გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 406-დად 4 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისიU
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგელია,
დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ მ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 ოქტომბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გეგუთის ¹8 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ოქტომბრის განაჩენით მ. გ-ძე ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
მ. გ-ძე სასჯელს იხდის 2002წ. 26 ივნისიდან. სასჯელის მოხდას იგი დაასრულებს 2005წ. 26 ივნისს.
2004წ. 19 სექტემბერს გეგუთის ¹8 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მ. გ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე, რაც 2004წ. 1 ოქტომბრის დადგენილებით არ იქნა დაკმაყოფილებული.
მსჯავრდებული კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებასა და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას.
პროკურორი ი. დ-ლი მხარს უჭერს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და შუამდგომლობს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, მსჯავრდებულ მ. გ-ის პირად საქმეს, მოუსმინა პროკურორს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულმა მ. გ-ემ სასჯელის სამი მეოთხედი მოიხადა 2004წ. 26 სექტემბერს. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია მსჯავრდებულს დადებითად ახასიათებს და მიიჩნევს, რომ მ. გ-ემ შეიგნო ჩადენილი დანაშაული, სარეჟიმო მოთხოვნებს ასრულებს კეთილსინდისიერად და დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ დასჯილი ან წახალისებული არ ყოფილა.
საკასაციო პალატა, მითითებული გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული დაავადებულია ტუბერკულოზით და შეფარდებული სასჯელიდან მოსახდელად დარჩენილი აქვს 7 თვე და 23 დღე, მიზანშეწონილად თვლის დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან მის პირობით ვადამდე გათავისუფლებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის ,,ე” ქვეპუქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. გ-ს კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 ოქტომბრის დადგენილება გაუქმდეს და მსჯავრდებული მ. გ-ძე დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.