საქმე #ბს-1280(კ-20) 13 მაისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 16 ოქტომბერს ი. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ.
მოსარჩელემ ნ. ს-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (ს/კ ...) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 მაისის #... გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, ცნობა-დახასიათების თანახმად, ნ. უ-ოს წინაპრების სახელზე ირიცხებოდა 870 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ასევე საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით, სადავო მიწის ნაკვეთი ერთ კონტრად არის ნაჩვენები. 2009 წელს მოსარჩელემ მოცემული ცნობა-დახასიათებისა და მასზე თანდართული გეგმის საფუძველზე, შეიძინა უძრავი ქონება, თუმცა ვინაიდან საჯარო რეესტრში დაფიქსირებული იყო მხოლოდ 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ავტომატურად მასზეც დარეგისტრირდა 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი, თუმცა 2009 წლიდან დღემდე მოსარჩელე ფლობს და სარგებლობს მოცემულ ქონებას. სარჩელის თანახმად, 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სადავო 470 კვ.მ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ნ. უ-ო-ს-ის სახელზე, რაც გასაჩივრებულ იქნა ადმინისტრაციული წესით, თუმცა მოსარჩელეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ი. გ-ის სარჩელი გადაეგზავნა განსჯად - ახალციხის რაიონულ სასამართლოს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. უ-ო-ს-ი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარემ საჯარო რეესტრს წარუდინა ყალბი ნახაზი შეცვლილი კონფიგურაციით და სადავო გადაწყვეტილებით მას დაურეგისტრირდა კასატორის კუთვნილი ეზო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. გ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ. უ-ოს საკუთრებაში ჰქონდა ქ. ახალციხეში, ...ის ქ. #18ა(9)-ში მდებარე უძრავი ქონება, ფაქტობრივი ფართობი - 870 კვ.მ, დოკუმენტით - 400 კვ.მ. 2006 წლის 2 აგვისტოს გ. უ-ომ დაირეგისტრირა საკუთრების უფლება ურავ ნივთზე, მდებარე: ქ. ახალციხე, ...ის ქ. #18, ფართობი - 400 კვ.მ (ს/კ ...). აღნიშნული უძრავი ქონება მემკვიდრეობით მიიღო გ. უ-ოს პირველი რიგის მემკვიდრემ - ნ. ს-მა, რომელმაც 2007 წლის 6 აგვისტოს უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ახალციხე, ...ის ქ. #18, ფართობი - 400 კვ.მ (ს/კ ...), საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში. ასევე დადგენილია, რომ ნ. ს-მა მითითებული ქონება 2009 წლის 31 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გაასხვისა ი. გ-ზე. 05.08.2009წ. მდგომარეობით მომზადებული ამონაწერით (საჯარო რეესტრიდან) დადგენილია, რომ ქ. ახალციხეში, ...ის ქ. #18-ა-ში მდებარე უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობი - 400 კვ.მ, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ი. გ-ის სახელზე.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 29 მარტს მამის - გ. უ-ოს დარჩენილი სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი მიიღო ნ. უ-ო-ს-მა, რომელმაც სამკვიდრო მოწმობა და უძრავი ქონების ცნობა-დახასიათება წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. მარეგისტრირებელმა ორგანომ კი, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მიიღო 2016 წლის 25 მაისის სადავო გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ. უ-ო-ს-ის მოთხოვნა და უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ახალციხე, ...ის ქ. #18ა-ს მიმდებარედ, მემკვიდრეობის საფუძველზე, დარეგისტრირდა ნ. უ-ო-ს-ის საკუთრების უფლება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოსარჩელის მიერ ნ. უ-ოსაგან მთლიანი ქონების შეძენის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი. ამასთან, საყურადღებოა მხარეთა შორის გაფორმებული 2009 წლის 31 ივლსის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც პირდაპირ მითითებულია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ქ. ახალციხეში, ...ის ქ. #18ა-ში მდებარე უძრავი ქონება, რომლის დაზუსტებული ფართობია 400 კვ.მ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ი. გ-ის საკასაციო საჩივარზე 30.12.2020წ. საგადახდო დავალებით ო. ს-ს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ო. ს-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინება;
3. ო. ს-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ი. გ-ის საკასაციო საჩივარზე 30.12.2020წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე