№ბს-548(კ-20) 19 მაისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ … უნივერსიტეტი; მესამე პირი (სასკ 16.2) - ქ. ხ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 10 სექტემბერს რ. თ-მა, სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ ... უნივერსიტეტის მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. ხ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით, მოპასუხე - სსიპ ... უნივერსიტეტის წარმომადგენლის შუამდგომლობა, დაუშვებლობის საფუძვლით, საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და რიგი სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში შეწყდა რ. თ-ის სარჩელზე საქმის წარმოება. განსახილველი დარჩა შემდეგი სასარჩელო მოთხოვნები: 1. სსიპ - ... უნივერსიტეტის ... ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად რექტორის 2018 წლის 02 მაისის №... და 2018 წლის 02 მაისის №... ბრძანებების საფუძველზე გამოცხადებული კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის №... დადგენილების მეორე პუნქტის საფუძველზე დამტკიცებული კომისიის 2018 წლის 11 ივლისის №6 (შემაჯამებელი) სხდომის ოქმის, ... ინსტიტუტში პროფესორის 1 საშტატო-ერთეულზე გამოცხადებული კონკურსის ნაწილში ბათილად ცნობის შესახებ; 2. სსიპ - ... უნივერსიტეტის ... ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად რექტორის 2018 წლის 02 მაისის №... და 2018 წლის 02 მაისის №... ბრძანებების საფუძველზე კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის №... დადგენილების მეორე პუნქტის საფუძველზე დამტკიცებული სააპელაციო კომისიის 2018 წლის 24 ივლისის №3 (შემაჯამებელი) სხდომის ოქმის ბათილად ცნობის შესახებ; 3. სსიპ ... უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის №... დადგენილების 1.7. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობის შესახებ; 4. ... ფაკულტეტის ... ინსტიტუტების პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის მიერ ... ინსტიტუტში პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულად რ. თ-ის გამოცხადების შესახებ; 5. სსიპ ... უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დაამტკიცოს საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი სსიპ ... უნივერსიტეტის ... ფაკულტეტის ... ინსტიტუტში პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულად რ. თ-ის გამოცხადების შესახებ; 6. სსიპ ... უნივერსიტეტს ...-ს რექტორისათვის 2018 წლის 2 მაისის №... ბრძანებით ... ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად ... ინსტიტუტში პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულად რ. თ-ის არჩევის დავალების შესახებ.
საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ 2019 წლის 31 იანვრის განჩინება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით რ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ... უნივერსიტეტის ... ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად რექტორის 2018 წლის 02 მაისის №... და 2018 წლის 02 მაისის №... ბრძანებების საფუძველზე გამოცხადებული კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის №... დადგენილების მეორე პუნქტის საფუძველზე დამტკიცებული კომისიის 2018 წლის 11 ივლისის №6 (შემაჯამებელი) სხდომის ოქმი ... ინსტიტუტში პროფესორის 1 საშტატო-ერთეულზე გამოცხადებული კონკურსის ნაწილში და საკონკურსო კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, აღნიშნულთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ - ... უნივერსიტეტის ... ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად რექტორის 2018 წლის 02 მაისის №... და 2018 წლის 02 მაისის №... ბრძანებების საფუძველზე კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის 28 №... დადგენილების მეორე პუნქტის საფუძველზე დამტკიცებული სააპელაციო კომისიის 2018 წლის 24 ივლისის №3 (შემაჯამებელი) სხდომის ოქმი; 4. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ... უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის №... დადგენილების 1.7. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ ... უნივერსიტეტმა და ქ. ხ-მა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. აპელანტმა ქ. ხ-მა ასევე მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის საოქმო განჩინების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა დაუშვებლობის საფუძვლით, საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეგებებული სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა რ. თ-მა და ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ ... უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ქ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; რ. თ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება რ. თ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; რ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საკონკურსო კომისია, კონკურსის მიზნებისა და პირობების შესაბამისად, წარმოადგენდა კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოს და მისი წევრები ახორციელებდნენ საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას, როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ისე სპეციალური კანონმდებლობის საფუძველზე. საკონკურსო კომისია, როგორც კანონის საფუძველზე შექმნილი კოლეგიური ორგანო, თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობდა ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ...წ. №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ ... უნივერსიტეტის წესდებით“ და სხვა ნორმატიული აქტებით. კომისია დამოუკიდებლად ახორციელებდა თავის საქმიანობას კანონმდებლობის დაცვით, მის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპით. საკითხის კოლეგიურად განხილვა რამდენიმე წევრის მიერ და მათი შეფასებების გათვალისწინებით საბოლოო შედეგის განსაზღვრა ემსახურებოდა სწორედ იმ მიზანს, რომ დაბალანსებულიყო კომისიის წევრთა სუბიექტური მოსაზრებები და მომხდარიყო მაქსიმალურად ობიექტური შედეგის მიღება, რაც თავის მხრივ წარმოადგენდა ობიექტური გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას.
საქმის მასალებით დასტურდებოდა და მოპასუხე უნივერსიტეტიც ეთანხმებოდა, რომ პრეტენდენტი რ. თ-ი სრულიად შეესაბამებოდა ვაკანტურ თანამდებობას და კონკურსის შედეგად მიღებული ჰქონდა მაღალი შეფასება, ისევე, როგორც მის კონკურენტს ქ. ხ-ს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში ორივე კონკურსანტის გამარჯვებულად გამოცხადების ან/და კონკურსის ჩაშლილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა.
კენჭისყრის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დასაბუთებას წარმოადგენდა როგორც საკონკურსო დოკუმენტაცია სრულად, ასევე ის ფაქტი, რომ გამოცხადებულ ვაკანსიაზე ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგად რ. თ-ის კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომისიის 1 (ერთმა) წევრმა 5 (ხუთი) წევრის წინააღმდეგ, ხოლო ქ. ხ-ის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 5 (ხუთმა) წევრმა 1 (ერთი) წევრის წინააღმდეგ (ოქმი №5). კენჭისყრის ფარულობა მიუთითებდა გადაწყვეტილებაში იმ მოსაზრებებისა და გარემოებების ასახვის შეუძლებლობაზე, რითიც იხელმძღვანელა კომისიის თითოეულმა წევრმა კონკრეტული პრეტენდენტისათვის ხმის მიცემის დროს. სააპელაციო პალატამ მიუთითა კანდიდატთა შეფასების ფორმებზე და აღნიშნა, რომ პრეტენდენტი - ქ. ხ-ის საერთაშორისო ურთიერთობებზე ყურადღების გამახვილება იყო ერთ-ერთი იმ გარემოებათაგანი, რამაც გამოიწვია მესამე კატეგორიაში ქ. ხ-ის კანდიდატურისათვის მაღალი შეფასების მიცემა. რაც შეეხება ამავე გარემოების გამო მისთვის კენჭისყრისას ხმის მიცემას, ვინაიდან, კენჭისყრა იყო ფარული, უცნობი იყო საკონკურსო კომისიის კონკრეტული წევრის/წევრების კონკრეტული მოტივაცია ხმის მიცემის დროს.
სააპელაციო პალატის შეფასებით, სსიპ ... უნივერსიტეტის ... ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად რექტორის 2018 წლის 02 მაისის №... და 2018 წლის 02 მაისის №... ბრძანებების საფუძველზე გამოცხადებული კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის №... დადგენილების მეორე პუნქტის საფუძველზე დამტკიცებული კომისიის 2018 წლის 11 ივლისის №6 (შემაჯამებელი) სხდომის ოქმი ... ინსტიტუტში პროფესორის 1 საშტატო-ერთეულზე გამოცხადებული კონკურსის ნაწილში კანონშესაბამისი იყო და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული ადასტურებდა, რომ სააპელაციო კომისიის 2018 წლის 24 ივლისის №3 (შემაჯამებელი) სხდომის ოქმი და სსიპ ... უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის №... დადგენილების 1.7. პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი იყო კანონშესაბამისი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის შეფასებით, სასამართლომ არ დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითებს, რომ რ. თ-მა 1972 წელს დაამთავრა ... ...ის ფაკულტეტი, 1974 წელს ... ინსტიტუტის ასპირანტურა. ... წწ. მუშაობდა იმავე ინსტიტუტის უმცროს, უფროს, წამყვან და მთავარ მეცნიერ თანამშრომლად. 2006 წლიდან არის ...ის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი და ... ...ე. 1979 წელს დაიცვა საკანდიდატო და 1993 წელს სადოქტორო დისერტაციები. არის მეცნიერებათა დოქტორი. ამავე პერიოდში იყო ... ... ფაკულტეტის ...ის მიმართულების ასოცირებული პროფესორი და პროფესორი. ... წლებში იყო ...ის უნივერსიტეტის ...ის პროფესორი. მისი სამეცნიერო სტაჟი შეადგენს 44 წელს, ხოლო პედაგოგიური 17 წელს, უძღვებოდა 12 სხვადასხვა სასწავლო კურსს ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში.
რ. თ-ი არის ... პუბლიკაციის ავტორი. ... მითითებულია საკონკურსო ანკეტაში, რომელთა შორის ... წიგნია, აქედან ... საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო: „...“. „...“, „...“, „...“, „...“, „...“, „...“, „...“, „...“, ...“, ...“ (...), „...“,...“, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ასევე ხელმძღვანელობენ წიგნებით „...“ და „...“ (თანაავტორი თ. გ-ე). მხოლოდ ... წწ. გამოცემულია ... წიგნი და ... სტატია. მისი ციტირების ინდექსია: ..., ... 3, ..., .... კონკურსის შემდგომ პერიოდში განათლების სამინისტრომ გრიფი მიანიჭა რ. თ-ის (თანაავტორები: ე. მ-ი, ნ. ე-ი, გ. ა-ი) ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-5 და მე-6 კლასების სახელმძღვანელოებს „...“.
კასატორის მითითებით, არსებითად მნიშვნელოვანი არის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდებოდა, რომ რ. თ-ის წარდგენილი ჰქონდა 12 კურსის სილაბუსი, ხოლო ქ. ხ-ს სულ 9 სილაბუსი (ბაკალავრიატის 7 და მაგისტრატურის 2). ამ კატეგორიაში (მეორე კატეგორია) ორივე კონკურსანტის შეფასება იყო „მაღალი“.
მე-3 კატეგორიაში დადგენილი იყო, რომ რ. თ-ს ჰქონდა 117 მნიშვნელოვანი პუბლიკაცია (მონოგრაფია, სტატია რეცენზირებად საერთაშორისო, უცხოურ, ადგილობრივ ჟურნალში, ციტირების ინდექსი მითითებული არ არის. სინამდვილეში კონკურსანტის ანკეტაში მითითებულია 131 პუბლიკაცია), ხოლო ქ. ხ-ს - 51. ქ. ხ-ს კონფერენციის მასალებში მითითებული ჰქონდა 17, ხოლო რ. თ-ს არცერთი, თუმცა კონკურსანტის ანკეტის 32-ე პუნქტით დადასტურებული 4 პუბლიკაცია (35,37,55,98) იმავდროულად კონფერენციის მასალაც იყო. 39-ე პუნქტში მითითებული იყო 17 კონფერენცია და მოხსენება ბოლო 6 წლის განმავლობაში (მეორდება მხოლოდ 1 კონფერენცია). ციტირების ინდექსის რაოდენობა არცერთი კონკურსანტისთვის მითითებული არ იყო, თუმცა რ. თ-ის ციტირების ინდექსი აშკარად აღემატებოდა მისი კონკურენტისას. მას აქვს 28 ციტირება, ხოლო ქ. ხ-ს-11. ამ კატეგორიაში ორივე კონკურსანტის შეფასება იყო „მაღალი“.
ამასთან, მე-3 კატეგორიაში დადგენილი იყო, რომ ბოლო 6 წლის მანძილზე რ. თ-ს გაკეთებული ჰქონდა 17 მოხსენება საერთაშორისო კონფერენციაზე. ქ. ხ-ის მონაცემი იყო 32, 16 საგრანტო პროექტში მონაწილეობა და უცხოეთის 20 სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობა, თუმცა ამ ორი ბოლო მონაცემის დასადასტურებლად მტკიცებულებები წარმოდგენილი არ იყო, გარდა 2 სერტიფიკატისა. ამასთან, არ იყო მითითებული რა საკითხებზე თანამშრომლობდა კონკურსანტი უცხოურ სამეცნიერო ცენტრებთან და როგორ შეიძლებოდა ამ მონაცემების გადამოწმება. მე-3 კატეგორიის საერთო შეფასების მიხედვით, კვლევითი პროფილის განვითარების, საგანმანათლებლო და კვლევითი პროცესების ინტეგრაციის, ...-ს ეროვნული და საერთაშორისო პოპულარობის ხელშეწყობის ნაწილში ორივე კონკურსანტის მონაცემი იყო იდენტური და შეფასებული იყო „მაღალით".
მე-4 კატეგორიის მიხედვითაც კონკურსანტებს თანაბარი შეფასება ჰქონდათ. წარმოდგენილი მასალებით აშკარა იყო რ. თ-ის უპირატესობა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი თვალსაზრისით, თუმცა მე-4 კატეგორიაშიც შეფასებები იყო იდენტური.
ერთადერთი არგუმენტი, რომელიც თითქოს კონკურსანტ ქ. ხ-ის სასარგებლოდ მეტყველებდა და ჩნდებოდა უკვე სააპელაციო კომისიის დასკვნაში, იყო ,,საერთაშორისო კომპონენტი“. „საერთაშორისო კომპონენტში“ ხ-ის უპირატესობა საკონკურსო კომისიას არ დაუდგენია, ამ საკითხის გამოკვლევის ერთადერთი წყარო იყო კონკურსანტთა შეფასების ფორმა, რომლიდანაც „საერთაშორისო კომპონენტს“ ესადაგებოდა მხოლოდა III კატეგორიის (სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა) ერთ-ერთი შეფასების გრაფა - „ხელს შეუწყობს ...-ს ეროვნულ და საერთაშორისო პოპულარობას“, სადაც ორივე კონკურსანტს ჰქონდა შეფასება ,,მაღალი“.
კასატორის მითითებით, არ არის დადგენილი მოსარჩელის მოთხოვნისათვის, აგრეთვე ე.წ. „საერთაშორისო კომპონენტისთვის“ და ქ. ხ-ის ყველა სხვა კომპონენტში შეფასებისათვის არსებითად უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოებები: უკანასკნელი წლების განმავლობაში ქ. ხ-ს უცხოეთში გამოქვეყნებული აქვს ... სტატია და გაკეთებული აქვს მოხსენება ... საერთაშორისო კონფერენციაზე (..., ...) ე.წ. „...ის“ თემატიკაზე. ქ. ხ-ი მიიჩნევს, რომ ... ... ... ... ... ... ... ..., ... ... ... ... ... ..., ... ... ... ... „საქართველოს კანონის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ ... ... ... ... ... ..., ... ... ... ... ... ... ... ... .
სასამართლომ არ დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რ. თ-მა კონკურსის შემდეგაც გამოსცა მნიშვნელოვანი ნაშრომები, მათი ნაწილი მოხსენიებულია სარჩელში და სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილი ნაშრომების სრულ სიაში, ხოლო ნაწილი გამოვიდა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
კასატორი მიუთითებს სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებზე და აღნიშნავს, რომ კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა ქ. ხ-ი, რითაც დარღვეულ იქნა საუნივერსიტეტო კონკურსის ჩატარების ზოგადი პრინციპები: სამართლიანობა, თანასწორობა, გამჭვირვალეობა, არადისკრიმინაციულობა, სამართლიანი კონკურენცია, მიუკერძოებლობა, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, შეფასების ფორმის მიხედვით, ორივე კონკურსანტის ყველა მონაცემი იდენტურია. არ არის განმარტებული და დასაბუთებული, ასეთ შემთხვევაში რატომ მიენიჭა უპირატესობა ქ. ხ-ს. ამ საკითხზე კომისიის ოქმები მსჯელობას არ შეიცავს.
არ არის შეფასებული გასაუბრებისა და საცდელი ლექციების ეტაპები, არ არის შეჯერებული ყველა ეტაპის მონაცემები და შესაბამისად, ამის საფუძველზე არ არის მოცემული დასაბუთებული დასკვნა მიღებული გადწყვეტილების საფუძვლიანობის, პრეტენდენტის გამარჯვებულად გამოცხადების და გამოცხადებაზე უარის თქმის შინაარსობრივი საფუძვლების შესახებ. ერთადერთი არგუმენტი, რომელიც თითქოს კონკურსანტ ქ. ხ-ის სასარგებლოდ მეტყველებს და ჩნდება უკვე სააპელაციო კომისიის დასკვნაში არის ,,საერთაშორისო კომპონენტი“, რომელსაც არავითარი იურიდიული დატვირთვა არ შეიძლება ჰქონდეს, რადგან ამის თაობაზე საკონკურსო კომისიას არ უმსჯელია. ისეთ ვითარებაში, როდესაც „საერთაშორისო კომპონენტის“ შესახებ საკონკურსო კომისიას არ უმსჯელია, ერთადერთი წყარო ამ საკითხის გამოკვლევისათვის, ამჟამად არის კონკურსანტთა შეფასების ფორმები, რომლებიც დამტკიცებულია „კონკურსის ჩატარების ერთიანი წესით“ (ფორმა №4). ამ ფორმიდან „საერთაშორისო კომპონენტს“ ესადაგება მხოლოდ III კატეგორიის (სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა) ერთ-ერთი შეფასების გრაფა: „ხელს შეუწყობს ...-ის ეროვნულ და საერთაშორისო პოპულარობას“, სადაც ორივე კონკურსანტს აქვს შეფასება „მაღალი“.
კასატორის მითითებით, საკონკურსო კომისიას ოთხივე კრიტერიუმითა და ზოგადად კვალიფიკაცია-კომპეტენციის შეფასებისას, აშკარად უპირატესობა სწორედ მისთვის უნდა მიენიჭებინა.
კასატორის მოსაზრებით, კანონშეუსაბამო და ფორმალური იყო რ. თ-ის განცხადების განხილვა საკონკურსო სააპელაციო კომისიაში. კომისიამ ის არ მიიწვია განხილვაზე, არ მისცა საშუალება ესარგებლა დაცვის კონსტიტუციური უფლებით, არ უპასუხა მის არცერთ არსებით არგუმენტს. განსაკუთრებით ეს შეეხება საკონკურსო კომისიის მიკერძოებულობისა და მასზე კონკურსანტ ქ. ხ-ის სასარგებლოდ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებს. ერთადერთი, რაზეც იმსჯელა კომისიამ, ეს არის „საერთაშორისო კომპონენტის“ უპირატესობა, ისიც ჰიპოთეტურად, დაუსაბუთებლად და ყოველგვარი მტკიცებულებითი არგუმენტაციის გარეშე. კიდევ უფრო ფორმალური იყო აღნიშნული კონკურსის საკითხის განხილვა უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში. სადავო აქტი არ შეიცავს სამოტივაციო ნაწილს, საბჭოს არ განუხილავს რ. თ-ის 2 განცხადება და არ მოუწვევია ის სხდომაზე, რითაც დარღვეულ იქნა მისი ადმინისტრაციული ორგანოსადმი მიმართვის უფლება.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არ დააკმაყოფილა აპელანტ რ. თ-ის შუამდგომლობა საქმის კოლეგიურად განხილვის თაობაზე და საქმე განიხილა არაკანონიერი შემადგენლობით, ერთპიროვნულად, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს ქმნის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინებით (მოსამართლე - ალექსანდრე წულაძე), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. თ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 იანვრის განჩინებით, რ. თ-ის შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ალექსანდრე წულაძის აცილების თაობაზე დაკმაყოფილდა.
2021 წლის 26 იანვარს საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით, ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე განაწილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიდში მოქმედ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს. ამავე კანონის 32-ე მუხლის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა თანამდებობები.
მითითებული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სადავო პერიოდში მოქმედ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ... წლის ... ...ის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ... უნივერსიტეტის წესდების 28-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, კონკურსს აცხადებს რექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. კონკურსი ტარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საკონკურსო კომისია, რომელიც იქმნება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ, რექტორის წარდგინებით. საკონკურსო კომისიის მიერ, შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებულები (კონკურსის შედეგები) დასამტკიცებლად წარედგინება აკადემიურ საბჭოს. ამავე წესდების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელდებლად, აკადემიური საბჭო ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. ხოლო, „ც“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, აკადემიური საბჭო ქმნის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევ საკონკურსო კომისიებს, ამტკიცებს მათ შემადგენლობასა და კომისიის მუშაობის შედეგებს.
სსიპ ... უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №... დადგენილებით დამტკიცდა სსიპ ... უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესი (დანართი №1).
აღნიშნული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წესის მიზანია უზრუნველყოს სსიპ - „... უნივერსიტეტის“ აკადემიური პერსონალის დაკომპლექტება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა, უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო მიზნების, აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველისა და უნივერსიტეტის ინტერესების გათვალისწინებით, კონკურსის საჯაროობის, უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტისათვის მისი ერთიანობის, ღიაობის, გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების განუხრელი დაცვით. ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, წესის დანიშნულებაა, მასში გათვალისწინებული დებულებებისა და პროცედურების მეშვეობით უზრუნველყოს უნივერსიტეტის მოთხოვნებისა და საკონკურსო მონაცემების ობიექტური შეფასება, მათი ერთმანეთთან ურთიერთშეჯერებისა და საერთო ინტერესების მომცველი შრომითსამართლებრივი კავშირის ჩამოყალიბება, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დამყარება უნივერსიტეტის კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად.
მითითებული წესის მე-4 მუხლის: პირველი პუნქტით დადგენილია, რომ კონკურსს ატარებს საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობა მტკიცდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ უნივერსიტეტის რექტორის წარდგინებით. მე-2 პუნქტის მიხედვით, საკონკურსო კომისია შესაძლებელია შედგებოდეს უნივერსიტეტის ფაკულტეტების საგანმანათლებლო-სამეცნიერო და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების, უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარმომადგენლებისა და შესაბამისი დარგის მოწვეული (მათ შორის უცხოელი) სპეციალისტებისაგან, რომლებსაც უნივერსიტეტში არ უკავიათ აკადემიური თანამდებობა. უნივერსიტეტი უფლებამოსილია შექმნას ერთდროულად რამდენიმე საკონკურსო კომისია ფაკულტეტებისა და მიმართულებების მიხედვით. მე-3 პუნქტით განსაზღვრულია, რომ საკონკურსო კომისიასთან ერთად აკადემიური საბჭოს მიერ იქმნება საკონკურსო-სააპელაციო კომისია. იგი კომპლექტდება და მისი შემადგენლობა მტკიცდება იმავე წესით, რაც გათვალისწინებულია საკონკურსო კომისიისათვის. დაუშვებელია საკონკურსო-სააპელაციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს საკონკურსო კომისიის რომელიმე წევრმა. მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ამავე კონკურსში მონაწილეობს კონკურსანტის ან პრეტენდენტის სტატუსით, ან პირი, რომელიც კონკურსანტისა თუ პრეტენდენტის ახლო ნათესავია. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები ასევე განსაზღვრულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით. კონკურსანტი/პრეტენდენტი უფლებამოსილია ამავე კოდექსის 93-ე მუხლით დადგენილი წესით განაცხადოს აცილება.
ამავე წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საკონკურსო კომისია აფასებს კონკურსანტს მის მიერ წარმოდგენილი კონკურსანტის ანკეტაში მოყვანილი ინფორმაციის საფუძველზე ამ წესით დამტკიცებული კონკურსანტის შეფასების ფორმის მიხედვით (დადგენილების დანართი №4). ხოლო ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საკონკურსო კომისია ყველა შესაფასებელი კონკურსანტის შეფასების პირველი ეტაპის დასრულების შემდგომ იღებს წერილობით გადაწყვეტილებას კონკურსში მონაწილე პრეტენდენტების ზეპირ გასაუბრებაზე მოწვევის შესახებ და ამტკიცებს ასეთ პირთა სიას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ამავე დადგენილებით დამტკიცებულ კონკურსანტის შეფასების ფორმაზე (დანართი №4), რომლის მიხედვით, განისაზღვრა შეფასების შემდეგი მიმართულებები:
I კატეგორია: ფორმალური კვალიფიკაციის შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან: განათლება; აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი; სამსახურებრივი გამოცდილება; პედაგოგიური სტაჟი; შეთავსებით მუშაობა. საერთო შეფასება I კატეგორიის მიხედვით: კვალიფიკაცია აკმაყოფილებს მოთხოვნებს/კვალიფიკაცია ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
II კატეგორია: პედაგოგიური გამოცდილების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან: პედაგოგიური გამოცდილება; სასწავლო–მეთოდური საქმიანობა; კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ტრენინგები; სასწავლო კურსების დასახელება, რომელთა წაკითხვა შეუძლია კონკურსანტს (შესაბამისი სწავლების საფეხურის, კურსების რაოდებობისა და კურსის სახელწოდების მითითებით); წარმოდგენილი სილაბუსების შესაბამისობა ... უნივერსიტეტში დადგენილ მოთხოვნებთან. შეფასება II კატეგორიის მიხედვით: მაღალი/საშუალო/დაბალი.
III კატეგორია: სამეცნიერო – კვლევითი საქმიანობა: 3.1 პუბლიკაციები იმპაქტ–ფაქტორის მქონე ჟურნალებში; სხვა მნიშვნელოვანი პუბლიკაციები (მონოგრაფია, სტატია რეცენზირებად, საერთაშორისო, უცხოურ, ადგილობრივ ჟურნალში, საკონფერენციო მასალები (...) და სხვა); პატენტები (გამოგონებები); ციტირების ინდექსი - ... ; ... - ინდექსი - ...; ...-ინდექსი; მოხსენებები საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე ბოლო 6 წლის განმავლობაში; მოხსენებები ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებზე ბოლო 6 წლის განმავლობაში; საგრანტო/სახელშეკრულებო პროექტებში მონაწილეობა ბოლო 6 წლის განმავლობაში; თანამშრომლობა უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებთან; საკონკურსო კომისიისათვის შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული ნაშრომი; სამეცნიერო კვლევების კონცეფცია/სამოტივაციო წერილი. საერთო შეფასება III კატეგორიის მიხედვით: ხელს შეუწყობს კვლევითი პროფილის განვითარებას, საგანმანათლებლო და კვლევითი პროცესების ინტეგრაციას - შეფასება: მაღალი/საშუალო/დაბალი; ხელს შეუწყობს ...–ის ეროვნულ და საერთაშორისო პოპულარობას - შეფასება: მაღალი/საშუალო/დაბალი.
IV კატეგორია: სხვა სახის აქტივობა (ბოლო 6 წელი): (მიღწევები, გამოცდილება, დამსახურება, ჯილდო, სტიპენდია, საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობა/თანახელმძღვანელობა, სტუდენტის ხელმძღვანელობა, ახალგაზრდა თაობის დაინტერესება ...–ში სწავლით, კომპიუტერთან მუშაობის უნარები, ენების ცოდნა და სხვა ); დამატებითი ინფორმაცია. საერთო შეფასება IV კატეგორიის მიხედვით: ხელს შეუწყობს ფაკულტეტის კვლევითი და სასწავლო პოტენციალის გაძლიერებას - შეფასება: მაღალი/საშუალო/დაბალი. ხელს შეუწყობს ...–ის შემდგომ წინსვლას და განვითარებას - შეფასება: მაღალი/საშუალო/დაბალი.
საკონკურსი კომისიის №2 ოქმის შესაბამისად, რ. თ-მა შეფასების პირველ ეტაპზე, I კატეგორიაში, წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით მიიღო შეფასება „კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს“; II კატეგორიაში მიიღო შეფასება „მაღალი“, დაფიქსირდა, რომ მას გააჩნია ...-ს შესაბამისი მიმართულებით მუშაობის და სალექციო კურსების წაყვანის ხანგრძლივი გამოცდილება; აქტიურად მუშაობს სტუდენტებთან და ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებას; III კატეგორიაში მიიღო შეფასება „მაღალი“, ნაყოფიერად მუშაობს სამეცნიერო კვლევების მიმართულებით, აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო პუბლიკაციები; IV კატეგორიაში მიიღო შეფასება „მაღალი“. რ. თ-ს მიენიჭა პრეტენდენტის სტატუსი და დაბარებულ იქნა გასაუბრებაზე, 2018 წლის 3 ივლისს.
მითითებული ოქმის თანახმად, ქ. ხ-მა შეფასების პირველ ეტაპზე, I კატეგორიაში წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, მიიღო შეფასება „კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს“; II კატეგორიაში მიიღო შეფასება „მაღალი“, დაფიქსირდა, რომ გააჩნია ...-ს შესაბამისი მიმართულებით მუშაობის და სალექციო კურსების წაყვანის ხანგრძლივი გამოცდილება. აქტიურად მუშაობს სტუდენტებთან და ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებას და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციას; III კატეგორიაში მიიღო შეფასება „მაღალი“; ასევე დაფიქსირდა, რომ ჩართულია საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში, აქვს საგრანტო პროექტები, რითაც ხელს უწყობს დარგის მიღწევების პოპულარიზაციასა და ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში. ასევე IV კატეგორიაშიც კანდიდატმა მიიღო შეფასება „მაღალი“. ქ. ხ-ს მიენიჭა პრეტენდენტის სტატუსი და დაბარებულ იქნა გასაუბრებაზე, 2018 წლის 3 ივლისს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. ხ-ის შესახებ შეფასება (სტუდენტებისათვის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობის, საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში ჩართულობისა და საგრანტო პროექტებში მონაწილეობის თაობაზე, რითაც ხელს უწყობს დარგის მიღწევების პოპულარიზაციასა და ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში) ასევე მითითებულია სსიპ ... უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №... დადგენილებით დამტკიცებულ კონკურსანტის შეფასების ფორმის (დანართი №4) შემაჯამებელი შედეგისთვის განკუთვნილ ველში.
სსიპ ... უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გასაუბრება წარმოადგენს პრეტენდენტის შეფასების მეორე ეტაპს. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გასაუბრების მიზანია დაზუსტდეს ან/და დაკონკრეტდეს პრეტენდენტის თაობაზე არსებული ინფორმაცია, შეფასდეს პრეტენდენტის პროფესიული უნარ-ჩვევები, გადმოცემის უნარი, ლოგიკური აზროვნების უნარი, ქცევისა და მეტყველების მანერა, უნივერსიტეტის სტრუქტურისა და მართვის სისტემის ცოდნა და სხვა ისეთი საკითხები, რომლებიც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის შრომითი და საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობის სფეროსთან. ხოლო, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება პრეტენდენტის მიერ საცდელი ლექციის ჩატარების ან სხვა ისეთი აქტივობის განხორციელების დავალდებულების შესახებ, რომელიც გამოდგება პრეტენდენტის სრულყოფილად შეფასების დამატებით საფუძვლად.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ამავე წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წინამდებარე წესის მე-6 (საკონკურსო დოკუმენტაციის შემოწმება, კონკურსანტის შეფასების პირველი ეტაპი) და მე-7 (გასაუბრება, შეფასების მეორე ეტაპი; შესაძლო - საცდელი ლექციის ჩატარება ან სხვა აქტივობა) მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდგომ საკონკურსო კომისია კონკურსის შედეგებს ურთიერთშეაჯერებს, აფასებს და იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულ/ებ/ის გამოვლენის შესახებ. მოცემული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ერთ აკადემიურ თანამდებობაზე გამარჯვებულად ცხადდება ერთი პრეტენდენტი. ხოლო, მე-4 პუნქტის მიხედვით, აკადემიურ თანამდებობაზე გამარჯვებულის გამოვლენის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის მიერ ფარული კენჭისყრის წესით. გამარჯვებულად ცხადდება პრეტენდენტი/პრეტენდენტები, რომელიც მიიღებს/მიიღებენ კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ხმების ნახევარზე მეტს. მე-9 პუნქტით კი დადგენილია, რომ საკონკურსო კომისიის კენჭისყრის საფუძველზე მიღებული შედეგები აისახება კომისიის შემაჯამებელ ოქმში. შემაჯამებელ ოქმში აუცილებლად აისახება მიღებული გადაწყვეტილებების (მათ შორის, შეფასებების) საფუძვლიანობა, პრეტენდენტთა გამარჯვებულად გამოცხადების ან გამოცხადებაზე უარის თქმის შინაარსობრივი საფუძვლები და დასაბუთება.
საკონკურსო კომისიის 2018 წლის 3 ივლისის სხდომაზე (ოქმი №3) განხორციელდა კონკურსანტებთან - ქ. ხ-თან და რ. თ-თან გასაუბრება. კომისიის გადაწყვეტილებით, გასაუბრების პროცესი აისახა ვიდეო ჩანაწერის სახით. ხოლო, 2018 წლის 9 ივლისის სხდომის ოქმის თანახმად, მითითებულ დღეს კონკურსანტებმა ჩაატარეს ლექცია. ქ. ხ-ის სალექციო თემა იყო „...“. რ. თ-ის სალექციო თემას წარმოადგენდა „...“. კომისიის გადაწყვეტილებით განხორციელდა ლექციების ამსახველი ვიდეო ჩაწერა.
საკონკურსო კომისიის 2018 წლის 11 ივლისის №6 სხდომის ოქმში (შემაჯამებელი) დაფიქსირდა კონკურსანტების - რ. თ-ისა და ქ. ხ-ის პირველი ეტაპის შედეგები შესაბამისი შეფასების ფორმების მიხედვით. დამატებით დაფიქსირდა მეორე ეტაპის შედეგები (ოქმი №2), კერძოდ, კომისიამ შეაფასა გასაუბრებისა და ლექციის ეტაპზე თითოეული პრეტენდენტის პროფესიული უნარ-ჩვევები, გადმოცემისა და მსჯელობის კულტურა, დარგის განვითარების კონცეპტუალური ხედვა, სალექციო თემატიკის ფლობის სიღრმე. შედეგად გამოვლინდა, რომ ორივე პრეტენდენტის კვალიფიკაცია სრულ შესაბამისობაში იყო გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებთან (ოქმი №3 და №4).
გამოცხადებულ ვაკანსიაზე ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგად რ. თ-ის კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომისიის 1 (ერთმა) წევრმა, 5 (ხუთი) წევრის წინააღმდეგ, ხოლო ქ. ხ-ის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 5 (ხუთმა), წევრმა 1 (ერთი) წევრის წინააღმდეგ (ოქმი №5). შესაბამისად, სსიპ ... უნივერსიტეტის ... ფაკულტეტზე ... ინსტიტუტის პროფესორის 1 (ერთი) ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა ქ. ხ-ი. ამავე სხდომის დღის წესრიგით განსაზღვრულ ერთ-ერთ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა კონკურსის შედეგების ამსახველი შემაჯამებელი ოქმის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსთვის დასამტკიცებლად გადაცემა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის შეფასებას სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დაუსაბუთებლობისა და კანონმდებლობასთან შეუსაბამობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ კონკურსში მონაწილეობდა მაღალი კვალიფიკაციისა და შეფასების მქონე ორი კანდიდატი. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად. კერძოდ, აკადემიურ თანამდებობაზე გამარჯვებულის გამოვლენის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კომისიის მიერ ფარული კენჭისყრის წესით. გამარჯვებულად კი გამოცხადდა პრეტენდენტი, რომელმაც მიიღო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ხმების ნახევარზე მეტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი განათლების მიზნების მისაღწევად სახელმწიფო უზრუნველყოფს სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეში, აგრეთვე თანამშრომლობის სხვა საერთაშორისო სისტემებში სრულუფლებიან მონაწილეობას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი განათლების მიზნების მისაღწევად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთგაცვლას; საერთაშორისო ურთიერთობები და ... უნივერსიტეტის პოპულარიზაციის ხელშეწყობა ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია ... უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №... დადგენილებით დამტკიცებულ კონკურსანტის შეფასების ფორმაში (დანართი №4).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პრეტენდენტ ქ. ხ-ის შემთხვევაში, განსხვავებით მისი კონკურენტისგან, შეფასებისას განსაკუთრებით გაესვა ხაზი სტუდენტების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციაში ხელშეწყობაზე, საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში ჩართულობასა და საგრანტო პროექტებზე, რომლითაც ხელი ეწყობოდა დარგის მიღწევების პოპულარიზაციასა და ინტეგრაციას საერთაშორისო სივრცეში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკონკურსო კომისიამ ორ კვალიფიციურ კანდიდატს შორის, რომელთაგან ორივე აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში არჩევანი გააკეთა ქ. ხ-ზე, სტუდენტებისათვის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციაში ხელშეწყობის, საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში ჩართულობისა და საგრანტო პროექტებში მონაწილეობით, დარგის მიღწევების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციის საფუძვლით, რის შესახებაც მითითებულია სადავო გადაწყვეტილებაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკონკურსო კომისიის შექმნისა და საკითხის კენჭისყრის საფუძველზე მიღების ნორმატიულ დონეზე გაწერილი სავალდებულოობა ემსახურება ერთადერთ მიზანს, სამართლიანი კონკურენციის პირობებში მოხდეს ერთ-ერთი კანდიდატის დანარჩენებისაგან გამორჩევა, რა დროსაც საკონკურსო კომისია სარგებლობს ფართო დისკრეციით და სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს, არის თუ არა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაში, შეამოწმოს, რამდენად დასაბუთებულია ამ უფლებამოსილების გამოყენება, ხომ არ არის დარღვეული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი. კომისიის თითოეული წევრის შეფასება კონკურსანტთან მიმართებაში, პროფესიული გამოცდილების, კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობის მიხედვით, მათი სხვა აქტივობების, მიღწევების, დამსახურებისა და რეპუტაციის გათვალისწინებით, განეკუთვნება მხოლოდ კომისიის დისკრეციას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინება ბს-37-37(კ-18)).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აკადემიურ თანამდებობაზე პროფესორ-მასწავლებელთა შერჩევა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიური ორგანოს - საკონკურსო კომისიის დისკრეციული უფლებამოსილებაა. კოლეგიური ორგანოს, სათათბირო ორგანოს ან საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შემოწმება დაიშვება მხოლოდ კანონიერების და არა მიზანშეწონილობის თვალსაზრისით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბერის განჩინება ბს-300-291(კ-13)).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კოლეგიური განხილვისას, საკონკურსო კომისია, განსახილველი საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით, მოქმედებდა მისთვის მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში და დისკრეციული უფლებამოსილება გამოყენებულ იქნა სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის ფარგლებში და განსაზღვრული მიზნების შესაბამისად. ამდენად, სსიპ ... უნივერსიტეტის ... ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად რექტორის 2018 წლის 02 მაისის №... და 2018 წლის 02 მაისის №... ბრძანებების საფუძველზე გამოცხადებული კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის №... დადგენილების მეორე პუნქტის საფუძველზე დამტკიცებული კომისიის 2018 წლის 11 ივლისის №6 (შემაჯამებელი) სხდომის ოქმი ... ინსტიტუტში პროფესორის 1 საშტატო-ერთეულზე გამოცხადებული კონკურსის ნაწილში კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას სააპელაციო კომისიის 2018 წლის 24 ივლისის №3 (შემაჯამებელი) სხდომის ოქმის და სსიპ ... უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის №... დადგენილების 1.7. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობის საფუძვლების არ არსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის - რ. თ-ის მითითებას, სააპელაციო პალატის მიერ საქმის ერთპიროვნულად განხილვის საფუძვლით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის 11 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული დავები. ხოლო მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი მიუთითებს შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებზე. შესაბამისად, ამ ნაწილშიც არ არსებობს კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლზე, რომლის თანახმადაც, ამ კატეგორიის დავებზე მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს გაიღებს სახელმწიფო.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. თ-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22/06/2020 წ. საგადახდო მოთხოვნა №0-ით, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი სრულად, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-9 მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის საოქმო განჩინება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. რ. თ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22/06/2020 წ. საგადახდო მოთხოვნა №0-ით, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი სრულად, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე