საქმე #ბს-1179(კ-20) 22 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 9 ოქტომბერს მ. ჯ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ მ. ჯ-ას თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის ნაწილში „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციიდან გამომდინარე მის მოსამსახურეთა კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს #52933 ბრძანების, მ. ჯ-ას ნაწილში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაციისას და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაცია/რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მიერ განხორციელებული გასაუბრებისა და მისი შედეგების შესახებ 2018 წლის 8 აგვისტოს #2 ოქმის ბათილად ცნობა, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ...ის ჯგუფის ...ის თანამდებობაზე მ. ჯ-ას აღდგენისა და კადრების განკარგულების თანამდებობიდან გათავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდისათვის სრულად მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს - ხელფასის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის საოქმო განჩინებით მ. ჯ-ას სარჩელისა გამო, მოპასუხე - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალებისა და ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მ. ჯ-ას ნაწილში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაციისას და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაცია/რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მიერ განხორციელებული გასაუბრებისა და მისი შედეგების შესახებ 2018 წლის 8 აგვისტოს #2 ოქმი; მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ...ის ჯგუფის ...ის თანამდებობაზე მ. ჯ-ას აღდგენა დაევალა; მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ კადრების განკარგულების თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით, იძულებით განაცდური შრომითი გასამრჯელოს - ხელფასის ანაზღაურება დაევალა; სარჩელი დარჩენილ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორი განმარტება მისცა სხდომის ოქმს, რომელიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და არის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის. კასატორის მითითებით, მოპასუხესთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის საკითხი გადაწყდა კანონის მოთხოვნის საფუძველზე - კადრებში აყვანის გზით, გასაუბრების ჩატარებამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მ. ჯ-ა 2015 წლის 6 მაისიდან მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ...ის განყოფილებაში ...ის თანამდებობაზე.
ასევე დადგენილია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს #52933 ბრძანებით მოსარჩელე მ. ჯ-ა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ...ის განყოფილების ...ი 2018 წლის 1 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციიდან გამომდინარე 01.08.2018წ-დან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ 2018 წლის 27 ივნისის კანონის თანახმად, ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და, ამის გათვალისწინებით, რეორგანიზებულ იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ამავე კანონის 71.1 მუხლის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაციისას და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციისას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეები (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) აყვანილ იქნენ აღნიშნული სამსახურის კადრების განკარგულებაში.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მ. ჯ-ას კადრების განკარგულებაში აყვანა პირდაპირ იქნა გათვალისწინებული კანონით, რის გამოც არ არსებობს მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
რაც შეეხება მ. ჯ-ას ნაწილში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაცია/რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მიერ განხორციელებული გასაუბრებისა და მისი შედეგების შესახებ 2018 წლის 8 აგვისტოს #2 ოქმს, დადგენილია, რომ მოსარჩელე შესაბამისი ბრძანების გარეშეა კადრების განკარგულებიდან გათავისუფლებული, რაც განხორციელდა სწორედ გასაჩივრებული ოქმის მიღების შემდეგ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადასტურებულ იქნა, რომ 2018 წლის 8 აგვისტოს გასაუბრების შემდგომ მ. ჯ-ას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ კომისიას დადებითი შეფასება არ მიუცია მისი კანდიდატურისათვის და არ მიუმართავს რეკომენდაციით უფლებამოსილი პირისათვის/საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსისათვის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. მ. ჯ-ას უარყოფითი შეფასება მიეცა და შესაბამისად, არ მოხდა მისი დანიშვნა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის #1 ბრძანებით დამტკიცებული სადავო პერიოდში მოქმედი „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის“ 41-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო პირის და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლება და სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს მოსამსახურესთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო პირი შეიძლება თანამდებობიდან გათავისუფლდეს შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება სტრუქტურული/ტერიტორიული დანაყოფის ლიკვიდაციის გამო.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად პირის თანამდებობიდან გათავისუფლება, მოცემული დანაწესის მიხედვით, მხოლოდ შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების შემთხვევაშია შესაძლებელი, ხოლო საშტატო ერთეულის შემცირება, თავის მხრივ, გულისხმობს კონკრეტული ფუნქციური დატვირთვით აღჭურვილი საშტატო ერთეულის საერთოდ გაუქმებას ისე, რომ აღნიშნული ფუნქციები, თუნდაც სხვა დასახელების და სხვა უწყებისადმი დაქვემდებარების მქონე საშტატო ერთეულის ფუნქციებში არ ტრანსფორმირდება.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილება მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე არ მიუღია და მასთან ფაქტობრივად შეწყვიტა შრომითი-სამართლებრივი ურთიერთობა სწორედ ზემოაღნიშნული კომისიის ოქმის საფუძველზე. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია სამართლებრივი შედეგი – თანამდებობაზე მოსარჩელის არდანიშვნის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება, რაც #2 ოქმში აისახა. რაც შეეხება მოცემულ ოქმს, საქმის მასალებით არ ირკვევა, თუ რა კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა მოსარჩელე, რის საფუძველზე არ მოხდა მისი დანიშვნა და მოპასუხემ რატომ შეწყვიტა ფაქტობრივად მასთან შრომითი-სამართლებრივი ურთიერთობა. მათ შორის, არც გასაჩივრებული ოქმი შეიცავს სათანადო დასაბუთებას ზემოაღნიშნულის თაობაზე, რის გამოც მართებულად იქნა დაკმაყოფილებული მოცემულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ...ის ჯგუფის ...ის თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2019 წლის 25 აპრილის წერილს, რომლის თანახმად, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში ვაკანტური თანამდებობებია: ადამიანური რესურსების მართვის განვითარების ჯგუფი - 2 სპეციალისტი და 1 უმცროსი სპეციალისტი; საკადრო საქმიანობის უზრუნველყოფის ჯგუფი - 2 სპეციალისტი; პირადი საქმეების აღრიცხვისა და პროფესიული მომზადების ჯგუფი - 1 წამყვანი სპეციალისტი, 2 სპეციალისტი და 1 უმცროსი სპეციალისტი. ამასთან საყურადღებოა, რომ მოცემულ საკითხთან მიმართებით, კასატორს რაიმე პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე