საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-936(გ-20) 13 მაისი, 2021 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა ვ. ო-ას სარჩელის განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:ვ. ო-ამ 2020 წლის 10 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ და მოითხოვა ამავე უნივერსიტეტის ...ის სადოქტორო პროგრამის სააპელაციო კომისიის 2020 წლის 3 სექტემბერს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელის კვლევითი განაცხადი შეფასდა 2,8 ქულით; ვ. ო-ამ, ასევე, მოითხოვა მოპასუხისთვის ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალება, რომლითაც ძალაში დარჩება მოსარჩელის პირვანდელი შეფასება და მიეცემა კონკურსის შემდეგი ეტაპის (ზეპირი პრეზენტაცია) გავლის შესაძლებლობა.
სარჩელის თანახმად, 2020 წლის 13 აგვისტოს ვ. ო-ა დარეგისტრირდა სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ...ის სადოქტორო პროგრამაზე მისაღებ კანდიდატთა კონკურსზე. მოსარჩელის კვლევითი განაცხადი შეფასდა 3 ქულით (მაქსიმალური ქულა - 5 ქულა). მიუხედავად იმისა, რომ მიღებული ქულა საკმარისი იყო შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, საკონკურსო პოზიციის გაუმჯობესების მიზნით, მოსარჩელემ მიღებული შეფასება სააპელაციო კომისიაში გაასაჩივრა. სააპელაციო კომისიამ კი ვ. ო-ას მიანიჭა 2,8 ქულა, რამაც მისი სადოქტორო პროგრამის კონკურსიდან გამოთიშვა განაპირობა. მოსარჩელე სწორედ აღნიშნულ შეფასებას ხდის სადავოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით სარჩელი განსჯადობის წესით განსახილველად გადაეგზავნა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ სარჩელი შეეხება სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ...ის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის გამართულ კონკურსში მიღებულ შეფასებას, სადავო საკითხს კი აწესრიგებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 5 ნოემბრის №105 სხდომის ოქმით დამტკიცებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა არ მიეკუთვნება საჯარო-სამართლებრივს, ვინაიდან იგი არ არის მოწესრიგებული ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ვ. ო-ას სარჩელი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემული დავა ეხება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო კანონმდებლობის ნორმებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ დავის არსის, ურთიერთობის მახასიათებლის, არსებული ნორმატიული მოწესრიგებისა და საკანონმდებლო რეგულაციის („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა ნორმატიული აქტების) მიზნის გათვალისწინებით, სადავო ურთიერთობა განეკუთვნება საჯარო და არა კერძო-სამართლებრივ ურთიერთობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების გაცნობის შედეგად, მიიჩნევს, რომ ვ. ო-ას სარჩელი განხილულ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც დადგენილია, რომ სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ პირი არაგანსჯად სასამართლოში წარადგენს სარჩელს, სასამართლომ სარჩელი განსჯად სასამართლოს უნდა გადაუგზავნოს და აცნობოს ამის შესახებ მოსარჩელეს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საერთო სასამართლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი კონკრეტული სასამართლოს განსაზღვრა ხდება განსჯადობის წესების საფუძველზე. ამასთან, განსჯადი სასამართლო უნდა დადგინდეს განსჯადობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლში ჩამოთვლილია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახილველი საქმეები, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით განსახილველი დავების ჩამონათვალს შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი. ამასთანავე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილში დაზუსტებულია, რომ სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსჯადი სასამართლოს დადგენა უნდა მოხდეს დავის თავისებურებების გათვალისწინებით, რაც მხარეთა ზუსტ განსაზღვრას, სასარჩელო მოთხოვნათა დეტალურ შესწავლასა და გამოსაყენებელი კანონმდებლობის შეფასებას მოითხოვს. ამასთან, მართალია, ადმინისტრაციული წესით განსახილველ დავებში ერთ-ერთ მხარედ აუცილებლად მონაწილეობს ადმინისტრაციული ორგანო, მაგრამ „განსჯადობის საკითხში კანონმდებელმა გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა სადავო სამართალურთიერთობის ბუნებას და არა მის მონაწილეებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის მიხედვით საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ამავე კოდექსის 2.2 მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს ადმინისტრაციული დავის საგანს (ტაქსაცია). აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული (ენუმერაცია). კანონმდებლის მითითება იმის შესახებ, რომ საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს. სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში: იმ შემთხვევაში, თუ სამართალურთიერთობა რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის ან სხვა კერძო-სამართლებრივი წყაროს ნორმებით, დავა სამოქალაქო კატეგორიისაა, უკეთუ ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა მოცულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ან საჯარო სამართლის სხვა წყაროთი, დავა ადმინისტრაციულ კატეგორიას განეკუთვნება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-844-828(გ-12)).
განსახილველ შემთხვევაში დავა ეხება სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ...ის სადოქტორო პროგრამის კონკურსის ფარგლებში მოსარჩელის შეფასების კანონიერებას, კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 13 აგვისტოს დარეგისტრირდა დასახელებულ სადოქტორო პროგრამაზე მისაღებ კანდიდატთა კონკურსზე. მისი კვლევითი განაცხადი, მაქსიმალური - 5 ქულიდან, შეფასდა 3 ქულით. მიღებული ქულა ვ. ო-ამ უნივერსიტეტის სააპელაციო კომისიაში გაასაჩივრა, კომისიამ კი მას 2,8 ქულა მიანიჭა. მოსარჩელე სწორედ ქულის შემცირებას არ ეთანხმება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, უდავოა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მოპასუხედ დასახელებული სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს.
რაც შეეხება დავის გადაწყვეტისთვის გამოსაყენებელ კანონმდებლობას, საკასაციო პალატა მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დოქტორანტურა არის აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხური; „ტ1“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა წარმოადგენს აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც არის სასწავლო კომპონენტისა და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის ერთობლიობა და რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-8 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს. იმავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ7“ ქვეპუნქტის თანახმად, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესსა და პირობებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამტკიცებს. ამასთან, იმავე კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დოქტორანტურაში მიღების წესები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით, ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით.
დასახელებულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისა და სწავლების ძირითადი მიმართულებები/პრინციპები სწორედ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით არის განსაზღვრული. მართალია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავისი დებულებით დეტალურად აწესრიგებს საკითხს, თუმცა მან სწორედ დასახელებული კანონის მოთხოვნები უნდა გაითვალისწინოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №134/ნ ბრძანებით. წესდების პირველი მუხლის მე-2 პუნქტში კი მითითებულია, რომ უნივერსიტეტის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებსა და ამ წესდებას. წესდება, სხვა საკითხებთან ერთად, აწესრიგებს აკადემიური საბჭოს წევრების არჩევისა და საბჭოს უფლებამოსილების საკითხებსაც. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 28 დეკემბრის №14 სხდომის ოქმით კი დამტკიცებულია უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დებულება, რომელიც განსაზღვრავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს საქმიანობისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესს, დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების კრიტერიუმებს, დოქტორანტურაში მიღების წესს, დოქტორანტურის აკადემიურ შინაარსს და ხელმძღვანელის/თანახელმძღვანელის ძირითად მოვალეობებს, დოქტორანტურის მიზნებს, სადისერტაციო ნაშრომის და სადოქტორო პორტფოლიოს დაცვის წესს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან სადავო საკითხი მოსარჩელის შეფასების - დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელი ქულის განსაზღვრის კანონიერებას შეეხება, იგი შეიცავს საჯარო-სამართლებრივ ბუნებას და სასარჩელო მოთხოვნათა გადაწყვეტისას სასამართლომ სწორედ ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტებით უნდა იხელმძღვანელოს, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობას განეკუთვნება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ. ო-ას სარჩელი, მოპასუხის - სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ო-ას სარჩელი, მოპასუხის - სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე