Facebook Twitter

საქმე #ბს-1343(2კ-20) 13 მაისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 13 ივლისს კ. ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, 1992 წლის 20 აგვისტოს მიღება-ჩაბარების #428 აქტის საფუძველზე, მას საკუთრებაში გადაეცა 0,15 ჰა სახნავი მიწის ნაკვეთი #10. მან 2016 წლის 12 აგვისტოს მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, უძრავ ქონებაზე, მდებარე - ქ. თბილისი, სოფ. ...ი. ადმინისტრაციული წარმოებისას აღმოჩნდა, რომ კ. ქ-ის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, უძრავი ნივთი ზედდებაში იყო ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში რეგისტრირებულ ... საიდენტიფიკაციო კოდის მქონე ნაკვეთთან. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით 2017 წლის 9 ოქტომბერს ქ. თბილისის მერიას მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, სადაც აღნიშნული იყო, რომ კ. ქ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა სარეგისტრაციო მოთხოვნებს და ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში უძრავი ქონება დარეგისტრირდებოდა განმცხადებლის სახელზე. მიუხედავად აღნიშნულისა, 2018 წლის 27 აპრილს სსიპ ქონების მართვის სააგენტომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აცნობა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკადასტრო ცვლილება არ მიაჩნდა მიზანშეწონილად და ვერ დაკმაყოფილდებოდა საზღვრის კორექტირების მოთხოვნა. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 2 მაისს მოსარჩელეს უარი ეთქვა უძრავი ქონების რეგისტრაციაზე.

მოსარჩელის მითითებით, მიღებული გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს აყენებდა პირდაპირ ზიანს. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხარემ გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. საჩივარი განიხილა ადმინისტრაციულმა ორგანომ და მიუთითა, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა უნდა მომხდარიყო სასამართლოს მიერ.

ამდენად, მოსარჩელემ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის #61-0118117321 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 ივნისის #10-01181732132 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოსთვის უძრავ ქონებაზე (ს.კ. ...) საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2019 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით კ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის #61-0118117321 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა კ. ქ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების შესწავლისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 ივნისის #10-01181732132 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომლებმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2017 წლის 16 აგვისტოს მოხდა ქ. თბილისში, ...ის რაიონი, ...ის მიმდებარე ტერიტორიის ადგილზე დათვალიერება, რომლის საფუძველზეც შედგა #00107 ოქმი. ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთი არ იყო შემოსაზღვრული, არ იყო განაშენიანებული. სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის კ. ქ-ის მიერ კანონიერ მფლობელობას ადასტურებდა მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. ადგილზე დათვალიერებისას ასევე გადამოწმდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნახაზის საკადასტრო მონაცემები. ვინაიდან ნაკვეთი არ იყო შემოსაზღვრული, ვერ მოხერხდა ნახაზის შესაბამისობის დადგენა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა დაადგინა, რომ კ. ქ-ის მიერ #... სარეგისტრაციო განცხადების ფარგლებში წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი იყო საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტური.

სააპელაციო პალატამ ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა სარეგისტრაციო მოთხოვნებს და #...-ით საკადასტრო კოდის კორექტირების შემთხვევაში, უძრავი ქონება დარეგისტრირდებოდა კ. ქ-ის საკუთრებად.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ისე, რომ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია 1992 წლის 20 აგვისტოს #428 მიღება-ჩაბარების აქტზე, რომლითაც ირკვევა, რომ მცხეთის რაიონის სოფ. ...ის მიწის რეფორმის კომისიის წევრებმა ადგილზე საკუთრებაში ჩააბარეს სოფ. ...ის მცხოვრებ კ. ქ-ეს მიწის ნაკვეთი #10, ფართობით 0,15 ჰა. ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის, 2018 წლის 27 თებერვლის და 2018 წლის 5 მარტის წერილებზე, რომლებითაც სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ეცნობა, რომ #... სარეგისტრაციო განაცხადზე დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა სარეგისტრაციო მოთხოვნებს და #...-ით საკადასტრო კოდის კორექტირების შემთხვევაში, უძრავი ქონება დარეგისტრირდებოდა კ. ქ-ის საკუთრებად.

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება - კორექტირების საკითხის განხილვა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს განეკუთვნებოდა, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი, ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დაფუძნება მხოლოდ ზოგადი ხასიათის მითითებაზე საკმარისი არ იყო, საჭირო იყო საქმის გარემოებების შესაბამისი გამოკვლევა და შესწავლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.ვ1“ ქვეპუნქტზე, 62-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ქ1“ ქვეპუნქტზე, 74-ე მუხლის პირელ ნაწილზე, 75-ე მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის #13-42 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს დებულების“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-80 მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა. ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით და ორგანიზაციულად უზრუნველყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვასთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ სადავოდ გამხდარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის #61-0118117321 წერილი მიღებულია სწორედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დელეგირებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში.

კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში არ ჰყავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, მოქმედი კანონმდებლობით, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესწავლა წარმოადგენს სასამართლოსადმი უწყებრივად ქვემდებარე საქმეს. ვინაიდან განსახილველი საკითხი სასამართლოს განსჯადია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა მოთხოვნა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, უკან დაუბრუნდა განმცხადებელს 2018 წლის 31 მაისს წარდგენილი #19/0118151547-01 ადმინისტრაციულ საჩივარი, თანდართულ მასალებთან ერთად.

კასატორი მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 ივნისის #10-01181732132 წერილი წარმოადგენს ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტს, რომელიც არ წარმოშობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის დამახასიათებელ სამართლებრივ შედეგს და აღნიშნავს, რომ არცერთი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით იმ კონტექსტში, არის თუ არა ის თავისი ბუნებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

კასატორი - სსიპ ქონების მართვის სააგენტო „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის #14 ბრძანებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 109-ე მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის მე-6-7 მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და 170-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი, სხვა იურიდიული თუ კერძო პირის, ასევე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების მსგავსად, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ობიექტს. საკუთრების უფლება კონსტიტუციით გარანტირებული და დაცული უფლებაა და მნიშვნელობა არა აქვს, ამ უფლების რეალიზაციას ახორციელებს სახელმწიფო, კერძო პირი, იურიდიული პირი თუ თვითმმართველი ერთეული.

კასატორი აღნიშნავს, რომ რომ სსიპ - ქონების მართვის სააგენტო მოქმედებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის #13-42 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება.

ამდენად, კასატორის მითითებით, მან კანონმდებლობის შესაბამისად და დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, 2018 წლის 27 აპრილის #61-0118117321 გადაწყვეტილებით მიზანშეწონილად არ მიიჩნია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: #...) საკადასტრო მონაცემთა ცვლილება. შესაბამისად, სააგენტოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში სადავო გადაწყვეტილება მიღებული იქნა კანონით დადგენილ ფარგლებში, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვით და იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც ჰქონდა სააგენტოს მინიჭებული ეს უფლებამოსილება.

კასატორი აღნიშნავს, რომ მართალია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის 2017 წლის 13 სექტემბრის #34-01172563573 წერილში მითითებული იყო, რომ დასტურდებოდა კ. ქ-ის დაინტერესებაში არსებული და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, თუმცა, ამავე წერილში ასევე იკითხებოდა, რომ „ადგილზე დათვალიერებისას ასევე გადამოწმდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნახაზის საკადასტრო მონაცემები. გამომდინარე იქიდან, რომ მიწის ნაკვეთი არ იყო შემოსაზღვრული, ვერ მოხერხდა ნახაზის შესაბამისობის დადგენა“. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ მხოლოდ დაინტრესებული პირის მიერ წარდგენილი აზმოვითი ნახაზის (რომლის შესაბამისობაც დაუდგენელია დათვალიერების შედეგად დადგენილ მიწის ნაკვეთთან) საფუძველზე დადგენილი იდენტურობის ფაქტით დაუშვებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების ეჭვქვეშ დაყენება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და შესაბამისად, ისევე როგორც ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, ვალდებულია დაიცვას მესაკუთრის კანონიერი ინტერესები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაშიც კი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია და არა ვალდებული განახორციელოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კორექტირება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს უძრავ ქონებაზე საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით მოსარჩელისთვის უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის #13-42 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულება)“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. ამავე წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სააგენტოს ფუნქციას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (ფართობის შემცირებით), თუ დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი განცხადებით წარმოდგენილი იქნება სარეგისტრაციო წარმოებისას სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული გადაფარვის (ზედდების) ამსახველი სიტუაციური ნახაზი და გადაფარვაში მოხვედრილ უძრავ ქონებაზე არსებული დოკუმენტაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ სააგენტო უფლებამოსილია, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების ან უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების პროცედურები გაატაროს ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე, თუ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, მისი ინიციატივით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილად არის მიჩნეული, რომ კ. ქ-ის მიერ 2016 წლის 12 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ განცხადებაზე თანდართული მიწის ნაკვეთის (მდებარე: თბილისის, სოფელი ...ი) საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, აღნიშნული უძრავი ნივთი ზედდებაში იყო ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, ს.კ. .... ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას წერილით გადაეგზავნა კ. ქ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და ეთხოვა სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხის განხილვა. ასევე ეცნობა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა სარეგისტრაციო მოთხოვნებს. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის #61-0118117321 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ #... სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) საკადასტრო მონაცემთა ცვლილება სააგენტოს არ მიაჩნდა მიზანშეწონილად და მისი მოთხოვნა საზღვრების კორექტირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ასევე დადგენილად არის მიჩნეული, რომ 2017 წლის 16 აგვისტოს მოხდა ქ. თბილისში, ...ის რაიონი, ...ის მიმდებარე ტერიტორიის ადგილზე დათვალიერება, რომლის საფუძველზეც შედგა #00107 ოქმი. ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთი არ იყო შემოსაზღვრული, არ იყო განაშენიანებული. სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის კ. ქ-ის მიერ კანონიერ მფლობელობას ადასტურებდა მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. ადგილზე დათვალიერებისას ასევე გადამოწმდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნახაზის საკადასტრო მონაცემები. ვინაიდან ნაკვეთი არ იყო შემოსაზღვრული, ვერ მოხერხდა ნახაზის შესაბამისობის დადგენა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა დაადგინა, რომ კ. ქ-ის მიერ #... სარეგისტრაციო განცხადების ფარგლებში წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი იყო საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტური.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ისე, რომ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია 1992 წლის 20 აგვისტოს #428 მიღება-ჩაბარების აქტზე, რომლითაც ირკვევა, რომ მცხეთის რაიონის სოფ. ...ის მიწის რეფორმის კომისიის წევრებმა ადგილზე საკუთრებაში ჩააბარეს სოფ. ...ის მცხოვრებ კ. ქ-ეს მიწის ნაკვეთი #10, ფართობით 0,15 ჰა. ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის, 2018 წლის 27 თებერვლის და 2018 წლის 5 მარტის წერილებზე, რომლებითაც სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ეცნობა, რომ #... სარეგისტრაციო განაცხადზე დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა სარეგისტრაციო მოთხოვნებს და #...-ით საკადასტრო კოდის კორექტირების შემთხვევაში, უძრავი ქონება დარეგისტრირდებოდა კ. ქ-ის საკუთრებად.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაცია საკმარისი იყო მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის და მხოლოდ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირება იყო საჭირო. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ ფორმალური მითითება, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) საკადასტრო მონაცემთა ცვლილება, არ იყო საკმარისი დასაბუთება. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო საკითხი სრულყოფილად გამოეკვლია და მოეძიებინა შესაბამისი ინფორმაცია, მას კი სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმეში არსებული მასალები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხის განხილვა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაშიც, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება ვალდებულება, რომ გააკეთოს არა მხოლოდ ზოგადი შეფასება, არამედ დეტალურად შეისწავლოს საქმის გარემოებები.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის მოტივებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 27.11.2020წ. #03220 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება;

3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.11.2020წ. #03220 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე