, 5. ლიტ. „გ“ გაშენების ფართით - 488 კვ.მ, 6. ფარდული - გაშენების ფართით - 88 კვ.მ, 7. ლიტ. „დ“ გაშენების ფართით - 120 კვ.მ, 8. ლიტ. „ი“ - გაშენების ფართით - 225 კვ.მ, 9. ლიტ. „ე“ გაშენების ფართით - 92 კვ.მ, 10. ლიტ. „ჟ“ - გაშენების ფართით - 110 კვ.მ, 11. ლიტ. „ნ“ გაშენების ფართით - 4 კვ.მ, 12. ლიტ. „თ“ - გაშენების ფართით - 18 კვ.მ, 13. ლიტ. „კ“ გაშენების ფართით - 12 კვ.მ, 14. ლიტ. „მ“ - გაშენების ფართით - 81 კვ.მ, 15. ლიტ. „ლ“ გაშენების ფართით - 87 კვ.მ, 16. ლიტ. „ფ1“ - გაშენების ფართით - 50 კვ.მ, 17. ლიტ. „ფ2“ გაშენების ფართით - 210 კვ.მ., 18. ლიტ. „ფ3“ - გაშენების ფართით - 146 კვ.მ., 19. ლიტ. „ფ4“ გაშენების ფართით - 59 კვ.მ, 20. ლიტ. „ს“ - გაშენების ფართით - 32 კვ.მ. ნაგებობები განლაგებულია 16 619 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, საიდანაც „ა“, „დ“ და „ი“ ლიტერები აღრიცხულია შპს „მ...ას“ სახელზე, რომელიც არის სახელმწიფო ქონების ბაზაზე შექმნილი საიჯარო საწარმოს, ასოციაცია „...ის“ მშენებლობის მექანიზაციის სამმართველოს სამართალმემკვიდრე, საფუძველი: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან #...;
- მეორე სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, ...ის ქუჩის #36ა-ში მდებარე უძრავი ქონებაა: 1. ლიტ. „ა“ განაშენიანების ფართით - 252 კვ.მ, 2. ლიტ. „დ“ განაშენიანების ფართით - 12 კვ.მ, 3. ლიტ. „გ“ განაშენიანების ფართით - 610 კვ.მ, 4. ლიტ. „ბ“ საერთო ფართით - 39 კვ.მ, განლაგებულია 2691 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ლიტ. „ბ“ საერთო ფართით - 39 კვ.მ რეგისტრირებულია შპს „...ი 3-ის“ სახელზე, რეგისტრაციის საფუძველი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა #..., გაცემული 1996 წლის 19 აგვისტოს, ხოლო დანარჩენი შენობა-ნაგებობები წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქმის მასალებიდან არ ირკვევა, რომ შპს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და მასთან დაკავშირებით, 2018 წლის 27 ივლისის #1-1/374 ბრძანების გამოცემა ემყარება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ საქმის გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევასა და არსებული მტკიცებულებების სათანადო შეფასებას. ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მიერ სამინისტროს წარედგინა პრეტენზიები სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ მასზე, რომ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა შპს „...ის“ ქონების პრივატიზების შესახებ დოკუმენტებით გათვალისწინებული ქონების იდენტიფიცირებაზე.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ასევე, საჩივრის ავტორის მიერ მითითებული ქონების მისამართზე არსებული მდგომარეობის გამოკვლევის პირობებში, საჩივრის განმხილველ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა, დასაბუთებულად მიეჩნია საჩივრის ავტორის პრეტენზიები ან გამოეტანა დასკვნა მათი უსაფუძვლობის შესახებ. ადმინისტრაციული წარმოების მასალები კი, ისევე, როგორც გასაჩივრებული ბრძანება, არ შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ იმსჯელა საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ მტკიცებულებებზე ან/და მოიპოვა მონაცემები, რომელსაც შეეძლო გამოერიცხა საჩივრის ავტორის პრეტენზიების საფუძვლიანობა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 19-მუხლზე, რომლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველი არ შეიძლება გახდეს ამ უფლებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების მასალების არასრულყოფილად წარმოება ან/და ადმინისტრაციულ ორგანოში საჭირო მონაცემების დაუცველობა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია მოსარჩელის სასარგებლოდ უძრავი ქონების პრივატიზება და შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტი არ არის სადავო, გაუმართლებელია მოპასუხის პოზიცია მის მიერ პრივატიზებული ქონების იდენტიფიცირების შეუძლებლობაზე მხოლოდ საპრივატიზებო მასალების არასრულყოფილად წარმოებისა თუ დაცვის გამო. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსის - კ. ი-ის 2008 წლის 10 აპრილის #1-3/33 ბრძანებით ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ 1996 წლის 6 აგვისტოს გაცემულ #...-ი საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში ცვლილება შევიდა, რომლითაც #...-ი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით გადაცემულ ქონებას დაემატა: 1) ...ო (მდებარე ...ის ქუჩის #36ა-ში), 2) ...ო (მდებარე ...ის ქუჩის #36ა-ში), 3) ...ოს შენობა (მდებარე ...ის ქუჩის #36ა-ში) და აღნიშნული ბრძანების საფუძველს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას უნდა იხელმძღანელოს და შეასრულოს აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე