საქმე #ბს-1288(კ-20) 13 მაისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ხ-ისა და ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 18 ოქტომბერს გ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, მან და ლ. ჯ-მა, როგორც ერთი ოჯახის წევრებმა, თავშესაფარი ფართის მიღების მიზნით, მათი უსახლკარო პირებად რეგისტრაციისთვის, განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს, რომლის 2018 წლის 25 აპრილის #1007/9 და #1008/2 ბრძანებით მათ უარი ეთქვათ უსახლკაროდ რეგისტრაციაზე. აღნიშნული ბრძანებები მოსარჩელემ საჩივრით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომელმაც 2019 წლის 20 სექტემბრის #1462 ბრძანებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის #28-116 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის დაუკმაყოფილებლობის გამო, გ. ხ-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა, ლ. ჯ-ის ნაწილში კი საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
მოსარჩელის მითითებით, რეგისტრაციის საკითხის განხილვის დროს, მის ანგარიშზე დაფიქსირდა 7000,21 ლარის შემოსავალი, ლ. ჯ-ის ანგარიშზე კი - 1080 ლარი. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხა საკმარისი იყო ორსულიანი ოჯახის საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისთვის. მოსარჩელის მითითებით, ისინი წარმოადგენდნენ სოციალურად დაუცველ ოჯახს და იღებდნენ საარსებო შემწეობას, თავად იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, დედამისი - ლ. ჯ-ი კი იყო ღრმად მოხუცებული, რომელსაც ესაჭიროებოდა მუდმივი მედიკამენტოზური მკურნალობა. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ მისი და დედამისის ანგარიშზე დარიცხული თანხა წარმოადგენდა მისი ძმის უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიღებულ თანხას, რომელიც ესაჭიროებოდა გულის ოპერაციისთვის, თუმცა ვინაიდან თანხა არ იყო საკმარისი, იგი დარჩა მოსარჩელის ანგარიშზე და ძირითადად იხარჯებოდა ბინის ქირისა და მკურნალობის ხარჯებზე.
ამდენად, მოსარჩელემ „გ. ხ-ის უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის 2018 წლის 25 აპრილის #1007/9, „ლ. ჯ-ის უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის #1008/9 და „გ. ხ-ის ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ განუხილველად დატოვებისა და ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2019 წლის 20 სექტემბრის #1462 ბრძანებების ბათილად ცნობა და მოპასუხეებისთვის გ. ხ-ისა და ლ. ჯ-ის უსახლკარო პირებად რეგისტრაციის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
ამასთან, მოსარჩელედ ასევე განისაზღვრა ლ. ჯ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ხ-ისა და ლ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ხ-მა და ლ. ჯ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებით გ. ხ-ისა და ლ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის #33-138 დადგენილებაზე, რომლის შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ყოველთვიური ოდენობა განსაზღვრულია 300 ლარით, ხოლო სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის საფუძველზე საარსებო მინიმუმის ყოველთვიური ოდენობა ერთ ადამიანზე 175.4 ლარს შეადგენს, რაც 2 ადამიანის შემადგენლობით არსებული ოჯახის შემთხვევაში, 6 თვის განმავლობაში ჯამში შეადგენს 3904.80 ლარს. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ხ-ის ანგარიშზე დაფიქსირებული იყო 7000,21 აშშ დოლარის ჩარიცხვა და ლ. ჯ-ის ანგარიშებზე კრედიტმა შეადგინა 1080.00 ლარს, ანუ ოჯახის უკანასკნელი 6 თვის შემოსავალი შეადგენდა 8080,21 ლარს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო აქტების გამოცემის დროისათვის გ. ხ-ისა და ლ. ჯ-ის 6 თვის შემოსავალი აღემატებოდა ორსულიანი ოჯახისთვის 6 თვის განმავლობაში დადგენილი საარსებო მინიმუმისა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხებს.
აპელანტების მითითებასთან დაკავშირებით იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე გ. ხ-ის ანგარიშზე ჩარიცხული 7000 აშშ დოლარი, მისი გარდაცვლილი ძმის მოვალის მიერ ანაზღაურებული სესხის თანხაა, რომელიც ერჯერადად იქნა ანაზღაურებული და დღეის მდგომარეობით აღნიშნული თანხა აღარ აქვთ, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დადგენილი წესი, გამონაკლისის სახით, არ ითვალისწინებდა სესხის თანხის შემოსავლებიდან ამორიცხვას. თუ აპელანტების ფინანსური მდგომარეობა შეიცვალა და ისინი მიიჩნევდნენ, რომ აღარ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა თავიდან მიემართათ ადმინისტრაციული ორგანოსთვის უსახლკარო პირებად რეგისტრაციის მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. ხ-მა და ლ. ჯ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორების მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 27 ნოემბრის #28-116 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში მათი შემოსავალი წარმოადგენდა ერთჯერად სამკვიდროს მიღებას გარდაცვლილი ძმისგან, რომელსაც გაფორმებული ჰქონდა სესხის ხელშეკრულება სხვა პირთან. ამასთანავე, დღეის მდგომარეობით, გასაჩივრებულ აქტში მითითებული თანხა თითქმის აღარაა დარჩენილი იმ ოდენობით, რაც იყო გადაწყვეტილების მიღების მომენტში.
კასატორები აღნიშნავენ, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან არ იქნა გამოკვლეული პროპორციულობა მათ შემოსავალსა და საჭიროებებს შორის. პირველი ინსტანციის სასამართლოს წარედგინა ფორმა #100, რომლის მიხედვითაც, გ. ხ-ს დადგენილი აქვს მრავალი სახის ფიზიკური დაავადება, რომელიც საჭიროებს მკურნალობას. ამასთანავე, ლ. ჯ-ი არის ხანდაზმული და განსაკუთრებული მკურნალობა ესაჭიროება. ამდენად, დაფიქსირებული შემოსავალი სხვა საჭიროებებთან ერთობლიობაში არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის. კასატორები დამატებით აღნიშნავენ, რომ მიღებული თანხა იყო ერთჯერადი შემოსავალი და დღეის მდგომარეობით ეს თანხა არ მოეპოვებათ ანგარიშზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ხ-ისა და ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ხ-ისა და ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს გ. ხ-ისა და ლ. ჯ-ისთვის უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 27 ნოემბრის #28-116 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ფიზიკური პირი უსახლკაროდ დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს ყველა შემდეგ კრიტერიუმს: ა) 2015 წლის 27 ნოემბრამდე რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი დაიბადა 2015 წლის 27 ნოემბრის შემდეგ); ბ) არ აქვს საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობისა თუ სარგებლობის უფლება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ფართზე; გ) საკუთრებაში, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა სხვა უძრავი ქონება ან, როცა პირს ასეთი ქონება გააჩნია და იგი ასაბუთებს, რომ აღნიშნული ქონება სხვა შემოსავლებთან ერთობლიობაში არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის; დ) არ აქვს შემოსავალი, ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში პირი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი სხვა ქონებასთან ერთობლიობაში არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის ან არსებული შემოსავალი არ აღემატება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის #10-23 დადგენილებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის ქირავნობის თანხისა და საარსებო მინიმუმის (განაცხადში მითითებული ოჯახის წევრიდან ორი და მეტი პირის შემთხვევაში საარსებო მინიმუმის თანხების ჯამს) თანხის ერთობლიობას; ე) არ ფიქსირდება მის მიერ სახელმწიფო საზღვრის 3 ან მეტი გადაკვეთა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების და სხვა ობიექტური გარემოების გამო სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განმცხადებლის მიერ, შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი, უსახლკაროდ რეგისტრაცია შესაძლოა გამოირიცხოს: ა) ქონებრივი, საოჯახო ან/და სხვა, ისეთი გარემოებების გამოვლენისას, რომლებიც ადასტურებენ განმცხადებლის შესაძლებლობას უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით ან მის მიმართ მესამე პირის ვალდებულებას საცხოვრისით უზრუნველყოფაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ვალდებულების შესრულება სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებების გამო შეუძლებელია); ბ) ნებისმიერი ისეთი ფაქტის გამოვლენისას, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის მხრიდან არასრული ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებას; გ) ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედების განხორციელებისას/გამოვლენისას, რომლის შედეგადაც განმცხადებელმა თავშესაფრის/საცხოვრისის მიღების მიზნით, ხელოვნურად წარმოქმნა მისი უსახლკაროდ რეგისტრაციის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის #33-138 დადგენილებაზე, რომლის შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ყოველთვიური ოდენობა განსაზღვრულია 300 ლარით, ხოლო სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის საფუძველზე, სადავო პერიოდში, საარსებო მინიმუმის ყოველთვიური ოდენობა ერთ ადამიანზე 175.4 ლარს შეადგენდა, რაც 2 ადამიანის შემადგენლობით არსებული ოჯახის შემთხვევაში, 6 თვის განმავლობაში ჯამში შეადგენდა 3904.80 ლარს.
საქმის გარემოებებით დადგენილად არის მიჩნეული, რომ გ. ხ-ის ანგარიშზე დაფიქსირებული იყო 7000,21 აშშ დოლარის ჩარიცხვა და ლ. ჯ-ის ანგარიშებზე კრედიტმა შეადგინა 1080.00 ლარი, ანუ ოჯახის უკანასკნელი 6 თვის შემოსავალი შეადგენდა 8080,21 ლარს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სადავო აქტების გამოცემის დროისათვის გ. ხ-ისა და ლ. ჯ-ის 6 თვის შემოსავალი აღემატებოდა ორსულიანი ოჯახისთვის 6 თვის განმავლობაში დადგენილი საარსებო მინიმუმისა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხებს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება გ. ხ-ისა და ლ. ჯ-ის უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება კასატორების მითითებას, რომ მათი შემოსავალი წარმოადგენდა ერთჯერად სამკვიდროს მიღებას გარდაცვლილი ძმისგან, რომელსაც გაფორმებული ჰქონდა სესხის ხელშეკრულება სხვა პირთან, საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ დადგენილი წესი, გამონაკლისის სახით, არ ითვალისწინებს სესხის თანხის შემოსავლებიდან ამორიცხვას. თუ კასატორების ფინანსური მდგომარეობა შეიცვალა და ისინი მიიჩნევენ, რომ აღარ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, შეუძლიათ თავიდან მიმართონ ადმინისტრაციულ ორგანოს უსახლკარო პირებად რეგისტრაციის მოთხოვნით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ხ-ისა და ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე