Facebook Twitter

№ბს-928(კ-20) 19 მაისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ო-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 19 სექტემბერს ლ. ო-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ „მიწის ნაკვეთზე ლ. ო-ის (პ/ნ ...) საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 28 ივლისის №1042 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის, ქალაქ თბილისში, ...ის რაიონში, ...ს მიმდებარე 1110 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ლ. ო-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ო-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ლ. ო-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლის თანახმადაც, 2016 წლის 16 სექტემბერს ლ. ო-მა განცხადებით მიმართა - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქალაქ თბილისში, ...ის რაიონში, ...ს მიმდებარედ 1110 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, ლ. ო-ის განცხადება, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით დასკვნის მისაღებად გადაუგზავნა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, რის პასუხადაც 2017 წლის 21 თებერვლის წერილით კომისიას ეცნობა, რომ განცხადებით მითითებული, ქალაქ თბილისში, ...ის რაიონში, ...ს მიმდებარე 1110 კვ.მ მიწის ნაკვეთი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეული იყო სპეციალურ (სპეცზ-2) ზონაში. მასზე გათვალისწინებული იყო სასაფლაოების სპეციალური შეზღუდვა და მოქცეული იყო ... საკადასტრო ერთეულის საზღვრებში.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 28 ივლისის №1042 განკარგულებით, ლ. ო-ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარებოდა თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა, მათ შორის, სასაფლაოს ან პანთეონის ტერიტორია.

სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სასაფლაოების შეზღუდვის (სპეც.ზ-2) არეალთან ერთად, სადავო უძრავი ნივთი ფიქსირდებოდა მდინარის შეტბორვის, მდინარის წყალდაცვითი, სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2) არეალში და მინიჭებული ჰქონდა სარეკრეაციო ზონის სტატუსი, რაც გამორიცხავდა მიწის ნაკვეთზე ლ. ო-ის საკუთრების უფლების აღიარებას.

შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების ანალიზის, სახელმწიფოსა და თვითმმართველობის მიზნებისა და ამოცანების განსხვავებულობის მოტივით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარებოდა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ხოლო, ლ. ო-ის მიერ საკუთრების უფლების აღიარება მოთხოვნილი იყო თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც იყო თვითმმართველი ერთეულის საკუთრება, რაც ასევე უსაფუძვლოს ხდიდა მის მოთხოვნას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ო-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათების თანახმად, 1994 წლიდან უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ლ. ო-ის სახელზე ირიცხება 1110 კვ.მ. მიწის ნაკვთი. ამავე მიწის ნაკვეთზე 2001 წლის №00018 სააღრიცხვო ბარათით, მესაკუთრედ აღრიცხულია - ლ. ო-ი, რაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკმარისი პირობაა.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთი (მდებარე ქალაქ თბილისი, ...ის რაიონი, ...ს მიმდებარე 1110 კვ.მ) დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სპეციალურ ზონაში და მასზე გათვალისწინებულია სასაფლაოების სპეციალური შეზღუდვა. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილება, რადგან იგი არ მოქმედებდა სადავო პერიოდში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ო-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

კასატორი საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათების თანახმად, 1994 წლიდან უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ლ. ო-ის სახელზე ირიცხებოდა 1110 კვ.მ. მიწის ნაკვთი. ამავე მიწის ნაკვეთზე 2001 წლის №00018 სააღრიცხვო ბარათით, მესაკუთრედ აღრიცხული იყო - ლ. ო-ი.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.

საკასაციო სასამართლო კასატორის მიერ საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლად მითითებულ ძირითად არგუმენტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მართალია, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათების თანახმად, 1994 წლიდან უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ლ. ო-ის სახელზე ირიცხებოდა 1110 კვ.მ. მიწის ნაკვთი და ამავე მიწის ნაკვეთზე 2001 წლის №00018 სააღრიცხვო ბარათით, მესაკუთრედ აღრიცხული იყო - ლ. ო-ი, მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებაო ის გარემოება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1994 წლის 01 დეკემბრის №25.25.533 დადგენილებით დაკმაყოფილდა ირმა ელიოზიშვილის, ციური ჩიქვინიძის, ნინო კაკაბაძის, გიორგი ბოსტოღანაშვილის, ლევან თამაზაშვილის, ნუნუ ოქროპირიძისა და ლარისა ზარნაძის თხოვნა, ...ის რაიონში, ...ისა და საბურთალოს სასაფლაოებს შორის, მდ. ... ...ში ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ (რომელიც მოიცავდა ლ. ო-ის მიერ სადავოდ გამხდარ 1100 კვ.მ-საც), ხოლო 2007 წელს შესაბამისი მიწის ნაკვეთი (8100 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მოიცავს სადავო 1100 კვ.მ მიწის ნაკვეთს) დარეგისტრირდა შესაბამისი 7 ფიზიკური პირის საკუთრებად. 2008 წელს გადავიდა შპს „სამოთხე 2008“-ის საკუთრებში, ხოლო 2009 წელს გახდა თვითმმართველი ერთეულის საკუთრება. ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1994 წლის 01 დეკემბრის №25.25.533 დადგენილების და მის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერების კანონიერ ძალაში არსებობის პირობებში, სადავო მიწის ნაკვეთის ლ. ო-ის მიერ ფლობისა და სარგებლობის ფაქტის დადგენა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად არსებულ საქმეში წარმოდგენილ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 21 თებერვლის №07/1797-13 წერილზე, რომელშიც მითითებულია, რომ ქალაქ თბილისში, ...ის რაიონში, ...ს მიმდებარე 1110 კვ.მ მიწის ნაკვეთი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სპეციალურ (სპეცზ-2) ზონაში. მასზე გათვალისწინებულია სასაფლაოების სპეციალური შეზღუდვა და მოქცეულია ... საკადასტრო ერთეულის საზღვრებში.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასაფლაო და პანთეონი. ხოლო 51 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და აღნიშნავს, რომ სპეციალურ (სპეცზ-2) ზონაში მდებარეობის და სასაფლაოების სპეციალური შეზღუდვის საფუძვლით, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე და მის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა მითითებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაზე, რადგან სადავო მიწის ნაკვეთის სტატუსი, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე სწორედ აღნიშნული სამართლებრივი აქტით განისაზღვრებოდა და იმ გარემოების დადასტურებით, რომ სასაფლაოების შეზღუდვის (სპეც.ზ-2) არეალთან ერთად, სადავო უძრავი ნივთი დაფიქსირდა მდინარის შეტბორვის, მდინარის წყალდაცვითი, სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2) არეალში, სააპელაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საკანონმდებლო საფუძვლები და ფაქტობრივი გარემოებები, არც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე იყო აღმოფხვრილი და კასატორის სასარგებლოდ შეცვლილი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ცალსახად არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, იმის თაობაზე, რომ მიწის ნაკვეთის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ყოფნა წარმოადგენს მასზე საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავ გარემოებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავსი კატეგორიის საქმეზე გაკეთებული განმარტების მიხედვით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მოქმედება ვრცელდება როგორც სახელმწიფოს, ისე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის №ბს-504-501(კ-17) გადაწყვეტილება). თუმცა, აღნიშნული გარემოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად, არ წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს, რამდენადაც იგი გავლენას არ ახდენს განსახილველი საქმის სამართლებრივ შედეგზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ლ. ო-ს საკასაციო საჩივარზე 15/10/2020 წ. საგადახდო დავალება №24341863-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ო-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინება;

3. ლ. ო-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15/10/2020 წ. საგადახდო დავალება №24341863-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე