Facebook Twitter

საქმე #ბს-1247(კ-20) 22 აპრილი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 23 ივლისს ვ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მას შორის 2007 წლის 16 აგვისტოს 4 წლის ვადით, გაფორმებულ იქნა #22595 კონტრაქტი, რომლის ვადის ამოწურვის შემდეგ, 2011 წლის 16 აგვისტოს კვლავ 4 წლის ვადით გაფორმებულ იქნა #46026 კონტრაქტი. მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანების 471 და 472 პუნქტებზე, რომელიც შესაბამისი კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ 7000 ლარის ოდენობით ერთჯერადი დახმარების გაცემას ითვალისწინებს და აღნიშნა, რომ მოპასუხეს აღნიშნული ვალდებულება არ შეუსრულებია.

ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ვ. გ-ის სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების სახით - 7000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ვ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7 000 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანების (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 იანვრიდან) 471 პუნქტზე და მიიჩნია, რომ ვ. გ-ეს სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შედეგად წარმოეშვა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება, იგი მესამე ხელშეკრულების გაფორმებით, შრომით ურთიერთობაში რჩებოდა დამსაქმებელთან, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა საბოლოოდ მისაღებ ერთჯერად დახმარებაზე. ამდენად, მოსარჩელეს სახელშეკრულებო ურთიერთობის საბოლოოდ დასრულების შედეგად წარმოეშვა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება, რის გამოც მისი მოთხოვნა ხანდაზმული არ იყო.

ამასთან, სააპელაციო პალატამ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანებაში დამატებულ 476 პუნქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ კონტრაქტში ერთჯერადი დახმარების ვალდებულების, როგორც დახმარების გაცემის ერთ-ერთი სავალდებულო წინაპირობის, გათვალისწინება მხოლოდ 2017 წლის 7 მარტს განხორციელებული ცვლილების შემდეგ გახდა აუცილებელი. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მიხედვით კი, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2017 წლის 7 მარტის ცვლილება ვერ გავრცელდებოდა მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე, ხოლო სადავო პერიოდში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე მხარეები არ იყვნენ ვალდებულნი, ხელშეკრულებით პირდაპირ გაეთვალისწინებინათ ერთჯერადი დახმარების გაცემის საკითხი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, იმისთვის, რომ სამხედრო მოსამსახურეს მიეცეს ერთჯერადი დახმარება, სახეზე ერთდროულად უნდა იყოს ორი პირობა - 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ მას უნდა ჰქონდეს გაგრძელებული და დასრულებული სამსახური ორი, ოთხი ან რვა წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და ამავდროულად ამ კონტრაქტის გაფორმებამდე უნდა ჰქონდეს ნამსახურები საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანების 471 მუხლის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით. განსახილველ შემთხვევაში ვ. გ-ემ 2011 წელს კონტრაქტი გააფორმა 4 წლის ვადით, რომელიც არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას.

ამასთან, კასატორმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე კოდექსის 130-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ ვ. გ-ესა და თავდაცვის სამინისტროს შორის 2011 წლის 16 აგვისტოს გაფორმებული კონტრაქტის ვადა იწურებოდა 2015 წლის 16 აგვისტოს. შესაბამისად, თუ მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ მას წარმოეშვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანების საფუძველზე ერთჯერადი დახმარების 7000 ლარის მიღების უფლება, მას აღნიშნული უნდა მოეთხოვა ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის გათვალისწინებით, 2018 წლის 16 აგვისტომდე, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, მოთხოვნა ერთჯერადი დახმარების მიღებასთან დაკავშირებით, ხანდაზმული იყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ვ. გ-ის სასარგებლოდ 7000 ლარის ოდენობით მიუღებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების დაკისრება.

სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანების (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 იანვრიდან) 471 პუნქტის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. აღნიშნული პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე სამხედრო მოსამსახურემ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით დგინდება, რომ 2007 წლის 16 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვ. გ-ეს შორის გაფორმდა #22595 ხელშეკრულება (კონტრაქტი) „თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 4 წლის ვადით, შემდეგ - 2011 წლის 16 აგვისტოს გაფორმდა კონტრაქტი „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ ასევე 4 წლის ვადით, ბოლოს კი 2015 წლის 16 აგვისტოს დაიდო კონტრაქტი „...ის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. ამასთან, ირკვევა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული უკანასკნელი ხელშეკრულება შეწყდა და ვ. გ-ე 2018 წლის 6 ივნისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ზღვრული ასაკის მიღწევის გამო.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ ვ. გ-ე მესამე ხელშეკრულების გაფორმებით, შრომით ურთიერთობაში რჩებოდა დამსაქმებელთან, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა საბოლოოდ მისაღებ ერთჯერად დახმარებაზე. ამდენად, მოსარჩელემ სახელშეკრულებო ურთიერთობის საბოლოოდ დასრულების შედეგად მოითხოვა ერთჯერადი დახმარების მიღება, რის გამოც მისი მოთხოვნა ხანდაზმული არ იყო.

ამასთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის #14 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანებაში და დამატებული 476 პუნქტით განისაზღვრა სამინისტროს მხრიდან ერთჯერადი დახმარების გაცემა იმ შემთხვევაში, თუ ამგვარ ვალდებულებას კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ცვლილებით დადგენილი დანაწესი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე, ვინაიდან ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. მოცემულ შემთხვევაში ნორმატიული აქტის უკუძალა დადგენილი არ არის, შესაბამისად, მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე ვრცელდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანების მხოლოდ 471 და 472 პუნქტებით გათვალისწინებული დანაწესი. მითითებული ცვლილებით დადგენილი დანაწესი კი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სახეზეა მოსარჩელის სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების სახით 7 000 ლარის გაცემის წინაპირობები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე