საქმე #ბს-1348(კ-20) 13 მაისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 10 ოქტომბერს ი. ჩ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, იგი 1999 წლიდან ფლობდა და სარგებლობდა ქ. თბილისში, ...ის მე-... ... #12ა-ში მდებარე 101 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთითა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით. მოსარჩელემ აღნიშნულ ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელმაც 2018 წლის 13 აგვისტოს #1071 განკარგულებით აცნობა, რომ #658 საოქმო გადაწყვეტილების შედეგად, მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2013 წლის 7 მარტის #343 საოქმო გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ...ის მე-... ... #12-ში მდებარე 254 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთზე უღიარეს საკუთრების უფლება, რომლის რეგისტრაციაც შემდგომ საჯარო რეესტრში განხორციელდა. მოსარჩელის განმარტებით, აღიარებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილს, აღნიშნულ მიწებზე იდგა შენობა-ნაგებობა, რომლის კედლებიც ამოყვანილი იყო ერთ მწყობრში და მოსარჩელეს იგი მთლიანად ჰქონდა დაკავებული 1999 წლიდან.
მოსარჩელის მითითებით, #1071 განკარგულებაში საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის მიზეზად მითითებული იყო, რომ მოსარჩელე მიწის ნაკვეთს არ ფლობდა უწყვეტად და სადავო ქონება 2013 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით ირიცხებოდა ირინე მაგრაქველიძის სახელზე. მოსარჩელე არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მან ერთი წლის მანძილზე ქონება გადაუფორმა ირინე მაგრაქველიძეს, თუმცა აღნიშნა რომ სადავო ქონება მან 1 წლის შემდეგ კვლავ გადმოიფორმა და ამავდროულად მას არცერთი დღით არ შეუწყვეტია ქონების ფლობა და მისით სარგებლობა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ერთადერთი მიზეზს, რატოც მან 2013 წელს საკუთრების უფლების აღიარება მხოლოდ დაკავებული ფართის ნაწილზე მოითხოვა, წარმოადგენდა მისი მეუღლის მხრიდან განხორციელებული მუქარა.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა ი. ჩ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 7 მაისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებისა და ამავე კომისიის 2018 წლის 13 აგვისტოს #1071 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის თბილისში, ...ის მე-... ... N...-ში მდებარე 101 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ი. ჩ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ჩ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 7 მაისის #658 საოქმო გადაწყვეტილება ი. ჩ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 13 აგვისტოს #1071 განკარგულება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა თბილისში, ...ის მე-... ... N...-ში მდებარე 101 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ი. ჩ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კანონი არ კრძალავდა ორი მოთხოვნის სხვადასხვა დროს დაყენების შესაძლებლობას, ამდენად მიიჩნია, რომ საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი პრაქტიკულად ეფუძნებოდა ერთადერთ გარემოებას - აღიარებულ 254 კვ.მ-თან ერთად 101 კვ.მ-ზე მოთხოვნის არარსებობას, რაც წარმოადგენდა საკითხისადმი არასწორ მიდგომას. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ მოთხოვნათა დაყოფის განმაპირობებელ მიზეზს წარმოადგენდა ოჯახური ძალადობის ფაქტი, რასაც ადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი დამცავი ორდერიც.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების უფლებას წარმოშობს პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი, რომელიც გამოვლინდება ნივთის მფლობელობასა და სარგებლობაში, ამდენად მიიჩნია, რომ სახეზე იყო ი. ჩ-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებაზე მითითებით აღნიშნა, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს პირის ვალდებულებას საკუთრების უფლების აღიარების მიზნით წარადგინოს დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ ის ფაქტობრივად სარგებლობს და ფლობს თვითნებურად დაკავებულ ფართს, თუმცა კასატორის მითითებით, მოსარჩელის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ იგი ფლობდა და სარგებლობდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთით.
კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი 2005, 2010 და 2014 წლის ორთოფოტოთი დგინდება მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის არარსებობის ფაქტი, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზმოვითი ნახაზის თანახმად, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა არის მშენებარე, რაც აეროფოტოგადაღებებზეც ჩანს. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ ორთოფოტოზე რაიმე სახის გამოსახულება უდავოდ არ ადასტურებს მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლის არსებობას.
კასატორი აღნიშნავს, რომ ი. ჩ-მა სადავო ტერიტორიის მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება მოიპოვა 2013 წლის 7 მარტის #343 საოქმო გადაწყვეტილებით, შესაბამისად, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მომიჯნავედ მდებარე 101 კვ.მ საკუთრების უფლების აღიარება. ამავდროულად, #343 გადაწყვეტილების მიღების დროს ი. ჩ-ი პრეტენზიას არ აცხადებდა სადავო მიწის ნაკვეთის ფლობასთან დაკავშირებით. კასატორის მოსაზრებით, ის რომ უფლებააღიარებულ და მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე განთავსებული შენობის კედლები ამოყვანილია ერთიან მწყობრში, არ შეიძლება იქცეს სადავო მიწის ნაკვეთის დაკავებისა და ფლობის დამადასტურებელ გარემოებად.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს ეყრდნობა, რაც არ გამორიცხავს მოწმის პირადი ინტერესის არსებობას საქმის შედეგის მიმართ, ამიტომ მხოლოდ მოწმის ჩვენებით ხელმძღვანელობა კასატორს არასწორად მიაჩნია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 7 მაისის სხდომაზე მიღებული #658 საოქმო გადაწყვეტილების და კომისიის 2018 წლის 13 აგვისტოს #1071 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის თბილისში, ...ის მე-... ... #12ა-ში მდებარე 101 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ი. ჩ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
საქმის მასალებით იკვეთება, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ი. ჩ-ისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის, რომ ი. ჩ-ის თავდაპირველი განცხადების განხილვისას, საკუთრების უფლების აღიარება მოთხოვნილი იყო 265.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და იგი არ მოიცავდა განსახილველი განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს. ადმინისტრაციულმა ორგანომ უარის თქმის საფუძვლად ასევე მიუთითა ის გარემოება, რომ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის (2013 წელი) ი. ჩ-ი პრეტენზიას არ აცხადებდა განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობასთან დაკავშირებით. ცალსახაა, რომ განმცხადებლისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ძირითადი საფუძველი იყო ის, რომ მოთხოვნილ 101 კვ.მ-ზე განმცხადებელს პრეტენზია არ განუცხადებია იმ დროისათვის, როდესაც მას უღიარდა საკუთრების უფლება მომიჯნავე 254 კვ.მ-ზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ კანონი არ კრძალავს მხარემ ორი მოთხოვნა დააყენოს სხვადასხვა დროს. ამასთან, მოთხოვნების ცალ-ცალკე დაყენების მიზეზად მითითებული იყო ი. ჩ-ის მიმართ მისი ქმრის მხრიდან ოჯახური ძალადობის ფაქტი, რაც დასტურდება საქმეში არსებული დამცავი ორდერით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატას და აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვის დროს ადმინისტრაციულ ორგანოს მხედველობაში არ მიუღია 101 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღიარების მოთხოვნის წარუდგენლობის მიზეზი - ოჯახური მდგომარეობა, სანოტარო წესით დამოწმებულ მოწმეთა ჩვენებები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 სექტემბრის დასკვნა, 2005, 2010 და 2014 წლების ორთოფოტოები და ის გარემოება, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების უფლებას წარმოშობს პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი, რომელიც გამოვლინდება ნივთის მფლობელობასა და სარგებლობაში. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინება კი აუცილებელი იყო საკითხზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გააქარწყლებდა და ი. ჩ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნებოდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე