საქმე #ბს-1286(კ-20) 22 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 24 აპრილს თ. შ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისში, ...ის მე-7 მ/რაიონში #23 კორპუსის მიმდებარე 65 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე თ. შ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (სხდომის ოქმი #3) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 7 თებერვლის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებისა და ამავე კომისიის 2019 წლის 22 მარტის #365 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ქალაქ თბილისში, ...ის მე-7 მ/რაიონში #23 კორპუსის მიმდებარე 65 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თ. შ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 2000 წლიდან ფლობს და სარგებლობს საცხოვრებელი შენობით, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისში, ...ის მე-7 მ/რაიონის #23 კორპუსის მიმდებარე 65 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიკვლია და არ გაითვალისწინა მთელი რიგი გარემოებები, კერძოდ, მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომელიც ადასტურებდა მის მიერ მოცემული საცხოვრებელი შენობის ფლობისა და სარგებლობის ფაქტს, 2000 წლიდან შენობა-ნაგებობის საცხოვრებელი სახით არსებობის ფაქტი. მოსარჩელის მითითებით, მოცემული შენობა არის არა დროებითი, არამედ - მყარი კონსტრუქციის, რომელსაც აქვს ბეტონის კედლები. აღნიშნული შენობის არსებობა დასტურდება აერო-ფოტოგადაღებებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისში, ...ის მე-7 მ/რაიონში #23 კორპუსის მიმდებარე 65 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე თ. შ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (სხდომის ოქმი #3) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 7 თებერვლის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება და ამავე კომისიის 2019 წლის 22 მარტის #365 განკარგულება და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოსარჩელის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, განცხადებაზე თანდართული დოკუმენტებით ვერ დადგინდა უშუალოდ თ. შ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, კერძოდ, ორთოფოტოებითა და ფოტოსურათებით ცალსახად არ დადგინდა, რომ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა ან შენობის ნაწილი, არსებული სახით განთავსებული იყო კანონის ამოქმედებამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ ივარაუდა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი თ. შ-ის მიერ არ იქნა თვითნებურად დაკავებული კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, კასატორის მითითებით, სასამართლოს კრიტიკულად უნდა შეეფასებინა მოწმეთა ჩვენებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
განსახილველ შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 7 თებერვლის სხდომაზე მიღებული სადავო გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი #3) და მის საფუძველზე გამოტანილი, 2019 წლის 22 მარტის #365 განკარგულებით ქალაქ თბილისში, ...ის მე-7 მ/რაიონის #23 კორპუსის მიმდებარე 65 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე თ. შ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მიწის შენობა-ნაგებობით თვითნებურად დაკავების ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
საკასაციო სასამართლო მითითებით, მართალია, თ. შ-ემ მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინა რიგი მტკიცებულებები, კერძოდ, მიწის ნაკვეთის კოორდინატების ამსახველი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ფოტოსურათები, მოწმეების - ც. ბ-ის, მ. რ-ისა და ჯ. მ-ის სანოტარო წესით დამოწმებული ჩვენებები, ქ. თბილისში, ...ის მე-7 მ/რაიონის #23 კორპუსის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ 2018 წლის 10 მარტის #38 კრების ოქმი, თავად განმცხადებელ თ. შ-ის ახსნა-განმარტება, თუმცა, როგორც გასაჩივრებული განკარგულებით ირკვევა, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღება დააფუძნა მხოლოდ ორთოფოტოებსა და ფოტოსურათებს და მიუთითა, რომ აღნიშნული დოკუმენტებით ცალსახად არ დგინდებოდა განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე. საკასაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული დასკვნა დაუსაბუთებელია, რამდენადაც იგი ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ, ამხანაგობა „...-ის“ 2018 წლის 10 მარტის #38 კრების ოქმით კრებამ დაადასტურა ქალაქ თბილისში, ...ის მე-7 მ/რაიონში, #23 კორპუსის მიმდებარე 65 კვ.მ სამეურნეო სათავსის თ. შ-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტი, ხოლო მოწმეთა ჩვენების მიხედვით, თ. შ-ე 2000 წლიდან ფლობს ქ. თბილისში, ...ის მე-7 მ/რაიონში, #23 კორპუსის მიმდებარე 65 კვ.მ მიწის ნაკვეთს საცხოვრებელი ნაგებობით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალა არ იძლევა რეალურ სურათს დასკვნისათვის, რომ განმცხადებელს მიწის ნაკვეთი დაკავებული აქვს კანონის ამოქმედებამდე. ამ დეფინიციის განსაზღვრისათვის მხოლოდ ზედაპირული მოცემულობა არ არის საკმარისი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მაღალ მტკიცებულებით სტანდარტზე დაფუძნება, თუნდაც საკითხის შესწავლა ადგილზე დათვალიერებით, რაც თავის მხრივ, მიუთითებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ხარვეზზე. ამდენად, ისეთ ვითარებაში, როდესაც წარმოდგენილი ფოტომასალა და ორთოფოტო არ იძლევა უტყუარ და ცალსახა პასუხს (რაზედაც ადმინისტრაციული ორგანოც მიუთითებს) იმისა, რომ მოსარჩელე ნამდვილად ფლობდა თუ არა მიწის ნაკვეთს კანონის ამოქმედებამდე, ასევე იმის მხედველობაში მიღებით, რომ მოწმეთა ჩვენებები მიღებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგო დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამასთან, აღსანიშნავია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 51 მუხლის 31 პუნქტის დანაწესი (ამოქმედდა 2020 წლის 1 იანვრიდან), რომლის საფუძველზეც, ადმინისტრაციული ორგანო მოცემულ საკითხზე წარმოების ხელახლა ჩატარებისას უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს დამატებით მოსთხოვოს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა, თუკი მის მიერ წარდგენილი სხვა დოკუმენტაციით უტყუარად არ დგინდება, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მის მიერ მითითებული შენობა-ნაგებობა განთავსებული იყო ხსენებული კანონის ამოქმედებამდე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე