საქმე #ბს-1264(კ-20) 13 მაისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 31 ივლისს კ. ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მას შორის დაიდო ხელშეკრულება (კონტრაქტი) „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე მისაღები სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. 2013 წლის 16 თებერვალს კი - კონტრაქტი „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“.
მოსარჩელის მითითებით, მასა და მოპასუხეს შორის 4 წლის ვადით დადებული პირველი ხელშეკრულება შეწყდა ვადის გასვლის გამო და მეორე 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა 2013 წლის 16 თებერვალს, შესაბამისად, პირველი კონტრაქტიდან მეორე კონტრაქტის დადებამდე გასული იყო 2 წელზე ნაკლები.
მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანების 471 და 472 პუნქტებზე, რომელიც შესაბამისი კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ 7000 ლარის ოდენობით ერთჯერადი დახმარების გაცემას ითვალისწინებს და აღნიშნა, რომ მას ეკუთვნოდა აღნიშნული ერთჯერადი დახმარება.
მოსარჩელის მითითებით, მან 2019 წლის 25 ივნისს მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთჯერადი დახმარების სახით 7000 ლარის გაცემის მოთხოვნით, თუმცა 2019 წლის 5 ივლისის # MOD 3 19 00687602 წერილით მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის 5 ივლისის #MOD 3 19 00687602 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის კ. ქ-ის სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების - 7000 ლარის გადახდის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის 5 ივლისის #MOD 3 19 00687602 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა - 7000 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანების (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 იანვრიდან) 471 პუნქტზე და მიიჩნია, რომ კ. ქ-ეს სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შედეგად წარმოეშვა ერთჯერადი დახმარების სახით 7000 ლარის მიღების უფლება.
ამასთან, სააპელაციო პალატამ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანებაში დამატებულ 476 პუნქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ კონტრაქტში ერთჯერადი დახმარების ვალდებულების, როგორც დახმარების გაცემის ერთ-ერთი სავალდებულო წინაპირობის, გათვალისწინება მხოლოდ 2017 წლის 7 მარტს განხორციელებული ცვლილების შემდეგ გახდა აუცილებელი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის #14 ბრძანებით, უკუძალა დადგენილი არ იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, იმისთვის, რომ სამხედრო მოსამსახურეს მიეცეს ერთჯერადი დახმარება, სახეზე ერთდროულად უნდა იყოს შემდეგი პირობები - სამხედრო მოსამსახურესთან, რომელიც გადიოდა სამხედრო სამსახურს კონტრაქტის საფუძველზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანების 47 პუნქტით დადგენილი რომელიმე საფუძვლით, კონტრაქტის დასრულების შემდგომ კვლავ უნდა იყოს გაფორმებული კონტრაქტი 2, 4 ან 8 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტის ან მის შემდგომ). გარდა ამისა, მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი უნდა ითვალისწინებდეს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ამგვარი დახმარების გაცემის ვალდებულებას.
კასატორის მითითებით, კ. ქ-ემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან 2013 წელს გააფორმა კონტრაქტი 4 წლის ვადით, რომელიც არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის კ. ქ-ის სასარგებლოდ 7000 ლარის ოდენობით მიუღებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების დაკისრება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანების (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 იანვრიდან) 471 პუნქტის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. აღნიშნული პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე სამხედრო მოსამსახურემ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი.
საქმეში არსებული მასალების მიხედვით დგინდება, რომ კ. ქ-ემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან პირველი კონტრაქტი გააფორმა 2009 წლის 16 თებერვალს, ვადის გასვლის შემდეგ, 2013 წლის 16 თებერვალს კი მათ შორის დაიდო ახალი კონტრაქტი, რომელიც დასრულდა 4-წლიანი ვადის გასვლით 2017 წლის 16 თებერვალს.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კ. ქ-ეს 2017 წლის 16 თებერვალს, 2013 წლის 16 თებერვლის კონტრაქტის დასრულების შედეგად, წარმოეშვა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის #14 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანებაში და დამატებული 476 პუნქტით განისაზღვრა სამინისტროს მხრიდან ერთჯერადი დახმარების გაცემა იმ შემთხვევაში, თუ ამგვარ ვალდებულებას კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ცვლილებით დადგენილი დანაწესი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე, რადგან ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. მოცემულ შემთხვევაში, ნორმატიული აქტის უკუძალა დადგენილი არ არის, შესაბამისად, მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე ვრცელდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანების მხოლოდ 471 და 472 პუნქტებით გათვალისწინებული დანაწესი. მითითებული ცვლილებით დადგენილი დანაწესი კი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულ კონტრაქტში ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემის გაუთვალისწინებლობა არ გამორიცხავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებას, აენაზღაურებინა შესაბამისი თანხა მოსარჩელისათვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე