Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-196(კ-20) 21 აპრილი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - მ. ო-ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 7 ივლისს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - მ. ო-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს სახით ჯამში 10767.8 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით დაკისრება.

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მ. ო-ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 3000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ო-მა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და მ. ო-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მ. ო-ს სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის სახით 1 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა; დანარჩენ ნაწილში სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები, კერძოდ, სასამართლომ დაადგინა მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, თუმცა პირგასამტეხლოს თაობაზე მოთხოვნა მიიჩნია კანონმდებლობის შეუსაბამოდ და იგი არ დააკმაყოფილა.

კასატორის მითითებით, ვინაიდან მ. ო-ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შესრულებულა, ხელშეკრულება მიიჩნევა ცალმხრივად შეწყვეტილად, ხოლო მოძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და ექვემდებარება დაბრუნებას. შესაბამისად, მოპასუხეს, უნდა დაეკისროს მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაკისრების კანონიერება წარმოადგენს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ხოლო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს შორის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იჯარა-გამოსყიდვის 2007 წლის 30 ივლისის ხელშეკრულება დადებულია 1997 წლის 30 მაისის „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. აღნიშნული კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა 2010 წლის 21 ივლისის კანონით „სახელმწიფო ქონების შესახებ“, რომლის 481 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შემძენი (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გათავისუფლდა სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან, ეპატია სახელშეკრულებო ვალდებულებების (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო და საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულება გადაუვადდა 2017 წლის 1 იანვრამდე. ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზებისას სახელმწიფო ქონების შემძენი გათავისუფლდა 2014 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან და ეპატია საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო. ზემოაღნიშნული შეღავათების გათვალისწინებით, მ. ო-ს საპრივატიზებო თანხის, საიჯარო ქირისა და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის საბოლოო ვადად განესაზღვრა 2016 წლის 31 დეკემბერი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმებით სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოიჯარე მიიღებდა წერილობით გაფრთხილებას, სადაც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების აუცილებელი ვადა. ამასთან, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის მოიჯარე დაჯარიმდებოდა დარჩენილი საიჯარო ქონების ღირებულების და/ან გადასახდელი ქირის 0,1%-ით. მ. ო-ის მიერ კანონით დადგენილ ვადაში საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობის საფუძვლით, მოპასუხემ ხელშეკრულება შეწყვეტილად მიიჩნია და მოთხოვნილ იქნა ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნება, რაზედაც აღიძრა სარჩელი წინამდებარე საქმეზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ასახული ცვლილების შედეგად, ცალსახად დადგინდა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზებისას სახელმწიფო ქონების შემძენი გათავისუფლდა 2014 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან და ეპატია საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო. ამასთან, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულება მოპასუხეს გადაუვადდა 2017 წლის 1 იანვრამდე.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მ. ო-ს საპრივატიზაციო საფასურის გადახდის ვალდებულება გადაუვადდა 2017 წლამდე, რაც ვალდებულებითი ურთიერთობის მოპასუხის მხრიდან დარღვევის თაობაზე მსჯელობის მხოლოდ 2017 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდიდან დაშვებას გულისხმობს. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაც სწორედ ამ მომენტიდან უნდა იქნეს გამოყენებული. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, მ. ო-ისათვის, როგორც იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზებისას სახელმწიფო ქონების შემძენისათვის ვალდებულების შესრულების გადავადების პირობებში, მოსარჩელის მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მიიჩნევს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 481 მუხლის მე-5 პუნქტთან შეუსაბამოდ. რაც შეეხება მოთხოვნას მოპასუხისათვის საიჯარო ქირის დაკისრების თაობაზე, ზემოხსენებული კანონის დანაწესის საფუძველზე, საიჯარო ქირისგან განთავისუფლება არ შეეხო 2016 წლიდან 2017 წლამდე პერიოდს, რაც, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებისა და ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობის გათვალისწინებით, მოპასუხისათვის 1 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში დაკისრების საფუძველს ქმნის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე