საქმე #ბს-1231(კ-20) 22 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 7 აგვისტოს თ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 7 ნოემბრის #2688938 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (დეპარტამენტი) ...ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს (ქ. ...ი) ქ. ...ის ... განყოფილების უმცროსი ინსპექტორის (...ი) თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით თ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ხ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინებით თ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, შეფასების აქტებით ვერ დგინდება, რა კრიტერიუმებით შეფასდა გამოსაცდელ ვადაში მისი მუშაობა მაშინ, როცა წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება, რაც მოცემულ გარემოებას დაადასტურებდა. კასატორის მოსაზრებით, ადმინსტრაციულმა ორგანომ არასწორად გამოიყენა კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება. ამასთან, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა მოწმეების დაკითხვისას გამოვლენილი ფაქტები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 24 აპრილის ბრძანებით გამოსაცდელი ვადით დანიშნული თ. ხ-ი გათავისუფლდა 2015 წლის 10 აპრილიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (დეპარტამენტი) ...ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს (ქ. ...ი) ქ. ...ის ...ის განყოფილების უმცროსი ინსპექტორის (...ი) თანამდებობიდან.
კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში სადავო ბრძანება და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ მოსამსახურემ უნდა იცოდეს, რეალურად, რა საფუძვლით იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან. იმის გამო, რომ მას შეუსრულდა ზღვრული ასაკი, თუ იმის გამო, რომ გავიდა გამოსაცდელი ვადა და ამ ვადის განმავლობაში არადამაკმაყოფილებლად შეფასდა მისი მუშაობა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის მიერ, 2017 წლის 7 ნოემბერს გამოცემულ იქნა სადავო ბრძანება, რომლითაც გამოსაცდელი ვადით დანიშნული თ. ხ-ი (გამოსაცდელი ვადის გასვლისა და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო) გათავისუფლდა საქართველოს შსს-ს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (დეპარტამენტი) ...ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს (ქ. ...ი) ქ. ...ის ... განყოფილების უმცროსი ინსპექტორის (...ი) თანამდებობიდან 2015 წლის 10 აპრილიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქციის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო. ამავე წესის 50-ე მუხლის მიხედვით, გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მოსამსახურის დათხოვნა ხდება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მისი მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან სპეციალური შემოწმების ჩატარებისას უარყოფითი შედეგების არსებობის შემთხვევაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს #491 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის“ (ძალადაკარგულია - 26.01.2018) მე-11 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების თანახმად, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, მეხანძრე-მაშველის/მაშველის უშუალო ხელმძღვანელი ამოწმებს გამოსაცდელი ვადით მიღებული მეხანძრე-მაშველის/მაშველის პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პიროვნული თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობას. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე მეხანძრე - მაშველის/მაშველის ხელმძღვანელი ადგენს გამოსაცდელი ვადის შედეგების შეფასების აქტს, რომელიც დგება წერილობითი ფორმით და დაერთვება მოსამსახურის პირად საქმეს. გამოსაცდელი ვადის გასვლისა და არადამაკმაყოფილებელი შედეგების, აგრეთვე სპეციალური შემოწმების უარყოფითი შედეგების გამო მეხანძრე - მაშველი/მაშველი შესაბამისი სამართლებრივი აქტით თავისუფლდება თანამდებობიდან, ხოლო დადებითი შედეგის შემთხვევაში გამოიცემა სამართლებრივი აქტი მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. ამავე წესის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გამოსაცდელი ვადის გასვლის და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაკავებული თანამდებობიდან სააგენტოს სამოქალაქო პირის გათავისუფლების, ხოლო მეხანძრე-მაშველის/მაშველის აგრეთვე სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი არის გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის უშუალო ხელმძღვანელის მიერ შედგენილი შეფასების აქტი.
...ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ...ის ... განყოფილების ოცეულის მეთაური - ი. გ-ის განმარტების თანახმად, თ. ხ-ის მიერ გამოსაცდელი ვადით მუშაობის პერიოდში, ცვლაში მუშაობის დროს, მასთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. მოწმის განმარტებით, თ. ხ-ი მისი ასაკიდან გამომდინარე, ვერ ართმევდა თავს ...ის მოვალეობას, კერძოდ, აკლდა ოპერატიულობა და სისწრაფე, რაც გადამწყვეტი იყო ...ის სპეციფიკიდან გამომდინარე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მისი მოსაზრებით, თ. ხ-ის პროფესიული უნარჩვევების გათვალისწინებით, იგი არ შეესაბამებოდა ...ის ... განყოფილების უმცროსი ინსპექტორის (...ი) თანამდებობას. ...ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ. ...ის ... განყოფილების უფროსის, სამოქალაქო უსაფრთხოების უფროსი ლეიტენანტის - კ. კ-ის 2017 წლის 16 ოქტომბრის შეფასების აქტში მითითებულია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ...ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ. ...ის ...ო განყოფილების მუშაობა არის სპეციფიკური, მოითხოვს დიდ ენერგიას და ძალას, ხოლო თ. ხ-ი ასაკიდან გამომდინარე, ჯეროვნად ვერ ახერხებდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას. ასაკიდან გამომდინარე იგი ვერ ართმევდა თავს ...ის მოვალეობას, რაც აისახებოდა ქ. ...ის ... განყოფილების მუშაობაზე. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში თ. ხ-ის შეფასების საფუძველზე, პროფესიული უნარჩვევების გათვალისწინებით კ. კ-ემ მიიჩნია, რომ იგი არ შეესაბამებოდა ქ. ...ის ... განყოფილების უმცროსი ინსპექტორის (...ი) თანამდებობისათვის შესაფერის მოსამსახურეს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა შეფასება იმისა - თ. ხ-ის მიერ გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში მის მიერ შესრულებული საქმიანობა რამდენად აკმაყოფილებდა აღნიშნული თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს. შეფასებით კი დადგინდა, რომ არადამაკმაყოფილებელი იყო მისი მონაცემები, სამსახურში გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოხელისათვის შემდგომში მასთან სამსახურეობრივი ურთიერთობის გაგრძელებისათვის, რის გამოც მართებულად არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა თ. ხ-ის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე