Facebook Twitter

საქმე #ბს-1230(კ-20) 22 აპრილი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 6 დეკემბერს ლ. ი-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 8 ნოემბრის #2205 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მისი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი და დროებით ცხოვრობს ...ში, სოფელ ...ში. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამაში მონაწილეობისათვის მას შევსებული ჰქონდა აპლიკაცია, რის შედეგადაც მიენიჭა 8 ქულა, თუმცა სამინისტრომ უარი უთხრა განსახლებაზე იმ საფუძვლით, თითქოს მოცემულ ეტაპზე ოჯახი არ საჭიროებდა განსახლებას.

სარჩელის თანახმად, თავდაპირველად, მოცემულ სოფელში ოჯახი ცხოვრობდა ნათესავის სახლში, რომლის დახმარებითაც იმავე სოფელში შეიძინა საკუთარი სახლი. მოსარჩელის განმარტებით, წლების განმავლობაში ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ იძულებული გახდა აეღო სესხი, როგორც ბანკიდან, ისე კერძო პირებისგან. მოცემულმა ვითარებამ მოსარჩელე მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ გაყიდა სახლი და გადაფარა ვალები. სახლი მიჰყიდა იმ პირს, რომლისგანაც ნაწილი თანხა ჰქონდა ნასესხები. სახლის მესაკუთრემ კი, გამოიჩინა კეთილი ნება და მოსარჩელის ოჯახს ნება დართო, იმავე სახლში გაეგრძელებინა ცხოვრება. მოსარჩელის მითითებით, მას შემდეგ, რაც სამინისტრომ მის ოჯახს უარი უთხრა განსახლებაზე, ურთიერთობა დაეძაბა სახლის მესაკუთრესთან, რომელიც მოითხოვს ოჯახის გამოსახლებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ე. ი-ი, ი. ი-ი, ია. ი-ი, გ. ი-ი და ნ. კ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 8 ნოემბრის #2205 ბრძანება; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მოსარჩელის ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით გარდაცვლილი ი. ი-ის უფლებამონაცვლედ დადინდა ლ. ი-ი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე), რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სააგენტო მსგავსი საკითხის გადაწყვეტისას ეყრდნობა მის მიერ მოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელისათვის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არის ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობა. მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ შედგენილი ოქმის თანახმად, მოსარჩელე წლების განმავლობაში ცხოვრობს ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში, რომელიც ამჟამად ფორმალურად სხვა პირზეა რეგისტრირებული. მოცემული ფაქტის გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, მიმდინარე ეტაპზე მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება, რადგან ოჯახი არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელე იმ მიზნით უარყოფს ალტერნატიული საცხოვრებელის არსებობას, რომ უფრო ადრე მიიღოს საცხოვრებელი ფართი. ასეთი შემთხვევები მრავლადაა და სამინისტრო ცდილობს ინდივიდუალურად გაერკვეს არსებულ მდგომარეობაში და ბინა გადასცეს რეალური საჭიროების მქონე პირს.

კასატორი მიუთითებს „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესზე“ და აღნიშნავს, რომ კანონი გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას და აღნიშნულით სურს, პირველ რიგში, მოახდინოს საცხოვრებლით უზრუნველყოფა იმ დევნილი ოჯახებისა, რომლებსაც არანაირი თავშესაფარი არ გააჩნიათ, რათა უწინარესად მოხდეს ყველაზე შეჭირვებული დევნილების თავშესაფრით დაკმაყოფილება. ცხადია, ეს ნორმა არ უარყოფს და ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას, საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი, მათ შორის, ის ოჯახები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე ან გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი. სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ეს ვალდებულება ძალაში რჩება მათთან მიმართებითაც, ვისაც რაიმე ალტერნატიული საცხოვრებელი და თავშესაფარი გააჩნია.

კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, სააგენტომ დაიცვა ყველა მოთხოვნა, რაც გათვალისწინებულია საკითხის მომწესრიგებელი აქტებით და მიმდინარე ეტაპზე საცხოვრებლით არ დააკმაყოფილა ოჯახი, რომელიც შეუზღუდავად სარგებლობს მისი ყოფილი საკუთრებით და უახლოეს მომავალში მას არ ემუქრება საფრთხე, დარჩეს საცხოვრებლის გარეშე. ის ფაქტი, რომ ოჯახი სახელმწიფოსაგან საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელია, არ დგას ეჭვის ქვეშ, თუმცა მათ აქვთ თმენის ვალდებულება, დაელოდონ თავიანთ რიგს და რიგითობის გათვალისწინებით, მიიღონ საცხოვრებელი ფართი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება წარმოადგენს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 8 ნოემბრის #2205 ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი #73), ქალაქ ქუთაისში, ...ში (...ის ქუჩა #53, ...ის ქუჩა #7, ...ის ქუჩა #112) ლ. ი-ის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ მოცემულ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ #6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ #7 დანართის შესაბამისად. #6 დანართის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დროისათვის ი-ა. ქ-ის ოჯახის საკუთრებაში აღარ ირიცხებოდა რაიმე სახის საკუთრება, რის გამოც საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხების მომწესრიგებელი სპეციალური ნორმატიული თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები - დევნილის მიერ საცხოვრებელი პირობების გაუარესების ან/და საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების შემთხვევაში, რაიმე შეზღუდვას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, დაუსაბუთებელია გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტით მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს ჰქონდა საკუთრება, რომლითაც ფაქტობრივად სარგებლობს და შესაბამისად, არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას. საკასაციო სასამართლო კვლავ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას - 2017 წლის 8 ნოემბრის მდგომარეობით, მოსარჩელის სახელზე საკუთრება აღარ ირიცხებოდა.

ასევე საყურადღებოა სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მოსარჩელის ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის (..., სოფ. ...) მესაკუთრის - ა. ქ-ის ჩვენება, რომლის მიხედვითაც, იგი მოსარჩელის ოჯახის ნათესავია და ი-ა. ქ-ების ოჯახს, მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ქირას არ ახდევინებს. მოწმემ მიუთითა, რომ ლ. ი-ს მისი ვალი ჰქონდა, დაახლოებით 6-7 ათასი ლარი და ვინაიდან იგი აღნიშნული თანხის დაბრუნებას ვერ ახერხებდა, ვალის დაბრუნების სანაცვლოდ მისგან შეიძინა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება და დაუმატა თანხა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ იგი აღნიშნულ ბინაში გადასვლას აპირებს და ითხოვს ბინის მოსარჩელის ოჯახისაგან დაცლას.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, ნათესავის ბინაში ცხოვრებისა და ზოგადად, ბინით სარგებლობის ფაქტი, თავისთავად არ გამორიცხავდა განსახლების აუცილებლობას, რამდენადაც, საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება, რამდენად შესაძლებელი იყო მოსარჩელის ოჯახის მოცემულ ბინაში ცხოვრება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე