საქმე #ბს-1209(კ-20) 22 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 27 დეკემბერს თ. ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, 2017 წლის 20 ნოემბრის #964 განკარგულების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
სარჩელის თანახმად, სადავო აქტით კომისიამ მიიჩნია, რომ განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ხის მასალის დროებითი კონსტრუქციები და ავტოფარეხი, რომლებიც არ არის მიწასთან მყარად დაკავშირებული. ამასთან, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ მდებარეობდა მოსარჩელის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ. მოსარჩელის განმარტებით, მოცემული მოსაზრება დაუსაბუთებელია და მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს, ვინაიდან, მართალია, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი ხის მასალისაგან არის ნაშენი, მაგრამ ის მყარადაა დაკავშირებული მიწასთან. ამასთან, საკუთრებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს თ. ქ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეს და თავისი ფართობით ნაკლებია მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რაც ნათლად ჩანს ასევე სიტუაციური გეგმიდან და საკადასტრო აზომვითი ნახაზიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი მისი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. კომისიის მიერ საკითხის შესწავლა განხორციელდა ზედაპირულად, არ იქნა ზუსტად გამოკვლეული წარდგენილი დოკუმენტაცია და თვით მიწის ნაკვეთის რეალური ადგილმდებარეობა, შესაბამისად, მიღებულ იქნა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით თ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი თ. ქ-ის მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 20 ნოემბრის #964 განკარგულება; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, თ. ქ-ის განცხადებაზე, ქ. ბათუმში, ...ის დასახლებაში მდებარე 335,0 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა- ნაგებობებზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილება) გამოცემა დაევალა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 აგვისტოს განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგბლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულიული წარმოების ფარგლებში წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, კომისიამ დაადგინა, რომ განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ხის მასალის დროებითი შენობა-ნაგებობები, რომლებიც მყარად არ არის მიწასთან დაკავშირებული, ასევე ავტოფარეხი. აღნიშნულს ადასტურებს საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ფოტომასალაც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტით (20.11.2017წ. #964 განკარგულება) მოსარჩელეს ქალაქ ბათუმში, ...ის დასახლებაში მდებარე 335,0 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ საფუძლით, რომ თ. ქ-ის მოთხოვნა არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. კერძოდ, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული საცხოვრებელი სახლი, ან დამხმარე შენობა-ნაგებობა, რომელიც მიწასთან მყარად იქნებოდა დაკავშირებული. ამასთან, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას არ შეიძლება დაექვემდებაროს მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული ავტოფარეხით, რაც „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ქალაქის იერსახის განვითარებისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 28 მარტის #3-7 დადგენილების შესაბამისად, ექვემდებარება დემონტაჟს. ამასთან, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არც განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს წარმოადგენდა. ამდენად, თ. ქ-ე ვერ ჩაითვლებოდა საკუთრების უფლებასაღიარებული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დამკავებლად.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებული მიწა განიმარტება, როგორც მოცემული კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში რიცხულ 1708 კვ.მ მიწის ნაკვეთს მის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ ესაზღვრება. რაც შეეხება ქ. ბათუმში, ...ის დასახლებაში, 368 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ....) განთავსებულ #11 მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში თ. ქ-ის საკუთრებაში რიცხულ 92,27 კვ.მ საცხოვრებელ ფართს (ს/კ ....), აღსანიშნავია, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს არა თ. ქ-ის, არამედ ამხანაგობის საკუთრებას, რის გამოც მოცემულ ნაკვეთთანაც საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი 335,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავეობა, კანონის დანაწესიდან გამომდინარე, კონკრეტული შემთხვევისათვის არ განიხილება. ამდენად, სადავო განკარგულებაში მითითებული გარემოება, რომ თ. ქ-ის მიერ თვითნებურად დაკავებული ნაკვეთი არ ჩაითვალა მის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთად, საფუძვლიანია.
რაც შეეხება სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას, საკასაციო სასამართლოს მითითებით, ხის მასალისგან აშენების გამო, არ შეიძლება ის დროებით ნაგებობას, ან ასაწყობ კონსტრუქციას მიეკუთვნოს. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შენობა-ნაგებობის საინჟინრო კონსტრუქცია და დანიშნულება, თუ რა მახასიათებლები გააჩნია მას ამ მხრივ. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, რომ თუ ხის შენობის საძირკველი არ არის ბეტონით გამყარებული, ის არ ჩაითვლება მიწასთან მყარად დაკავშირებულად. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა, რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია თ. ქ-ის განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა ხის დროებით კონსტრუქციად, რომელიც მყარად არ იყო დაკავშირებული მიწასთან. აღსანიშნავია, რომ შენობის სახეობის შესახებ დასკვნა უნდა ემყარებოდეს სრულყოფილ სპეციალურ გამოკვლევა-შეფასებას. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის განმარტებაზე, რომლის თანახმად, ხის შენობა ჯერ კიდევ 1990-იანი წლებში არის აშენებული, რომელსაც ოჯახი საცხოვრებლად გამოიყენებდა, ხოლო შემდეგ, როდესაც მათ სხვა საცხოვრებელი გამოუჩნდათ, ეს შენობა დამხმარე სათავსოდ დაიტოვეს. ამასთან, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ არ იქნა შეფასებული, უფლებასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე მდებარე მეორე შენობის, ავტოფარეხის არსებობის ფაქტიც, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული კონკრეტული გარემოებები, კერძოდ, შენობის აშენების პერიოდი, მისი დანიშნულება, ნაგებობის საინჟინრო კონსტრუქციის მახასიათებლები და მასთან დაკავშირებით სპეციალისტის მოსაზრება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 აგვისტოს განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე