Facebook Twitter

საქმე #ბს-1311(კ-20) 13 მაისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 2 აპრილს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - თ. ტ-ის მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, მათ წარმოებაში იყო გორის რაიონის სოფელ ზერტში მცხოვრები თ. ტ-ის ოჯახის საქმე, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა სარეიტინგო ქულა 30 090, რომელიც ითვალისწინებდა სოციალური დახმარების მიღებას. სოციალური დახმარების დანიშვნის ფორმის შევსებისას ოჯახი გაეცნო საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 აპრილის #126 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს, რაც დადასტურებული იყო თ. ტ-ის ხელმოწერით. მოსარჩელის მითითებით, დაფიქსირდა ინფორმაცია თ. ტ-ის ოჯახის წევრის - ლ. ტ-ის მიერ ლეგალური შემოსავლის მიღების თაობაზე, თუმცა მოპასუხემ არ შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე სოციალური მომსახურების საგენტოს, დადგენილ ვადაში. მოსარჩელის მითითებით, ოჯახს გაეგზავნა როგორც გაფრთხილება, ასევე შეტყობინება, თუმცა უშედეგოდ, არ მომხდარა 200 ლარის ოდენობით ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნება.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისთვის საარსებო შემწეობის სახით გაცემული თანხის - 200 ლარის დაბრუნების ვალდებულების დაკისრება.

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი თ. ტ-ის მიმართ დაკმაყოფილდა; თ. ტ-ეს დაეკისრა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, 2018 წლის აგვისტოში ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის - 200 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ტ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყეტილება, რომლითაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს #225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“. ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში უნდა დადგენილიყო, მიღებული ჰქონდა თუ არა სოციალური დახმარება თ. ტ-ეს მითითებული წესის დაცვით და ადგილი ჰქონდა თუ არა მის მიმართ „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესით“ გათვალისწინებული სოციალური დახმარების შეწყვეტის საფუძველს, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნული გარემოების უდავოდ დადგენის შემდეგ წარმოეშობოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „წესის“ მე-181 მუხლით მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესაძლებლობა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს #225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებზე, ასევე ამავე მუხლის მე-4 პუნქტზე და აღნიშნა, რომ შემოსავლების ზრდა-გაჩენა, როგორც წესი წარმოადგენს საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერების საფუძველს. სააგენტომ, შეჩერებიდან ერთი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. შეფასების შედეგების გათვალისწინებით სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შეჩერებული საარსებო შემწეობის გაცემის გაგრძელების (აღდგენის) ან შეწყვეტის თაობაზე. საარსებო შემწეობის აღდგენის შემთხვევაში ოჯახი დახმარებას იღებს შეჩერების თვიდან.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ დადასტურდა, რომ თ. ტ-ის მიმართ გადაწყვეტილება საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ მიღებულ იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს #225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ შესაბამისად. ამდენად, პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხისათვის ზედმეტად ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნაქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახს ეკისრება სააგენტოსთვის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება.

კასატორი აღნიშნავს, რომ გორის რაიონულ სასამართლოში თ. ტ-ემ აღიარა, რომ მისი შვილიშვილი მასთან აღარ ცხოვრობდა, შესაბამისად, არ იცოდა მან დაიწყო თუ არა მუშაობა, აღნიშნული კი სააგენტოს მოსაზრებით ხაზს უსვამდა იმ ფაქტსაც, რომ თ. ტ-ემ დაარღვია დემოგრაფიული ცვლილების შესახებ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებაც.

ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ მოპასუხის მხრიდან სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში სააგენტო შეაჩერებდა სოციალურ დახმარებას და ხელმეორედ შეისწავლიდა ოჯახის მდგომარეობას, შეუტყობინებლობის შემთხვევაში კი, მას ჰქონდა შემწეობის გაცემის შეწყვეტის და შემდგომ ზედმეტად გაცემული თანხის უკან დაბრუნების უფლება, რაც მისი მხრიდან განხორციელებულ იქნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს თ. ტ-ის მიმართ გაცემული საარსებო შემწეობის თანხის - 200 ლარის უკან დაბრუნება.

საქმის მასალებით დადგენილად არის მიჩნეული, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 30 ოქტომბრის #04-13/8971 წერილით თ. ტ-ეს ეცნობა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დაფიქსირდა ინფორმაცია, მისი ოჯახის წევრის - ლ. ტ-ის მიერ ლეგალური შემოსავლის მიღების შესახებ. თ. ტ-ეს განემარტა, რომ ვინაიდან მისმა ოჯახმა არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული ვალდებულება, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლაზე ინფორმაციის სააგენტოსათვის წარდგენის თაობაზე, ადგილი ჰქონდა ფულადი დახმარების (საარსებო შემწეობის) არასწორად გაცემას, რაც განაპირობებდა სააგენტოს გადაწყვეტილებას, დაეკისრებინა მისთვის თანხის დაბრუნების ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მისი ოჯახის მხრიდან დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენდა 200 ლარს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 30 ნოემბრის #04-13/9900 წერილით, 2018 წლის 30 ოქტომბრის #04-13/8971 შეტყობინებით გათვალისწინებული გაფრთხილების ვადის უშედეგოდ გასვლის გამო, თ. ტ-ეს განმეორებით ეცნობა წარმოშობილი ვალდებულების შესახებ, რაც გულისხმობდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ არასწორად მიღებული 200 ლარის არაუგვიანეს 2018 წლის 30 დეკემბრამდე აღდგენას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს #225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტოს უფლება აქვს შეაჩეროს საარსებო შემწეობის გაცემა, ნებისმიერ ეტაპზე, თუ ოჯახი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას, მათ შორის შემოსავლების გაზრდა/გაჩენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებულ ხელზე აღებული ხელფასის (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) ოდენობას (საშუალოდ ბოლო ოთხ თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში – „ხელფასი (ყველა სხვა სახის ანაზღაურების ჩათვლით)“ დაფიქსირებულ (საშუალოდ ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას შორის სხვაობა ტოლია ან ნაკლებია 175 ლარზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, საარსებო შემწეობის შეჩერების შემთხვევაში, სააგენტო, შეჩერებიდან ერთი თვის განმავლობაში, უზრუნველყოფს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებას, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. შეფასების შედეგების გათვალისწინებით სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შეჩერებული საარსებო შემწეობის გაცემის გაგრძელების (აღდგენის) ან შეწყვეტის თაობაზე. საარსებო შემწეობის აღდგენის შემთხვევაში ოჯახი დახმარებას იღებს შეჩერების თვიდან.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ამავე წესის მე-16 მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც ითვალისწინებს საარსებო შემწეობის შეწყვეტის შემდეგ საფუძვლებს - ა) ოჯახის განცხადება; ბ) ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმება; გ) თუ, ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ „საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულას“; დ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ოჯახის წევრის 16 წლის ასაკის შესრულება.

ამავე წესის მე-181 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა და სააგენტოში შემოსული ინფორმაციის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახს ან მის რომელიმე წევრს ზედმეტად გადაერიცხა საარსებო შემწეობის თანხა გასული პერიოდის განმავლობაში გარდაცვალების, სახელმწიფო საზღვრის სამ თვეზე მეტი ვადით კვეთის ან სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის/ბრალდებულის განთავსების გამო, საარსებო შემწეობის თანხის დაბრუნება განხორციელდება გარდაცვალების შემთხვევაში – გარდაცვალების თვის მომდევნო თვიდან, სახელმწიფო საზღვრის სამ თვეზე მეტი ვადით კვეთის შემთხვევაში, საზღვრის კვეთიდან მესამე თვის მომდევნო თვიდან (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ), სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის/ბრალდებულის განთავსების მომდევნო თვიდან, ოჯახის წევრისთვის ზედმეტად ჩარიცხული თანხის ოდენობით, ხოლო ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი ოდენობით შემოსავლის გაზრდის/გაჩენის შემთხვევაში, თანხის დაბრუნება განხორციელდება ამ გარემოების დადგომის თვის მომდევნო თვიდან ოჯახისათვის ზედმეტად ჩარიცხული თანხის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ შემოსავლების ზრდა-გაჩენა წარმოადგენს საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერების საფუძველს. სააგენტომ, შეჩერებიდან ერთი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასება, რომლის შედეგად სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შეჩერებული საარსებო შემწეობის გაცემის გაგრძელების (აღდგენის) ან შეწყვეტის თაობაზე. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს #225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-181 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, ოჯახისათვის ზედმეტად ჩარიცხული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნების აუცილებელ წინაპირობად ადგენს ოჯახისათვის საარსებო შემწეობის შეწყვეტას. მოცემულ შემთხვევაში კი არ დადასტურდა, რომ თ. ტ-ის მიმართ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული „წესით“ გათვალისწინებული საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე