საქმე #ბს-1296(2კ-20) 13 მაისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსა (სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების სამსახურის უფლებამონაცვლე) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 28 სექტემბერს მ. ტ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის, ქალაქ თბილისის მერიისა და ქალაქ თბილისის მერიის ზონალური საბჭოს მიმართ, ქალაქ თბილისის მერიის სპეციალური ზონალური საბჭოს 2017 წლის 8 ივნისის #3300598 გადაწყვეტილების, ქალაქ თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 30 ივნისის #3365399 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალური ზონალური საბჭოსა და არქიტექტურის სამსახურისთვის ქ. თბილისი, ...-...ის ... N...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) პირველი კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის გაცემის დავალების მოთხოვნით.
2017 წლის 15 ნოემბერს მ. ტ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის, ქალაქ თბილისის მერიისა და ქალაქ თბილისის მერიის ზონალური საბჭოს მიმართ, ქალაქ თბილისის მერიის სპეციალური ზონალური საბჭოს 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების, ქალაქ თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 სექტემბრის #3530774 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალური ზონალური საბჭოსა და არქიტექტურის სამსახურისთვის ქ. თბილისი, ...-...ის ... N...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) პირველი კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის გაცემის დავალების მოთხოვნით.
მოსარჩელის მითითებით, მან 60 კვ.მ-მდე ფართის პირველი კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის აშენების ნებართვის მიღების მიზნით განცხადებით მიმართა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს, რომელმაც საკითხი განსახილველად გადააგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზონალურ საბჭოში, რომელმაც, თავის მხრივ, მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება, რომლის მიზეზად მიუთითა დასახელებული ტერიტორიის ინდივიდუალური სახლებით განვითარების მიუღებლობა და მისი აღქმადობა ...ის ...იდან. ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, ასევე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო არქიტექტურის სამსახურმაც.
მოსარჩელის განმარტებით, დავის საგანთან დაკავშირებით 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ბათილად ცნობა სადავო აქტები და მოპასუხეებს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღება დაავალა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაიზიარა სააპელაციო სასამართლომაც, რომელიც მხარეების მიერ აღარ გასაჩივრებულა. მოსარჩელის მითითებით, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა განაახლა მის განცხადებაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება და დასკვნისთვის მიმართა სპეციალურ ზონალურ საბჭოს, რომელმაც კვლავ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო, იმავე დასაბუთებით. მოსარჩელემ საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, თუმცა ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილება არ მიღებულა. მოსარჩელის მითითებით, თბილისის არქიტექტურის სამსახურის და სპეციალური ზონალური საბჭოს მხრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა.
მოსარჩელის განმარტებით, მან 2017 წლის 4 აგვისტოს ახალი განცხადებით მიმართა არქიტექტურის სამსახურს, თუმცა უშედეგოდ, ზონალურმა საბჭომ 2017 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ხოლო არქიტექტურის სამსახურმა 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით, კვლავ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღეს იმავე დასაბუთებით. მოსარჩელემ აღნიშნული გადაწყვეტილებები ერთჯერადად გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილება არ მიღებულა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის საოქმო განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმეები.
მოსარჩელემ 2018 წლის 23 აპრილს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზონალური საბჭოს 2017 წლის 8 ივნისის #3300598 და 2017 წლის 17 აგვისტოს #3463562 გადაწყვეტილებების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 30 ივნისის #3365399 და 2017 წლის 14 სექტემბრის #353077 გადაწყვეტილებების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 8 თებერვლის #33 ბრძანების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების სამსახურისთვის ქალაქი თბილისი, ...-...ის ... N...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) პირველი კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის გაცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით მ. ტ-ის სარჩელზე ნაწილობრივ შეწყდა საქმის წარმოება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზონალური საბჭოს 2017 წლის 8 ივნისის #3300598 და 2017 წლის 17 აგვისტოს #3463562 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 8 თებერვლის #33 ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ...ის ...ზე, ინდუსტრიული ტექნიკუმის უკანა მხარეს არსებულ ფერდობზე არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი #...), I კლასის შენობა-ნაგებობის განთავსების მიზნით, სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემის შესახებ მ. ტ-ის განცხადებასთან მიმართებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილებაზე, რომლის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე რზ-2 ზონაში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა ამ წესების დანართი #1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დაშვებული სახეობებისა. ამ სახეობათაგან ერთ-ერთ საგამონაკლისო სახეობას განეკუთვნება სწორედ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, რომელიც საჭიროებს სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხე მხარეს არ დაუდგენია, არსებობდა თუ არა ისეთი გარემოებები, რაც შესაძლოა გამხდარიყო სადავო საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება არ ეფუძნებოდა ახალ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს, სადავო აქტში ძირითადად მოცემული იყო იგივე საფუძვლები, რაც თავდაპირველად სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი აქტის გამოცემის პირობას წარმოადგენდა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოპასუხე მხარეს არ დაუდგენია ნაკვეთის რეალური მდგომარეობა, აღნიშნულის გამოკვლევას და შეფასებას ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა იმ მიმართებით, ხომ არ ეზღუდებოდა მოსარჩელეს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სათანადოდ სარგებლობის უფლება, ხომ არ ერთმეოდა მას შესაძლებლობა, მიწის ნაკვეთი გამოეყენებინა სამშენებლოდ და ასეთი სახის შეზღუდვა ეჭვქვეშ აყენებდა თუ არა ზოგადად საკუთრების უფლების არსს. აღნიშნული საკითხის გარკვევას არსებითი მნიშვნელობა გააჩნდა მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ ამ მიწის ნაკვეთის უშუალო მომიჯნავედ და მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთებზე აშენებული იყო ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები და ასევე, მიმდინარეობდა ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფორმალურად იმ გარემოების მითითება, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთი მდებარეობდა სარეკრეაციო ზონა 2-ში (რზ-2), რისთვისაც აუცილებელ პირობას წარმოადგენდა სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მოპოვება, სააპელაციო პალატის აზრით, ვერ ჩაითვლებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სათანადო აღსრულებად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის პალატის 2020 წლის 10 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (WWW.TAS.GE) განთავსებული ინტერაქტიული რუკის მონაცემების თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ...ზე, ინდუსტრიული ტექნიკუმის უკანა მხარეს არსებულ ფერდობზე #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს სარეკრეაციო ზონა 2-ში. კასატორის მითითებით, მართალია პირველი კლასის სამშენებლო სამუშაოების სანებართვო დოკუმენტაციის მოსაპოვებლად სავალდებული არ არის მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი სამი სტადიის გავლა, თუმცა, აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების დასაშვებობისთვის აუცილებელია განზრახული მშენებლობის შესახებ მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსთვის განცხადების წარდგენა და წერილობითი დასტურის მოპოვება.
კასატორი ასევე მიუთითებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, მე-19 მუხლის მე-5 პუნქტზე, მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, ამ წესების დანართი #1-ის მე-8 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის #16-32 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგილურების საკითხთა საბჭოს დებულების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ სარეკრეაციო ზონა 2-ში (რზ-2) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის განთავსებისათვის იმპერატიულად დადგენილია სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მოპოვების ვალდებულება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს რეკომენდაციისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთი მდებარეობდა სარეკრეაციო ზონა 2-ში და მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა აღნიშნულ ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლისა და მასთან ფუნქციურად დაკავშირებული ღობის განთავსება, პირველი კლასის სამშენებლო სამუშაოების მოპოვების აუცილებელ პირობას წარმოადგენდა სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მოპოვება, რომელსაც გააჩნდა სავალდებულო ხასიათი. აღნიშნულის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში აზრს კარგავდა საკანონმდებლო მოთხოვნები სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებასთან დაკავშირებით. ამდენად, კასატორის მითითებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება გამორიცხავდა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
კასატორი - სსიპ ქალაქ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო აღნიშნავს, რომ სპეციალური (ზონალური) შეთანხმება თავისი არსით წარმოადგენს გამონაკლისს, რა დროსაც კანონმდებლობა ნორმატიულად დადგენილი ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის შესაძლებლობას იძლეოდა. ადმინისტრაციული ორგანო თავად იკვლევს რამდენად თავსებადია განაშენიანების ინტენსიურობის კოეფიციენტის გაზრდა კონკრეტულ მიწის ნაკვეთის თავისებურებებთან და ზოგადად ქალაქთმშენებლობის პრინციპებთან. განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს რეკომენდაციითა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებით დასაბუთებული იყო, რომ საპროექტო ტერიტორია უნდა განვითარდეს რეკრეაციული თვალსაზრისით. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით კი პრაქტიკულად სავალდებულოდ აქცია სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გამოყენება, რაც წარმოადგენს დისკრეციის საგანს.
ამასთან, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა გარემოება ანდა მტკიცებულება, რომელიც დამატებით უნდა გამოკვლეულიყო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, საქმეში დაცული მტკიცებულებების საფუძველზე არსებობდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ქალაქ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსა („ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის #52-1 დადგენილების 31 მუხლის შესაბამისად, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების სამსახურის უფლებამონაცვლე) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მ. ტ-ის მიმართ, ქ. თბილისში, ...ის ...ზე, ინდუსტრიული ტექნიკუმის უკანა მხარეს არსებულ ფერდობზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი #...), I კლასის შენობა-ნაგებობის განთავსების მიზნით, მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით მიღებული აქტების კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მ. ტ-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული იყო ნაწილობრივ და ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ასევე დადგენილია, რომ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 14 სექტემბრის #3530774 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. ტ-ის 2017 წლის 8 აგვისტოს #AR1531079 განცხადება ქ. თბილისში, ...ის ...ზე, ინდუსტრიული ტექნიკუმის უკანა მხარეს არსებულ ფერდობზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), 60 კვ.მ.-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის 5მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობის განთავსების შესაძლებლობის თაობაზე, იმ მოტივით, რომ ზემოხსენებულ საკითხზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2017 წლის 17 აგვისტოს #3463562 დოკუმენტით უარყოფითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემაზე.
ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე გამოყოფილ ერთ-ერთ კონკრეტულ ფუნქციურ ზონას წარმოადგენდა სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2), რომელიც მდებარეობდა თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავდა გამწვანებულ ტერიტორიას (მაგ.: პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი), ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს, სადაც დასაშვები იყო ამ წესების დანართი - 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები. მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი იყო (კ-1) – 0,2. ამავე წესების დანართი 1-ის მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განსაზღვრული იყო, რომ სარეკრეაციო ზონა 2-ში არსებული მიწის ნაკვეთის განაშენიანება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლით დასაშვები იყო სპეციალური ზონალური შეთანხმების პირობებში.
სარეკრეაციო ზონა 2-თან დაკავშირებით მსგავსი შინაარსის რეგულაციას ასევე ითვალისწინებს დღეს მოქმედი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“, რომლის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე რზ-2 ზონაში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დაშვებული სახეობებისა. ამ სახეობათაგან ერთ-ერთ საგამონაკლისო სახეობას განეკუთვნება სწორედ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, რომელიც საჭიროებს სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხე მხარეს არ დაუდგენია, არსებობდა თუ არა ისეთი გარემოებები, რაც შესაძლოა გამხდარიყო სადავო საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება არ ეფუძნება ახალ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს, სადავო აქტში ძირითადად მოცემულია იგივე საფუძვლები, რაც თავდაპირველად სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი აქტის გამოცემის პირობას წარმოადგენდა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოპასუხე მხარეს არ დაუდგენია ნაკვეთის რეალური მდგომარეობა, აღნიშნულის გამოკვლევას და შეფასებას ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა იმ მიმართებით, ხომ არ ეზღუდება მოსარჩელეს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სათანადოდ სარგებლობის უფლება, ხომ არ ერთმევა მას შესაძლებლობა, მიწის ნაკვეთი გამოიყენოს სამშენებლოდ და რომ ასეთი სახის შეზღუდვა ეჭვქვეშ აყენებს თუ არა ზოგადად საკუთრების უფლების არსს. აღნიშნული საკითხის გარკვევას არსებითი მნიშვნელობა გააჩნდა მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ ამ მიწის ნაკვეთის უშუალო მომიჯნავედ და მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთებზე აშენებულია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები და ასევე, მიმდინარეობს ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფორმალურად იმ გარემოების მითითება, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთი მდებარეობს სარეკრეაციო ზონა 2-ში (რზ-2), რისთვისაც აუცილებელ პირობას წარმოადგენს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მოპოვება, ვერ ჩაითვლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სათანადო აღსრულებად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. საკასაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს #52-1 დადგენილების მე-11 მუხლზე, რომლის თანახმად, სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) თბილისის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები; გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. შესაბამისად, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის გარდა, სხვა დაფინანსების წყაროებიც გააჩნია. ამასთან, კასატორის მხრიდან არ წარმოდგენილა შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების ფაქტს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 90 ლარის (300 ლარის 30%) ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განჩინება;
3. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 90 ლარის გადახდა;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე