საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-442(კ-21) 28 მაისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შოთა კ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2021წ. განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2021წ. განჩინებით შ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.07.2020წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. კ-მა.
სააპელაციო პალატის აღნიშნული განჩინების ასლი საქმეში მითითებულ მისამართზე შ. კ-ის წარმომადგენელ გ. ჟ-ს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 31.03.2021წ.(ს.ფ.267). მხარისათვის აღნიშნული განჩინების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 21.04.2021 წ. (ოთხშაბათი) 24 საათი. საკასაციო საჩივარზე თანდართული შპს „...-ს“ საფოსტო ბარათით დგინდება, რომ საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაგზავნად კასატორის წარმომადგენელმა გ. ჟ-მა ფოსტას გადასცა 22.04.2021წ. (ს.ფ. 281).
სსკ-ის 397.1 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სასამართლო მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უგზავნის გადაწყვეტილების/განჩინების ასლს, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად (სასკ-ის 13.2 მუხ.). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.
განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2021წ. განჩინება შ. კ-ის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა გასაჩივრების 21-დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია. გასათვალისწინებელია, რომ როგორც სააპელაციო პალატის განჩინების ჩაბარებისას, ასევე საკასაციო საჩივრის წარდგენისას გ. ჟ-ს ჰქონდა შ. კ-ის ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობისა და სასამართლოს აქტების გასაჩივრების უფლებამოსილება (ს.ფ. 183-185, 10.06.2020წ. N200328244 მინდობილობა).
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შოთა კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2021წ. განჩინებაზე დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ქ. ცინცაძე