#ბს-878(კ-20) 19 მაისი, 2021 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ჯ. ქ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 29 ოქტომბერს ჯ. ქ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 17 სექტემბრის №01-269/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქ. ზუგდიდში, ...ს ქ. №7-ში მდებარე ახალაშენებულ კორპუსში (ან დევნილთა სხვა კომპაქტურ ახალაშენებულ კორპუსში) ჯ. ქ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 თებერვლის განჩინებით მოპასუხეების უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ჯ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 17 სექტემბრის №01-269/ო ბრძანება და მოპასუხეს ჯ. ქ-ას ქ. ზუგდიდში, ...ს ქ. №7-ში მდებარე ახალაშენებულ კორპუსში (ან დევნილთა სხვა კომპაქტურ ახალაშენებულ კორპუსში) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, 2018 წლის 25 მარტს, მოსარჩელის შვილი - ა. ქ-ა, შვილებთან ერთად იმყოფებოდა ქალაქ ფოთში, მეუღლის - გ. მ-ის სახლში. სწორედ ამ გარემოებაზე დაყრდნობით ჩათვალა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომ ა. ქ-ა ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილებთან ერთად ქალაქ ფოთში და არა მშობლებთან ერთად სოფელ ...ში. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოსარჩელე განმარტავდა, რომ ა. ქ-ა და მისი მეუღლე - გ. მ-ი აღარ იმყოფებოდნენ ქორწინებაში, თუმცა მათ ჰყავდათ საერთო შვილები. 2018 წლის 25 მარტს ქალაქ ფოთში, წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძარში მონათლეს შვილი - ნ. მ-ი და სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდნენ გ. მ-ის სახლში. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ 2018 წლის 25 მარტის ნათლობის მოწმობაზე, რომლის თანახმად ნ. მ-ი მოინათლა ქალაქ ფოთში წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძარში. ამასთან, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმეებმა დაადასტურეს ა. ქ-ასა და გ. მ-ის ცალ-ცალკე ცხოვრების ფაქტი. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში ასევე წარმოდგენილი იყო სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის საჯარო სკოლის 2018 წლის 12 ოქტომბრის MES 1 18 01319324 ცნობა, რომლის თანახმად, ალა მიმინოშვილის შვილი - ს. მ-ი სწავლობს სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის საჯარო სკოლის მე-2 კლასში. ა. ქ-ას მარტვილის რაიონი,ს სოფელ ...ში ცხოვრების ფაქტი ასევე დადასტურებული იყო ...ის ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის - გ. ც-ს მიერ 2019 წლის 22 თებერვალს გაცემული №62 ცნობით. აღნიშნული ცნობის თანახმად, რომ ა. ქ-ა ნამდვილად ცხოვრობდა ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ სოფელ ...ის მე-7 ქ. №7-ში. ზემოთხსენებულ გარემოებებზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ა. ქ-ას და მისი შვილების 2018 წლის 25 მარტს ქალაქ ფოთში, ყოფილი მეუღლის სახლში ყოფნა, არ გულისხმობდა მათი მუდმივად ქალაქ ფოთში ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელ საკმარის გარემოებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ჯ. ქ-ამ დევნილთა ხანგრძლივადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. განაცხადის მიხედვით, მისი ოჯახი შედგებოდა ცხრა წევრისაგან - ჯ. ქ-ა, მეუღლე - მ. ქ-ა, შვილი - ჯ. ქ-ა, შვილიშვილები - ლ. და ე. ქ-ები, რძალი - თ. თ-ა, შვილი - ა. ქ-ა და შვილიშვილები - ს. და ნ. მ-ები. კასატორის მითითებით, მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახის ხელოვნურად გაერთიანებას, კერძოდ, გამოიკვეთა, რომ ჯ. ქ-ას შვილი - ა. ქ-ა და შვილიშვილები - ს. და ნ. მ-ები ფაქტობრივად ცხოვრობდნენ ა. ქ-ა მეუღლესთან - გ. მ-თან ერთად სხვა მისამართზე. კასატორი აღნიშნავს, რომ მონიტორინგის ფარგლებში შედგენილია „დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმი“, რომლის თანახმად, 2018 წლის 25 მარტს მოსარჩელის სიძის მშობლების კუთვნილ საცხოვრებელ სახლში - ქალაქ ფოთში, ...ის ქ.N...-ში ვიზიტისას, ადგილზე იმყოფებოდა ა. ქ-ა ორ შვილთან ერთად. მისამართზე მყოფმა პირებმა განმარტეს, რომ ა. ქ-ა რამდენიმე დღით იმყოფებოდა გ. მ-ის სახლში. ხსენებული ინფორმაცია მათ ხელმოწერით დაადასტურეს. კასატორის მითითებით, მონიტორინგის ჯგუფისათვის ბავშვი ნათლობის თაობაზე არ განუცხადებიათ. აღნიშნული გარემოება მხოლოდ სასამართლოში საქმის განხილვისას იქნა გაჟღერებული. ამასთანავე, ა. ქ-ას განმარტებით, იგი 2016 წლიდან აღარ იმყოფებოდა ქორწინებაში და ცხოვრობდა მშობლებთან ერთად, თუმცა მისი უმცროსი შვილი დაბადებულია 2017 წელს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახის ხელოვნურ გაერთიანებას, რაც სადავო აქტის გამოცემის საფუძველი გახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 17 სექტემბრის №01-269/ო სადავო ბრძანებით მოსარჩელის ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახის ხელოვნურ გაერთიანებას. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის შვილი - ა. ქ-ა და შვილიშვილები - ს. და ნ. მ-ები ფაქტობრივად ცხოვროდნენ არა სოფელ ...ში, არამედ ქ. ფოთში ა. ქ-ას მეუღლის - გ. მ-ის სახლში. აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს 2018 წლის 25 მარტის „დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმს“, რომლის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა ა. ქ-ას მეუღლის - გ. მ-ის მშობლების სახლში, სადაც აგრეთვე იმყოფებოდა ა. ქ-ა შვილებთან ერთად. სწორედ ხსენებული გარემოება დაედო საფუძვლად სადავო ბრძანების გამოცემას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სამინისტროს სადავო აქტი არ პასუხობს დასაბუთებულობის სტანდარტს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ა. ქ-ასა და მისი შვილების მოსარჩელესთან ერთად სოფელ ...ში ცხოვრების ფაქტი დადასტურებულია არაერთი გარემოებით. საქმეში წარმოდგენილია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, რომლის თანახმად, ჯ. ქ-ას ოჯახი შედგება ცხრა წევრისაგან, მათ შორის, არიან ა. ქ-ა და მისი შვილები. ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია მარტვილის რაიონი, სოფელი ...ი. აღნიშნული გარემოება აგრეთვე დასტურდება სოფ. ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2019 წლის 22 თებერვლის №62 ცნობით. ა. ქ-ასა და მისი შვილების სოფელ ...ში ცხოვრების ფაქტი დაადასტურეს საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმაც. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ სოფელ ...ის საჯარო სკოლის დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის № MES 1 18 01319324 ცნობის თანახმად, ა. ქ-ას შვილი - ს. მ-ი სწავლობს სოფელ ...ის საჯარო სკოლის მეორე კლასში. რაც შეეხება, მონიტორინგის დროს - 2018 წლის 25 მარტს ა. ქ-ასა და მისი შვილების ქ. ფოთში ყოფნის ფაქტს, აღნიშნული მოსარჩელე მხარის მიერ აიხსნა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ამ დღეს ქ. ფოთში მოინათლა ა. ქ-ას უმცროსი შვილი ნიკოლოზ ქ-ა. აღნიშნულს ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ნათლობის მოწმობაც. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც არაერთი მტკიცებულებით დასტურდება ა. ქ-ას შვილებთან ერთად სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი, დროის გარკვეულ მონაკვეთში მათი სხვა მისამართზე ყოფნა არ შეიძლებოდა გამხდარიყო მათი ამ მისამართზე მუდმივად ცხოვრების ფაქტის და შესაბამისად, მოსარჩელის ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების დადასტურების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე