საქმე #ბს-1329(კ-20) 13 მაისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 16 დეკემბერს თ. ს-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, იგი წარმოადგენდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, რომელსაც არ გააჩნდა საცხოვრებელი ადგილი. იგი ამავდროულად რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და შესაბამისი სარეიტინგო ქულის საფუძველზე იღებდა შემწეობას.
მოსარჩელის მითითებით, მან 2019 წლის 18 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილება, რაზეც მას 2019 წლის 14 ნოემბრის #04-1710/ო ბრძანებით უარი ეთქვა, საფუძვლად კი მითითებული იყო ზოგადი ფრაზა - „არსებითად მცდარი ინფორმაცია“.
ამდენად, მოსარჩელემ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 14 ნოემბრის #04-1710/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 იანვრის სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხე მხარე და მოპასუხედ მიეთითა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 14 ნოემბრის #04-1710/ო ბრძანება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართალწარმოების ეტაპზე დადგენილი იყო თ. ს-ას ქ. თბილისი, ...ის რაიონი, ...ის ქ. #49-ში ცხოვრების ფაქტი, თუმცა, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია ის საცხოვრებელი ფართი, სადაც მოსარჩელე რეალურად ცხოვრობდა. ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მათ მოსარჩელე ადგილზე არ დახვდათ და სადავო გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე, რომლებიც სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი არ იყო ადმინისტრაციული წარმოების დროს, ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯეროვნად არ შეაფასა თუ სად ცხოვრობდა რეალურად მოსარჩელე, ასევე ის გარემოებები, თუ რამ განაპირობა მონიტორინგის პერიოდში თ. ს-ას შვილთან ყოფნა, მიზეზი და საფუძვლები. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შვილთან სტუმრად მისვლა არ შეიძლებოდა გამხდარიყო საფუძველი იმის დასადასტურებლად, რომ შვილის საცხოვრებელი ადგილი წარმოადგენდა მოსარჩელის ფაქტობრივ მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, როდესაც წარმოდგენილი მასალებით და მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად დასტურდებოდა თ. ს-ას ქ. თბილისი, ...ის რაიონი, ...ის ქ. #49-ში ცხოვრების ფაქტი.
სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელისათვის მინიჭებული ქულა საკმარისი იყო მისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის, რასაც თვით აპელანტიც უთითებდა სააპელაციო საჩივარში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ს-ას სარჩელი საფუძვლიანი იყო და იკვეთებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანების შესაბამისად დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საჭიროება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააგენტოს მონიტორინგის სამსახურმა შეისწავლა თ. ს-ას მიერ მიწოდებული ინფორმაცია და ამის შემდეგ უარი უთხრა მას საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის წარდგენის გამო. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც იქნა დადასტურებული, მაგრამ სასამართლომ არ გაიზიარა სააგენტოს პოზიცია და გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმრტებას და მოსარჩელის შვილის, მ. ს-ას ჩვენებას, რომელიც პირდაპირ დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს საქმეში და მის პირდაპირ და უშუალო ინტერესს წარმოადგენს დედის, თ. ს-ას ბინით უზრუნველყოფა.
კასატორის მითითებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანება განსაზღვრავს დევნილი ოჯახების საჭიროების პრიორიტეტულობას. შესაბამისად, პირველ რიგში ისეთი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება, რომელთაც არ გააჩნიათ არანაირი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
კასატორი თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ცხოვრობს შვილის საკუთრებაში, მას გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი და სასწარაფო განსახლებას არ საჭიროებს. კასატორის მითითებით, მართალია დევნილი ოჯახის მიერ დაგროვილი ქულათა რაოდენობა საკმარისია საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისათვის, მაგრამ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, რომელიც საკითხს განიხილავს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, პირველ რიგში ამოწმებს მათ საცხოვრებელ პირობებს, ცხოვრობენ თუ არა ისინი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის ქვეშ, გააჩნიათ თუ არა მათ საცხოვრებელი საიდანაც ისინი უნდა გავიდნენ და დატოვონ და ფაქტიურად რჩებიან საცხოვრებლის გარეშე. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში დევნილი ოჯახი არც სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ საცხოვრებელში ცხოვრობს და არც თავშესაფრის გარეშე დარჩენა ემუქრება უახლოეს მომავალში. ამიტომ პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის მომეტებული სართხის ქვეშ, ის ოჯახები, რომლებიც საერთოდაც თავშესაფრის გარეშე არიან დარჩენილები და სხვაზე მეტად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას და შემდგომ ის ოჯახები, რომელთაც მართალია აქვთ საკმარისი ქულათა რაოდენობა საცხოვრებლის მისაღებად, მაგრამ ამ ეტაპისათვის სასწრაფო განსახლებას არ საჭიროებენ და გააჩნიათ საცხოვრებელი.
კასატორი მიუთითებს, რომ თუკი დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს განაცხადის შეფასებაზე, აპლიკაცია რჩება განუხილველი. კასატორი განმარტავს, რომ აღნიშნული დათქმა ემსახურება იმ მიზანს, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია იყოს რეალური და არ ისახავდეს მიზნად ადმინისტრაციული ორგანოს შეცდომაში შეყვანას. განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელე მცდარი ინფორმაციის მიწოდებით ცდილობდა სააგენტოს შეცდომაში შეყვანას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 14 ნოემბრის #04-1710/ო ბრძანებით თ. ს-ასთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება და მოპასუხისთვის თ. ს-ასთვის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
საქმის მასალებით დადგენილად არის მიჩნეული, რომ მოსარჩელე თ. ს-ას მიერ შევსებულ იქნა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი. განაცხადის დამუშავების შედეგად წინასწარი შეფასებით მოიპოვა 8.0 ქულა: საცხოვრებელი ფინანსური პირობები, ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე 1.5 ქულა, სოციალური კრიტერიუმი - 2,5, მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრისგან - 1.0 ქულა, ა. ს-ა ომში დაღუპული წევრი, გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში - 3 ქულა.
ასევე დადგენილია, რომ თ. ს-ა ცხოვრობს მარტო, მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ქ. #49. ამასთანავე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2020 წლის 30 ივნისს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოძახებულ და დაკითხულ იქნა მოსარჩელის შვილი მ. ს-ა, რომელმაც განმარტა, რომ თ. ს-ა ცხოვრობს მარტო, თუმცა, როდესაც დედამისს ექმნება ჯანმრთელობის პრობლემები უვლის და რჩება მ. ს-ას საკუთრებაში, ასევე თ. ს-ა ეხმარება შვილის მოვლაში, რომელსაც აქვს მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირის სტატუსი. ხშირად მიდის და რჩება, თუმცა მათი ერთად ცხოვრება შეუძლებელია, ვინაიდან შვილიშვილს, ე. შ-ეს აქვს პარანოიდული შიზოფრენია. ამავე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოძახებულ და დაკითხულ იქნა ა. ღ-ი, რომელმაც განმარტა, რომ ქირავნობის ხელშეკრულება აქვთ დადებული თ. ს-ასთან 13 წელია და ქირის ოდენობა შეადგენს 100 ლარს, რომელიც ხშირად მიდის შვილთან და ეხმარება ბავშვის მოვლაში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ის გარემოება, რომ მონიტორინგის მომენტში პირი არ იმყოფებოდა მუდმივ საცხოვრებლად არჩეულ ადგილას და იმყოფებოდა შვილთან სტუმრად, ვერ იქნება მიჩნეული მოსარჩელის მიერ არასწორი ინფორმაციის მიწოდების დამადასტურებელ მტკიცებულებად და ვერ გახდება მოსარჩელის ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ შეესაბამება არსებულ ფაქტობრივ გარემოებას და დაეფუძნა მხოლოდ მოსარჩელის გადამოწმების მიზნით შედგენილ მონიტორინგის მასალებს, რომელიც არ ასახავს რეალურ ფაქტობრივ მდგომარეობას. ამასთანავე, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელისათვის მინიჭებული ქულა საკმარისი იყო მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის, რასაც კასატორიც ადასტურებს საჩივარში, შესაბამისად, იკვეთება თ. ს-ას მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობა.
რაც შეეხება კასატორის მითითებას მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების რიგითობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, რომელიც არ არის საფრთხის შემცველი პირის სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობისთვის, ავტომატურად არ მოიაზრებს იმას, რომ არ არსებობს დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საჭიროება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც პირისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობა საკმარისია საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის. ამდენად, მოსარჩელის ქირის სანაცვლოდ შესაბამის საცხოვრებელში ცხოვრების ფაქტი არ გამორიცხავდა მის უფლებას, მიეღო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართი მოცემულ ეტაპზე არსებული კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე