#ბს-384(კ-21) 13 მაისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ. თ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
დავის საგანი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გაუქმება
გასაჩივრებული დადგენილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.2019წ. დადგენილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. თ-ემ 28.12.2018წ. საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას პატრულ-ინსპექტორის მიერ თ. თ-ის მიმართ გამოწერილი საჯარიმო ქვითრის მოქმედების შეჩერებისა და ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.02.2019წ. დადგენილებით თ. თ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, განიმარტა, რომ დადგენილება აღარ საჩივრდებოდა. აღნიშნულ დადგენილებაზე საჩივარი წარადგინა თ. თ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.2019წ. დადგენილებით თ. თ-ის საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით განიმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს დადგენილება არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.2019წ. დადგენილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა თ. თ-ემ და აღნიშნა, რომ არ არსებობდა საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები, რადგან გასაჩივრების დაუშვებლობის შესახებ საქალაქო სასამართლოს განმარტების მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს 19.10.2018წ. გადაწყვეტილების საფუძველზე არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილების გასაჩივრების შესაძლებლობა, რაც სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა. საკონსტიტუციო სასამართლოს 19.10.2018წ. გადაწყვეტილებით 2019 წლის 31 მარტიდან ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის ნორმები, რომელთა მიხედვითაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება საბოლოო იყო და ზემდგომ სასამართლოში აღარ საჩივრდებოდა. კასატორის მითითებით, საქალაქო სასამართლოს დადგენილება ჩაბარდა 10.05.2019წ., ამდენად, მას ჰქონდა უფლება საჩივარი წარედგინა სააპელაციო პალატაში. სააპელაციო პალატის მიერ თ. თ-ის საჩივრის განუხილველად დატოვება დაუსაბუთებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული დადგენილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. თ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დგინდება, რომ სასამართლოში საქმის წარმოება დაწყებულია თ. თ-ის საჩივრის საფუძველზე, სატრანსპორტო სამართალდარღვევის ჩადენის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის ბათილად ცნობის მიზნით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე დავას მოსამართლე იხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით („ბ“ ქვ.პ.). სწორედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს რომელი ქმედება არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს (1-ლი მუხ.). მ. თ-ის მიერ საქალაქო სასამართლოში წარდგენილი საჩივრით მოთხოვნილია სატრანსპორტო სამართალდარღვევის ჩადენის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. საჩივარში მ. თ-ე ასაბუთებს შეფარდებული სახდელის არამართლოზმიერებას, მისი სამართლადამრღვევად მიჩნევის უსწორობას. ამდენად, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ განსახილველი საქმე ექვემდებარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით (და არა ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით) დადგენილი წესით განხილვას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების გასაჩივრების წესი (272-ე მუხ.), ვადა (273-ე მუხ.) და წარდგენილი საჩივრის განხილვის პროცედურები (276-ე მუხ.). აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ არ არსებობს ისეთ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა, როდესაც დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული სატრანსპორტო სამართლადარღვევის ჩადენის გამო გამოწერილი საჯარიმო ქვითრის კანონიერებაზე უზენაესი სასამართლოს მიერ მსჯელობის შესაძლებლობა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ მიღებული დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება (276.5 მუხ.), მათ შორის ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც სახდელის სახით გამოყენებულია პატიმრობა (2813.5 მუხ.). გასათვალისწინებელია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276.5 მუხლი არ ახდენს მითითებას სააპელაციო პალატის დადგენილების შინაარსზე, არ ითვალისწინებს არსებითად განხილვის შედეგად მიღებული დადგენილების გასაჩივრებისაგან განსხვავებულ წესს სააპელაციო პალატის მიერ საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში. აღნიშნული კატეგორიის დავები სრულად გამორიცხულია საკასაციო სასამართლოს კომპეტენციიდან. მართალია საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მიღებული განჩინების გასაჩივრების ზოგად შესაძლებლობას (სსკ-ის 374.1 მუხ.), თუმცა აღნიშნული დანაწესი ეხება მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც არსებითი, ძირითადი დავის განხილვის საპროცესო შესაძლებლობა აქვს იმ სასამართლოს, რომელშიც საჩივარია წარდგენილი. განსახილველ შემთხვევაში არსებითი დავის საგანია სატრანსპორტო სამართალადარღვევის ჩადენის გამო ჯარიმის დაკისრების მართლზომიერება, აღნიშნული კატეგორიის დავების განხილვის უფლებამოსილება საქართველოს უზენაეს სასამართლოს არ აქვს მინიჭებული, საკასაციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება სატრანსპორტო სამართალდარღვევის ჩადენის გამო დაკისრებული სახდელის მართლზომიერებასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების კანონიერების შეფასება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან მიმართებით დადგენილია გასაჩივრების სპეციალური წესი, რომელიც იმპერატიულია, შესაბამისად, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის 3.1 მუხლის თანახმად, სავალდებულოა შესასრულებლად და არ განეკუთვნება სასამართლოს მიხედულების, მიზანშეწონილობის სფეროს. ამასთანავე, საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ფორმალურ და არა შინაარსობრივ საკითხთა რიგს განეკუთვნება. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების შესაძლო უსწორობას არ ენიჭება მნიშვნელობა საკასაციო საჩივრის ფორმალური დასაშვებობის საკითხის შემოწმებისას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. თ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს თ. თ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე