საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-724(2კ-20) 13 მაისი, 2021 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) - შ. ჯ-ა, თ. მ-ი
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:შ. ჯ-ამ 2018 წლის 8 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 8 დეკემბრის №... და 2018 წლის 10 აპრილის №... ბრძანებების ბათილად ცნობა; შ. ჯ-ას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის (სამმართველოს) მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება; სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის, 2014-2017 წლების საშვებულებო თანხისა და ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების დავალება.
თ. მ-მა 2018 წლის 8 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 8 დეკემბრის №... და 2018 წლის 10 აპრილის №... ბრძანებების ბათილად ცნობა; თ. მ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის (სამმართველოს) წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება; სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის, 2014-2017 წლების საშვებულებო თანხისა და ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით შ. ჯ-ასა და თ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით შ. ჯ-ასა და თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ. ჯ-ასა და თ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 8 დეკემბრის „შ. ჯ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ №... და 2018 წლის 10 აპრილის „კადრების განკარგულებაში მყოფი შ. ჯ-ას შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ №... ბრძანებები; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა შ. ჯ-ას ამავე სამინისტროს ...ის (სამმართველოს) მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ან ტოლფას თანმდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ამავე სამინისტროს შ. ჯ-ას სასარგებლოდ დაეკისრა გათავისუფლების დღიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ყოველთვიური ოდენობის (ხელზე ასაღები) - 1267 ლარის და 2017 წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის - 211,15 ლარის ანაზღაურება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 8 დეკემბრის „თ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ №... და 2018 წლის 10 აპრილის „კადრების განკარგულებაში მყოფი თ. მ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ №... ბრძანებები; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა თ. მ-ის ამავე სამინისტროს ...ის (სამმართველოს) წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ამავე სამინისტროს თ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა გათავისუფლების დღიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ყოველთვიური ოდენობის (ხელზე ასაღები) - 1239 ლარის და 2017 წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის - 991,2 ლარის ანაზღაურება; მოპასუხისთვის შ. ჯ-ასა და თ. მ-ის 2014-2016 წლების გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხისა (ხელზე მისაღები) და 2014-2017 წლებში ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოსათვის თანხის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორები - შ. ჯ-ა და თ. მ-ი მიიჩნევენ, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, სამსახურში მოსარჩელეთა გამოცხადებისა და გასვლის თაობაზე ინფორმაციით, უდავოდ დასტურდება მოსარჩელეთა მიერ სამუშაოს ზეგანაკვეთურად შესრულება, მოპასუხეს კი საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ აქვს. კასატორთა მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის 58-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და არ გამოიყენა „საჯარო სამსახურის შესახებ“ სადავო პერიოდში მოქმედი კანონი, რომელიც ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის ზემდგომი თანამდებობის პირის წერილობითი დავალების არსებობის სავალდებულოობას არ ითვალისწინებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები (მოსარჩელეები) ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და დასახელებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს პირადი პატაკი (განცხადება) წარმოადგენს, რომელიც გამოხატავს პირის ნებას, გათავისუფლდეს სამსახურიდან. განსახილველ შემთხვევაში სწორედ პირადი პატაკები გახდა მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების წინაპირობა. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო არ ეთანხმება შ. ჯ-ასა და თ. მ-ის პოზიციას, რომ მათ ნება მოტყუებით გამოხატეს, რადგან კასატორის განმარტებით, მოტყუების საფუძვლით საქმეზე დამდგარი შედეგის ბათილად ცნობისთვის უნდა დადასტურდეს, რომ მოტყუებამ პირის ნების ფორმირებისას არსებითი შეცდომა გამოიწვია. კასატორი მიიჩნევს, რომ არც იძულებას ჰქონია ადგილი, რადგან იძულებისას პირს უჩნდება მისი ან მისი ქონებისთვის რეალური საფრთხის შემცველობის განცდა. კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა ნების ფორმირებაზე დამსაქმებლის გავლენის შეფასებისას სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა მხოლოდ მოწმის ჩვენებით, მტკიცების ტვირთი კი მოსარჩელეებს ეკისრებოდათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ჯ-ას, თ. მ-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს პირადი პატაკების საფუძველზე შ. ჯ-ასა და თ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება, მოსარჩელეთა ნების ნამდვილობის საკითხის შეფასების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლა კი, იმავე კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი შეიძლება გახდეს. ამრიგად, პირის ნების თავისუფლებას განეკუთვნება დაკავებული თანამდებობის დატოვების შესაძლებლობა, თუმცა გამოხატული ნების შედეგის - სამსახურიდან გათავისუფლების გათვალისწინებით, აუცილებელია, დამსაქმებელმა გადაწყვეტილების მიღებამდე შეაფასოს გამოვლენილი ნების ნამდვილობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ნების გამოხატვის ნამდვილობის დადგენა კი „ემსახურება ნების გამოხატვის თავისუფლების პრინციპის რეალიზაციას, რაც გულისხმობს, რომ კონკრეტული ქმედება, არჩევანი, გადაწყვეტილება უნდა წარმოადგენდეს პირის ნამდვილ ნებას, იგი არ უნდა იყოს პროვოცირებული ძალადობის, იძულების, მუქარის, შანტაჟის, დაპირების და სხვა პირის არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებით ჩამოყალიბებული ან განპირობებული“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-663-659(კ-17)). ამრიგად, მხოლოდ ნამდვილი და თავისუფალი ნების გამოხატვამ უნდა გამოიწვიოს პირის სამსახურიდან დათხოვნა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ. ჯ-ა და თ. მ-ი დასაქმებულნი იყვნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან პირადი პატაკების საფუძველზე, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ოთხვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ კი - დათხოვნილ იქნენ სამინისტროდან. ამასთან, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მათ პატაკი დაწერეს მოტყუებით, უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, რომელმაც განუმარტა, რომ პატაკების დაწერა მხოლოდ ფორმალობა იყო და კვლავ დაინიშნებოდნენ თანამდებობებზე.
საკასაციო სასამართლო, მოსარჩელეთა პოზიციის საფუძვლიანობასა და გამოვლენილი ნების ნამდვილობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხული ს. ტ-ას განმარტებებზე. სწორედ აღნიშნული პირი იყო სადავო პერიოდში იმ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის უფლებამოსილების შემსრულებელი, სადაც მოსარჩელეები იყვნენ დასაქმებულნი. ს. ტ-ას განმარტებით, მას დაუკავშირდა კადრების უფროსი, რომელმაც დაავალა, რეორგანიზაციასთან დაკავშირებით თანამშრომლებს დაეწერათ განცხადებები კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე, რაც ჩვეულებრივი პროცედურა იყო და თანამშრომლები კვლავ დაინიშნებოდნენ. ს. ტ-ას განმარტებითვე, 2017 წლის 6 დეკემბერს მან დეპარტამენტის თანამშრომლებს, მათ შორის, შ. ჯ-ასა და თ. მ-ს, აუხსნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების უფროსის დავალებისამებრ, ყველას უნდა შეედგინა პირადი პატაკი და მოეთხოვა კადრების განკარგულებაში აყვანა; აღნიშნული განპირობებული იყო სამინისტროს რეორგანიზაციის მიზნებით და რეორგანიზაციის დასრულებისთანავე ყველა თანამშრომელი ხელმეორედ დაინიშნებოდა. აღსანიშნავია, რომ მოწმის განცხადებით, მოსარჩელეებმა თავიდანვე გამოთქვეს პატაკის დაწერაზე პროტესტი, თუმცა საბოლოოდ დეპარტამენტის სამოცამდე თანამშრომელმა დაწერა პატაკი. შესაბამისად, მოწმის ჩვენება ადასტურებს როგორც მოსარჩელეთათვის თანამდებობებზე კვლავ დანიშვნის დაპირებასა და პატაკების დაწერის ფორმალურ პროცედურად წარმოჩენას, ისე მოსარჩელეების მიერ საკუთარი პოზიციების - სამსახურში დარჩენის სურვილის იმთავითვე გამოხატვას. პატაკებშიც მოსარჩელეები ითხოვდნენ არა ზოგადად სამსახურიდან დათხოვნას, არამედ დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლებას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და მიდგომას, როდესაც ნების გამოვლენის ნამდვილობის საკითხის გამორკვევისას გაითვალისწინა მოსარჩელეთა ინდივიდუალური გარემოებები: სამუშაო სტაჟი, გამოცდილება, საბანკო ვალდებულებების არსებობა (საქმის მასალების თანახმად, შ. ჯ-ას ოჯახს აღებული აქვს იპოთეკური სესხი 100000 აშშ დოლარის ოდენობით), თ. მ-ი არის ორი მცირეწლოვანი შვილის დედა, ხოლო შ. ჯ-ას ჰყავს პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ძმა.
საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივი ანალიზისა და შეფასების შედეგად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კადრების განკარგულებაში გადაყვანის თაობაზე მოსარჩელეთა 2017 წლის 6 დეკემბრის პატაკები არ ასახავს სადავო სამართალურთიერთობის ჭეშმარიტ არსს და არ შეიძლება ჩაითვალოს ნამდვილი ნების გამოვლენად. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხის გამოკვლევა წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, რომლის სათანადოდ შესრულების შემთხვევაშიც მოპასუხე აუცილებლად დაადგენდა მოსარჩელეთა ნამდვილ ნებას. სწორედ ამიტომ, არ არსებობდა პირად პატაკებზე მითითებით მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების წინაპირობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოპასუხეს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაავალა.
რაც შეეხება 2014-2017 წლებში ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების საკითხს, 2017 წლის პირველ ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება ჰქონდა, მოხელის ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაეწესებინა სხვა დანამატები. ამრიგად, სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით ზეგანაკვეთური მუშაობისთვის დამატებითი ანაზღაურების გაცემა დამოკიდებული იყო დაწესებულების ხელმძღვანელის მიხედულებასა და დაწესებულების ფინანსურ შესაძლებლობებზე. სწორედ ამიტომ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად ეთქვათ უარი ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ. ჯ-ას, თ. მ-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე