Facebook Twitter

საქმე #ბს-1352(კ-20) 13 მაისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 11 თებერვალს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „ს...იის“ მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, ქ. თბილისში, რკინიგზის ცენტრალური ვაგზლის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ...) წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რომლითაც არამართლზომიერად სარგებლობდა და სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა შპს „ს...ია“, რასაც ადასტურებდა როგორც ფოტომასალა, ასევე ამხანაგობა მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის 2017 წლის 11 აგვისტოს #10372/12 განცხადება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #5005319817 დასკვნის შესაბამისად, შპს „ს...იას“ ეკისრებოდა სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2016 წლის 6 სექტემბრიდან, თვეში 5776 ლარის ოდენობით.

მოსარჩელით მითითებით, მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა გაფრთხილების წერილი (2017 წლის 15 აგვისტოს #7/41810, 2017 წლის 25 სექტემბრის #7/49442, 2018 წლის 19 მარტის #7/15782 წერილები), რომლითაც განესაზღვრა შესაბამისი დრო ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა შპს „ს...იისთვის“ სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ფართებით არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 2016 წლის 6 სექტემბრიდან 2019 წლის 26 მარტამდე თვეში 5776 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი მოპასუხე - შპს „ს...იის“ მიმართ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, რკინიგზის ცენტრალური ვაგზლის ტერიტორიაზე (ნაკვეთი 05/104) არსებული #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნაწილზე (საკადასტრო კოდები: ... და ...), ინდ. მეწარმე გ. ბ-ს მოწყობილი ჰქონდა ფასიანი ავტოსადგომი, აგრეთვე განთავსებული იყო რკინის კონსტრუქცია (ბოძი) და გადიოდა ხაზოვანი ნაგებობა (დენი). ამდენად, შპს „ს...იის“ მიერ აღნიშნული უძრავი ქონებით სარგებლობის ფაქტი არ ფიქსირდებოდა. რაც შეეხება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს“ 2017 წლის 22 სექტემბერს გაცემულ საექსპერტო დასკვნას, საპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იგი ჩატარებული იყო კონკრეტული მიზნით, წლიური საიჯარო ქირის ღირებულების დასადგენად და არა ფართის ფლობის საკითხის გასარკვევად. ამდენად, აღნიშნული დასკვნით შეუძლებელი იყო დადგენილიყო 2016 წლის 6 სექტემბრიდან 2019 წლის 26 მარტამდე პერიოდისათვის შპს „ს...იის“ მიერ უძრავი ქონების ფლობა-სარგებლობის ფაქტი.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ტერიტორიის მიმდებარედ შპს „ს...ია“ მართლზომიერად ფლობდა მიწის ნაკვეთს ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 14 ივლისის იჯარის ხელშეკრულების თანახმად, შპს „...ს“ (ს/კ ..., აღმასრულებელი დირექტორი ჯ. გ-ი, შემდგომში „ქვემეიჯარედ“ წოდებული) და შპს „ს...იას“ (ს/კ ..., დირექტორი რ. რ-ე, შემდგომში „ქვემოიჯარედ“ წოდებული), შორის გაფორმებულ იქნა ქვეიჯარის ხელშეკრულება ავტოსადგომის მოწყობისთვის. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ.თბილისში, ... ...ი 2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: #..., (815 კვ.მ). ხელშეკრულება ძალაში იყო 2017 წლის 15 ივლისიდან 2018 წლის 15 ივლისის ჩათვლით და საქვეიჯარო ქირა 2017 წლის 15 ივლისიდან 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით შეადგენდა 2500, ხოლო 2017 წლის 1 აგვისტოდან ხელშეკრულების ვადის გასვლამდე - თვეში 5000 ლარს დღგ-ის ჩათვლით.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს „ს...იის“ მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების მიმდებარედ არსებული ქონებით სარგებლობის ფაქტი, ავტომატურად არ გულისხმობდა იმას, რომ მოპასუხე ასევე სარგებლობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებითაც. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულება, მათ შორის ვერც წარმოდგენილი ფოტოსურათები, ვერ ადასტურებდა შპს „ს...იის“ მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, მათ მიერ წარმოდგენილი ფოტომასალით ნათლად ჩანდა, რომ შპს „ს...იას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე მოწყობილი ჰქონდა ფასიანი პარკინგი. ფოტომასალიდან ასევე ირკვეოდა, რომ ტერიტორიაზე განლაგებული იყო პარკირებისთვის საჭირო მინიშნებები, ხოლო პარკირების თანხის გადახდა ხდებოდა ჯიხურში, სადაც განთავსებული იყო შპს „ს...იის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.

კასატორის მითითებით, სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია არც საქმეზე წარმოდგენილი ფოტომასალა და არც ამხანაგობა მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის 2017 წლის 11 აგვისტოს წერილი, რომლებიც ადასტურებდა შპს „...ს ... ...ის“ მიერ უძრავი ქონების სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტს. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სახეზეა სასამართლო განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული განჩინების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი განჩინებისმიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხე შპს „ს...იისათვის“ სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ფართებით არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 2016 წლის 6 სექტემბრიდან 2019 წლის 26 მარტამდე თვეში 5776 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე, რომლის შესაბამისად სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი ფოტოებით იკვეთება, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოწყობილია ფასიანი ავტოსადგომი, თუმცა აღნიშნული ცალსახად არ ადასტურებს იმას, რომ მოპასუხის მიერ ხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის სამეწარმეო მიზნით უნებართვოდ გამოყენება. ჯიხურში განთავსებულ შპს „ს...იის“ ამონაწერთან და აღნიშნულ ადგილზე პარკირების თანხის გადახდასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ ფოტოსურათით ვერ დგინდება, რომ ჯიხური, რომელშიც აღნიშნული ამონაწერია განთავსებული, სწორედ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზეა განთავსებული. მოპასუხე მხარის მიერ აღნიშული იყო, რომ იდენტური ჯიხური იდგა შპს „ს...იის“ მიერ იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), რომელშიც ნამდვილად იყო გამოკრული შპს „ს...იის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან. ამდენად, ვინაიდან ზუსტად ვერ დგინდება თუ რომელი ჯიხურია ასახული წარმოდგენილ ფოტოსურათებზე, აღნიშნული ვერ იქნება მიჩნეული მოპასუხის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ მოასფალტების ხელშეკრულებას, შპს „საქართველოს სარბიტრაჟო კოლეგიის“ მიერ მოასფალტებულ იქნა არა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), არამედ სულ სხვა ტერიტორია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება შპს „ს...იის“ მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის არამართლზომიერად ფლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გააქარწყლებდა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას დაამტკიცებდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე