Facebook Twitter

საქმე #ბს-1192(კ-20) 22 აპრილი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 21 მარტს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ი/მ ი. წ-ისა და ი/მ თ. ნ-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით ქ. თბილისში, ...ის ქუჩის #6-ში (ს.კ. ...) მდებარე უძრავი ქონება - შენობა #19-34 წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. ზემოაღნიშნული უძრავი ქონებით, 43.69 კვ.მ. ფართით არამართლზომიერად სარგებლობენ და მას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებენ ი/მ ი. წ-ი და ი/მ თ. ნ-ი. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 24 დეკემბრის #007721615 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა #6-ში (ს.კ. ...) მდებარე შენობა #19-34-ის 43.69 კვ.მ ფართის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით საორიენტაციოდ შეადგენდა 175 ლარს, 2014 წლის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 175 ლარს, 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით საორიენტაციოდ შეადგენდა 218 ლარს.

ამდენად, მოსარჩელემ მოპასუხეებისათვის - ი/მ ი. წ-ისა და ი/მ თ. ნ-ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის 8786.13 ლარის ოდენობით (2012 წლის 17 სექტემბრიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით, თვეში 175 ლარის ოდენობით - 4804 ლარი; 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის 8 ივლისის ჩათვლით თვეში 218 ლარის ოდენობით - 3982.13 ლარი) გადახდის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს - ი/მ ი. წ-სა და ი/მ თ. ნ-ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრათ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობის საფასური 2014 წლის მარტიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით, თვეში 175 ლარის ოდენობით (1750 ლარის ოდენობით) და 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის 8 ივლისის ჩათვლით თვეში 218 ლარის ოდენობით (3982.13 ლარის ოდენობით).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი/მ ი. წ-მა და ი/მ თ. ნ-მა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ, მხოლოდ 1526 ლარის ნაწილში დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი; არ დაკმაყოფილდა ი/მ თ. ნ-ისა და ი/მ ი. წ-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხეთა მხრიდან სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტი 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2014 წლის მარტამდე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებას და მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლო იყო და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

რაც შეეხებოდა სასარჩელო მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მიმართ 2015 წლის 16 იანვარს წარდგენილი განცხადებით მოპასუხეებმა თავად დაადასტურეს ის გარემოება, რომ ისინი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით (მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა #6, ს.კ. ...) სარგებლობდნენ 2014 წლის მარტიდან. საქმეში წარმოდგენილი იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ი/მ თ. ნ-ს შორის, ასევე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ი/მ ი. წ-ს შორის 2015 წლის 31 აგვისტოს დადებული ხელშეკრულებები. სააპელაციო პალატის მითითებით, აღნიშნულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, მოპასუხეები განმარტავდნენ, რომ ისინი სწორედ ამ პერიოდიდან ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ სახეზე იყო დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი არ იაზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხეთა მხრიდან 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2014 წლის მარტის თვემდე სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, კასატორი განმარტავს, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარემ თავად დაადასტურა, რომ ზემოაღნიშნულ ქონებას ისინი ფლობდნენ 2005 წლიდან, კერძოდ, მათ ჰქონდათ გასაღები და სარგებლობდნენ ფართით.

კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ ი/მ ი. წ-სა და ი/მ თ. ნ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2014 წლის მარტამდე პერიოდზე თვეში 175 ლარის ოდენობით, სულ - 2975 ლარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია მოპასუხეებისათვის - ი/მ ი. წ-ისა და ი/მ თ. ნ-ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის 8786.13 ლარის ოდენობით (2012 წლის 17 სექტემბრიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით, თვეში 175 ლარის ოდენობით - 4804 ლარი; 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის 8 ივლისის ჩათვლით თვეში 218 ლარის ოდენობით - 3982.13 ლარი) გადახდის დაკისრება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს - ი/მ ი. წ-სა და ი/მ თ. ნ-ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრათ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2014 წლის მარტიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით, თვეში 175 ლარის ოდენობით (1750 ლარის ოდენობით), და 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის 8 ივლისის ჩათვლით თვეში 218 ლარის ოდენობით (3982.13 ლარის ოდენობით).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა როგორც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ასევე, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შესაბამისად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ასევე, ი/მ ი. წ-ისა და ი/მ თ. ნ-ის მიერ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის განჩინებით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის განჩინება კი საკასაციო წესით გასაჩივრებულია მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, კერძოდ, მოპასუხეებისათვის 2014 წლის მარტიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით, თვეში 175 ლარის ოდენობით (1750 ლარის ოდენობით), და 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის 8 ივლისის ჩათვლით თვეში 218 ლარის ოდენობით (3982.13 ლარის ოდენობით) საფასურის დაკისრების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის განჩინებაზე საკასაციო საჩივრის მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენის პირობებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს განჩინების მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი/მ ი. წ-მა და ი/მ თ. ნ-მა 2015 წლის 16 იანვარს განცხადებით მიმართეს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს, სადაც განმარტეს, რომ 2010 წლიდან 2014 წლის მარტის თვემდე აღნიშნული ფართი გამოყენებული არ ყოფილა, რადგან საქმიანობას ეწეოდნენ საცხოვრებელი სახლის მისამართებზე ინდივიდუალურად. ვინაიდან 2014 წლის მარტის თვეში ფართი არ ფუნქციონირებდა, მათ გააგრძელეს ამ ფართით სარგებლობა არაინტენსიურად, კვირაში 1-2 დღე. 2015 წლის თებერვალში ჩამოყალიბდნენ ბიზნეს ოპერატორებად და სექტემბერში დადეს ხელშეკრულება ქ. თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურთან ცხოველთა აღრიცხვიანობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს აღნიშნული ფართის ინტენსიური გამოყენება. 2015 წლის დეკემბერში მოპასუხეებმა შეიტანეს განაცხადი იუსტიციის სახლში ფართის პირდაპირი იჯარით გადმოცემაზე, რაზედაც მიიღეს უარი.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 24 დეკემბრის #007721615 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა #6-ში მდებარე, #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ფართის (შენობა #19-34, ფართობი 43.69 კვ.მ.) მთლიანი, ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება - 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით საორიენტაციოდ შეადგენდა 175 ლარს, 2014 წლის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 175 ლარს, ხოლო 2015 წლის იანვრიდან დღემდე საორიენტაციოდ შეადგენს 218 ლარს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით.

ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა პატრონობა. მითითებული მუხლის 13 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხეთა მხრიდან სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტი 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2014 წლის მარტამდე. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე