საქმე #ბს-1333(კ-20) 13 მაისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 2 ივლისს ე. ჯ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
2018 წლის 21 თებერვალს ე. ჯ-ემ #... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, ქ. თბილისში, ...ს ... ... ქუჩა N...-ს მიმდებარედ არსებულ 88 კვ.მ ფართზე. სარეგისტრაციო განაცხადს დაერთო საკადასტრო აზომვითი ნახაზი 88 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზედ მდგარ შენობა-ნაგებობაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 თებერვლის #...-03 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების თანახმად, დაინტერესებულ პირს არ უდგინდებოდა მართლზომიერი მფლობელობის ან საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, წარდგენილი დოკუმენტაცია ექვემდებარებოდა აღიარების კომისიაში გადაგზავნას.
მოსარჩელის მითითებით, მის მიერ წარდგენილ ნახაზზე ჩანდა განთავსებული შენობა, რომელიც იძლეოდა შესაძლებლობას ცალკე დამოუკიდებლადაც ყოფილიყო როგორც შენობა და ამით მას არ ესპობოდა არც დანიშნულება და არც ეკონომიკური ღირებულება. ასევე მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თუ მის მიერ აღიარების კომისიაში წარდგენილი დასაკანონებელი მიწის ნაკვეთის შემადგენელი ნაწილი იყო მასზე არსებული შენობა-ნაგებობა, მაშინ იგი ვერანაირად ვერ იქნებოდა რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის შემადგენელი ნაწილი.
მოსარჩელის მითითებით, წარმოდგენილ ორთოფოტოებზე, შენობა ჩანდა, თუმცა მას ეფარებოდა ხეები, დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზის გამო კი მისი უფლებები არ უნდა შეზღუდულიყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ე. ჯ-ის მიერ სადავო ქონების მფლობელობისა და სარგებლობის ფაქტს ადასტურებდა, როგორც მის მიერ ნაკვეთზე განხორციელებული მოქმედებები (შემოღობვა, დამხმარე ნაგებობის აშენება, ნარგავები), ასევე მეზობლების განცხადებები.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი ვერ გაითვალისწინებდა კომისიის მითითებას, მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირების შესახებ, ვინაიდან რეგისტრირებული ფართი იყო მცირე, კანონის თანახმად კი, მომიჯნავე ნაკვეთი საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მცირე უნდა იყოს.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა ე. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 3 ივნისის #1373 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ე. ჯ-ის მიმართ აღიარებული იქნება მის მფლობელობაში და სარგებლობაში არსებული 88 კვ.მ მიწის ნაკვეთი და გაიცემა მასზე საკუთრების მოწმობა, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ... #3ა-ს მიმდებარედ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ჯ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება; ე. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 3 ივნისის #1373 განკარგულება ე. ჯ-ისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისა კომისიას დაევალა ქ. თბილისში, ...ს ... ... ქუჩა N...-ს მიმდებარედ არსებულ 88 კვ.მ საერთო ფართობზე ე. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარებისა და საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიზნიდან გამომდინარე, იქნება თუ არა ცალკე უფლების ობიექტი შენობა-ნაგებობა, რომლის ერთი ნაწილიც მოქცეულია ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე, ხოლო მეორე ნაწილი რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ვერ გახდება საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელი საფუძველი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შენობა-ნაგებობა ისევე იყო #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, როგორც ასაღიარებელი მიწის ნაკვეთისა, შესაბამისად, სწორედ ეს გარემოება ქმნიდა იმის საფუძველს, რომ ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა.
ამასთან, სააპელაციო პალატამ ელექტრონულად გადაამოწმა ე. ჯ-ის მიერ წარმოდგენილი ორთოფოტო, სადაც ნათლად ჩანდა შენობა-ნაგებობის არსებობა, რომლის ნაწილიც დაფარული იყო მწვანე ნარგავით. პალატამ საქმის მასალებში არსებული ორთოფოტოებით და წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნია, რომ დადასტურებული იყო ის გარემოება, რომ ე. ჯ-ე კანონის ამოქმედებამდეც ფლობდა ქ. თბილისში, ... ...ში, ... ქუჩა N...-ს მომიჯნავედ არსებულ 88 კვ.მ ფართს, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწას, რომელიც აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებაზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ე. ჯ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მომიჯნავედ, თუმცა მისი ფართობი (88.00 კვ.მ) აღემატებოდა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობს (46.00 კვ.მ). შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე, როგორც საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე ემსჯელა ე. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილ #1 შენობა წარმოადგენდა ე. ჯ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მიშენებას, შესაბამისად, იგი წარმოადგენდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების არსებით შემადგენელ ნაწილს და აღიარების კომისია მას ცალკე უფლების ობიექტად ვერ განიხილავდა.
კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ ორთოფოტოების შესაბამისად, მიშენების არსებობის ფაქტი არ დასტურდებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე, რაც წარმოადგენდა კომისიის მიერ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.
კასატორმა ხაზი გაუსვა რომ მოწმეთა ჩვენება შეიცავს რისკს მოწმის პირადი ინტერესის არსებობას საქმის შედეგის მიმართ, ასევე აღნიშნა, რომ ორთოფოტოზე არსებული მწვანე საფარი არ იძლეოდა ცალსახა დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ორთოფოტოზე წარმოდგენილი გამოსახულება და მოწმეთა ჩვენებები.
კასატორმა ასევე მოითხოვა იმ ფაქტზე ყურადღების გამახვილება, რომ ე. ჯ-ე აღარ წარმოადგენდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ე. ჯ-ისთვის, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ხსენებული კანონის მე-51 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიზნიდან გამომდინარე, იქნება თუ არა ცალკე უფლების ობიექტი შენობა-ნაგებობა, რომლის ერთი ნაწილიც მოქცეულია ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე, ხოლო მეორე ნაწილი რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ვერ გახდება საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელი საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, შენობა-ნაგებობა ისევე იყო #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, როგორც ასაღიარებელი მიწის ნაკვეთისა, შესაბამისად, სწორედ ეს გარემოება ქმნიდა იმის საფუძველს, რომ ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას იმის თაობაზე, რომ ე. ჯ-ის მიერ საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოებით და მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია ის გარემოება, რომ ე. ჯ-ე ფლობს და კანონის ამოქმედებამდეც ფლობდა ქ. თბილისში, ... ...ში, ... ქუჩა N...-ს მომიჯნავედ არსებულ 88 კვ.მ ფართს, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწას, რომელიც აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გაამახვილა ყურადღება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში შესულ ცვლილებაზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწად განისაზღვრა დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გააქარწყლებდა და ე. ჯ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნებოდა.
რაც შეეხება კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ თავდაპირველი მიწის ნაკვეთი აღარ არის ე. ჯ-ის საკუთრებაში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოება მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს, შესაბამისად, საკასაციო საჩივარს, დავის სხვაგვარად გადაწყვეტისთვის, არ გააჩნია სამართლებრივი პერპექტივა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე