Facebook Twitter

საქმე #ბს-1275(კ-20) 22 აპრილი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 4 ივლისს ნ. ლ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ლაგოდეხის მაგისტრატ სასამართლოს მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილების მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, იგი დროებით, შვილის ოჯახის მოსანახულებლად გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში, სტავროპოლის ოლქის კაჩუბევსკის რაიონში, სადაც მიიღო დროებითი ბინადრობის ნებართვა. აღნიშნული პროცედურის პარალელურად, სოციალური საკითხის უზრუნველყოფის მიზნით მოხდა ნ. ლ-ას რეგისტრაცია ამავე რაიონის საპენსიო ფონდში. საპენსიო საკითხზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების დროს, რუსეთის საპენსიო ფონდმა შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის შუამდგომლობით, საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტიდან მოითხოვა ნ. ლ-ას საპენსიო საქმის დამოწმებული ასლების გადაგზავნა, პენსიის გაგრძელების მიზნით. აღნიშნულმა დეპარტამენტმა თავის დოკუმენტის ასლები გამოითხოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან და გადააგზავნა მოთხოვნის შესაბამისად. რუსეთის ფედერაციის საპენციო ფონდმა მოსარჩელეს პენსია არ დაუნიშნა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონულმა განყოფილებამ კი ნ. ლ-ას შეუწყვიტა დანიშნული სახელმწიფო პენსია 2015 წლის 1 სექტემბრიდან.

მოსარჩელის მითითებით, მან საქართველოში დაბრუნების შემდეგ მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონულ განყოფილებას და მოითხოვა როგორც შეწყვეტილი პენსიის განახლება, ასევე 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 1 თებერვლამდე შეწყვეტილი პერიოდის პენსიის თანხის გაცემა. სააგენტომ მოსარჩელეს პენსია განუახლა, თუმცა შეწყვეტილი პერიოდის პენსიის თანხის გაცემაზე უარი განაცხადა.

ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებისთვის ნ. ლ-ას სასარგებლოდ 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 1 თებერვლამდე პენსიის შეწყვეტით მიყენებული ზიანის - 800 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონულ განყოფილებას ნ. ლ-ას მიმართ დაეკისრა 800 ლარის ანაზღაურება.

ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ივნისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნ. ლ-ას განცხადების არსებობა, რომლითაც იგი მოითხოვდა თავისი მოქალაქეობის სახელმწიფოში დანიშნული პენსიის შეწყვეტას, არ დასტურდებოდა. გარდა ამისა, საქმის მასალებში ასევე არ მოიპოვებოდა ნ. ლ-ასთვის პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსაზრება იმის შესახებ, რომ პენსიის შეწყვეტის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ფაქტობრივი გარემოებები, რომ ნ. ლ-ამ სოციალური პენსიის დასანიშნად ასევე მიმართა რუსეთის ფედერაციაში საპენსიო ფონდს, რის გამოც არ არსებობდა მიუღებელი პენსიის ანაზღაურების საფუძველი, ვერ ასაბუთებდა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლები წარმოადგენს კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას და არა თავად ინდივიდუალურ აქტებს, ამდენად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ნ. ლ-ასთვის 2015 წლის პირველი სექტემბრიდან 2016 წლის პირველ თებერვლამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე, სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იყო და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მის კანონიერ ინტერესს, ესარგებლა კუთვნილი ქონებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდის სტავროპოლის ოლქის კოჩუბევსკის რაიონის 2015 წლის 16 თებერლის #98705/15 წერილის თანახმად, ნ. ლ-ამ მათ განცხადებით მიმართა პენსიის დასანიშნად, ამავე ფონდის 2016 წლის 8 ივნისის #07-07/5949 წერილში კი დამატებით აღნიშნულ იქნა, რომ ნ. ლ-ა, როგორც პენსიის ან სხვა სოციალური დახმარების მიმღები, აღრიცხვაზე არ ყოფილა, მას პენსია/დახმარება არ დანიშვნია და არც მიუღია. კასატორის მითითებით, ნ. ლ-ას პენსიის დანიშვნაზე უარი ეთქვა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პენსიის კანონში შესული ცვლილებებიდან გამომდინარე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას პენსია დაენიშნებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონულ განყოფილებისთვის ნ. ლ-ას სასარგებლოდ 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 1 თებერვლამდე პენსიის შეწყვეტით მიყენებული ზიანის - 800 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ რუსეთის ფედერაციაში ნ. ლ-ა, როგორც პენსიის ან სხვა სოციალური დახმარების მიმღები, აღრიცხვაზე არ ყოფილა და პენსია/დახმარება არ მიუღია. ამასთან, ნ. ლ-ას განცხადების არსებობა, რომლითაც იგი მოითხოვდა თავისი მოქალაქეობის სახელმწიფოში დანიშნული პენსიის შეწყვეტას, არ დასტურდება. გარდა ამისა, საქმის მასალებში ასევე არ მოიპოვება ნ. ლ-ასთვის პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება. პენსიის შეწყვეტას კი საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ნ. ლ-ამ სოციალური პენსიის დასანიშნად ასევე მიმართა რუსეთის ფედერაციაში საპენსიო ფონდს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებების არსებობა გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს პენსიის შეწყვეტის წინაპირობებს და აღნიშნავს, რომ კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რუსეთის ფედერაციის საპენსიო კანონმდებლობაში ცვლილების განხორციელებამ გამოიწვია მოსარჩელისთვის პენსიის გაცემაზე უარის თქმა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იგი მიიღებდა პენსიას, რაც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს, ვერ იქნება გაზიარებული. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის უფლებების შეზღუდვა იმ პოტენციური შედეგების გამო, რომელიც რეალურად არ დამდგარა, ზედმეტ და არათანაზომიერ ტვირთს აკისრებს მას და არ გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო გასაცემელთან დაკავშირებით ურთიერთობის შინაარსის კონკრეტულად განსაზღვრა ხდება ინდივიდუალური აქტის გამოცემით. კანონი განსაზღვრავს წინაპირობებს, რომელთა არსებობისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ჩაებას კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობებში, კანონით განსაზღვრული აბსტრაქტულ-გენერალური მოწესრიგება საჭიროებს მისი კონკრეტულ-ინდივიდუალური შემთხვევისადმი მისადაგებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეშვეობით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. განსახილველ შემთხვევაში ნ. ლ-ას როგორც პენსიონერს, პენსიის პერიოდული მიღების უფლება მოპოვებული ჰქონდა ასაკის გამო, თუმცა სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე პენსიის შეწყვეტიდან გამომდინარე, მან აღნიშნული უფლების რეალიზება ვერ შეძლო, რითაც მიადგა მატერიალური ზიანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი ნ. ლ-ასთვის 2015 წლის პირველი სექტემბრიდან 2016 წლის პირველ თებერვლამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ ინტერესს, ესარგებლა კუთვნილი ქონებით. ამდენად, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა ნ. ლ-ას სასარგებლოდ, მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება 800 ლარის ოდენობით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე