Facebook Twitter

საქმე #ბს-1306(კ-20) 13 მაისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 21 დეკემბერს ვ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, მას ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით საკუთრებაში გადაეცა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა #40-ში მდებარე მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდებით #... და #..., რომლებსაც მოსარჩელის ოჯახი ფლობდა 50 წლის განმავლობაში უწყვეტად. აღნიშნული მიწის ნაკვეთების გარდა, მათ მფლობელობაში იყო #... მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 300 კვ.მ-მდე ნაკვეთიც, რომელიც აღიარების კომისიის კონსულტანტის მიერ არასწორად გაწეული კონსულტაციის შედეგად, მოსარჩელის და მისი ოჯახის მხრიდან არ იქნა ასახული ნახაზსა და განცხადებაში, ვინაიდან კონსულტანტის მითითებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი უნდა დარეგისტრირებულიყო #... და #... მიწის ნაკვეთების დარეგისტრირების შემდგომ.

მოსარჩელის მითითებით, მის მიერ 2016 წლის ოქტომბერში საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში შეტანილ იქნა განაცხადი დარჩენილ 312 კვ.მ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, თუმცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 სექტემბრის #1483 განკარგულებით, მას უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ #...) საკუთრების უფლების აღიარებაზე. მოსარჩელის მითითებით, მას სადავო აქტი ჩაჰბარდა 2017 წლის 21 ოქტომბერს.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 312 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დარეგისტრერებასთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე იგი მიწვეული უნდა ყოფილიყო და უნდა მოესმინათ მისი არგუმენტები. ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ განკარგულებაში მითითებული არგუმენტები იყო არასწორი. მითითება იმის თაობაზე, თითქოს მოსარჩელე იმყოფებოდა კომისიის სხდომაზე, რაც ფიქსირდება ჟურნალში მისი ხელმოწერით, წარმოადგენდა არასწორ ინფორმაციას.

ამდენად, მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 სექტემბრის #1433 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ვ. მ-ის შუამდგომლობა მოთხოვნის უზრუნველსაყოფად სადავო განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შპს „...ი“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-51 მუხლის მესამე პუნქტზე, რომლის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ არ არსებობდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 სექტემბრის #1433 განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი.

რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 3 აგვისტოს #622 ოქმის ამორიცხვის ან აღნიშნული მტკიცებულების სიყალბის დადასტურების მიზნით სასამართლოს მიერ კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნის თობაზე, იმის გამო, რომ აღნიშნული ოქმის დანართზე ვ. მ-ის ხელმოწერა გაყალბებული იყო, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითებები იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს არ მოუთხოვია #622 ოქმის საქმიდან ამორიცხვა, ამასთან მოცემულ ეტაპზე არ დასტურდებოდა მისი სიყალბე; მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა, თვითონ უზრუნველეყო სიყალბის დასადასტურებლად ექსპერტიზის ჩატარება, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა. ამდენად, არ არსებობდა მითითებული ოქმის საქმიდან ამორიცხვის საფუძველი. რაც შეეხება სასამართლოს მიერ ექპერტიზის დანიშვნას, ასეთ ვალდებულებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლი უპირობოდ არ ადგენს, არამედ, საპროცესო ნორმით გათვალსიწინებულია სასამართლოს შესაბამისი შესაძლებლობა, რასაც სასამართლო გამოიყენებს, თუ ამას მიიჩნევს აუცილებლად დავის გადაწყვეტის მიზნებიდან გამომდინარე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულის კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სასამართლომ არ მოახდინა დარღვევებზე რეაგირება. კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, რომ მოსარჩელე მიწვეული არ იყო კომისიის სხდომაზე და არ მიეცა შესაძლებლობა თავისი მოსაზრება დაეფიქსირებინა. ასევე კასატორის მოსაზრებით, თუ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ იყო სრულყოფილი და ნათლად არ იკვეთებოდა სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მიერ ფლობის ფაქტი, კომისია ვალდებული იყო ადგილზე მისულიყო და დაეთვალიერებინა ნაკვეთი, ასევე მას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-51 მუხლის თანახმად უნდა დაენიშნა ექსპერტიზა.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა არასწორად განმარტეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-51 მუხლის დანაწესები, ვინაიდან განცხადების წარდგენისთანავე კომისია ვალდებული იყო დაეწყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეღო უარყოფითი გადაწყვეტილება თუ კანონით გათვალისწინებული ყველა ეტაპის გავლის შემდეგ არ დადასტურდებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი.

კასატორი #622 ოქმის საქმიდან ამორიცხვის თაობაზე სასამართლოს განმარტებასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ აღნიშნული ოქმი მისთვის ხელმისაწვდომი გახდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, შესაბამისად, მას ექსპერტიზის დანიშვნისთვის საჭირო დრო არ ჰქონდა, თუმცა მან ადგილზევე გამოთქვა პრეტენზია მისი ნამდვილობის შესახებ. კასატორის მითითებით, იგი არ ყოფილა მიწვეული კომისიის სხდომაზე, შესაბამისად, მისი ხელმოწერა არ იყო ნამდვილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ვ. მ-ისთვის #... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის მომიჯნავე 312 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 სექტემბრის #1433 განკარგულების კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილად არის მიჩნეული, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 სექტემბრის #1433 განკარგულებით ვ. მ-ს უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა #40-ის მიმდებარე #... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის მომიჯნავე 312 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმაზე მითითებით, რომ არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის მფლობელობის ფაქტი.

ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ასევე დადგენილად არის მიჩნეული, რომ ვ. მ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით მიწის ნაკვეთის მფლობელობის ფაქტზე მტკიცების სარწმუნოობას გამორიცხავდა ორთოფოტოს მონაცემები, რომელზეც არ ჩანდა მიწის ნაკვეთის მფლობელობაზე მეტყველი ღობე ან სხვა რაიმე ნიშანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-51 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არ ჰქონდა საფუძველი დაედგინა ვ. მ-ის მიერ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა #40-ის მიმდებარე, #... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის მომიჯნავე 312 კვ.მ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს არ მოუთხოვია #622 ოქმის საქმიდან ამორიცხვა, აღნიშნული დოკუმენტის სიყალბე კი არ დასტურდებოდა. მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა, თვითონ უზრუნველეყო სიყალბის დასადასტურებლად ექსპერტიზის ჩატარება, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა. ამდენად, არ არსებობდა მითითებული ოქმის საქმიდან ამორიცხვის საფუძველი. რაც შეეხება სასამართლოს მიერ ექპერტიზის დანიშვნას, ასეთ ვალდებულებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლი უპირობოდ არ ადგენს, არამედ, საპროცესო ნორმით გათვალსიწინებულია სასამართლოს შესაბამისი შესაძლებლობა, რასაც სასამართლო გამოიყენებს, თუ ამას მიიჩნევს აუცილებლად დავის გადაწყვეტის მიზნებიდან გამომდინარე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გააქარწყლებდა და #622 ოქმის საქმიდან ამორიცხვის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 სექტემბრის #1433 განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი იქნებოდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ვ. მ-ის საკასაციო საჩივარზე ზ. მ-ს 26.11.2020წ. #1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ვ. მ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება;

3. ვ. მ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზ. მ-ის მიერ 26.11.2020წ. #1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე