Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-128(კ-21) 7 ივნისი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ. ჯ-ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. ჯ-ემ 2019 წლის 6 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოპასუხისათვის ზიანის - 2017 წლის 1 თებერვლიდან 2019 წლის 1 იანვრამდე მოსარჩელის მიერ მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის - 2017 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 1 იანვრამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონებზე მითითებით, აღნიშნავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობა. აღსანიშნავია, რომ ზ. ჯ-ეს წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაზე თავდაპირველად უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ იმ კონკრეტულ მომენტში ის იმყოფებოდა კადრების განკარგულებაში და კანონმდებლობით დადგენილი წესით არ იყო გათავისუფლებული საჯარო სამსახურიდან. შემდეგ უარი ეთქვა 1993-1994 წლებში მოსარჩელის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ინფორმაცის არარსებობის მიზეზით. საკითხი განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამსახურებრივი დოკუმენტების მოწესრიგების საკითხთა განმხილველ კომისიას. საბოლოო გადაწყვეტილება კი მიღებულ იქნა 2018 წლის 22 თებერვალს. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სამხედრო სამსახურში ზ. ჯ-ის ნამსახურობამ შეადგინა 13 წელი, 9 თვე და 1 დღე. ამასთან, გამოთხოვნილ იქნა ნოტარიულად დამოწმებული შრომის წიგნაკის ასლი ან შესაბამისი ცნობა შრომის სტაჟის შესახებ. ზ. ჯ-ეს მოთხოვნილი დოკუმენტები დადგენილ დროში არ წარუდგენია და საბოლოოდ, მის მიერ მოგვიანებით წარდგენილი დოკუმენტები 2018 წლის 3 დეკემბერს შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სსიპ სოციალური მოსმახურების სააგენტოს რუსთავის სოციალური მომსახურების ცენტრს და ზ. ჯ-ეს სახელმწიფო კომპენსაცია 2019 წლის 1 იანვრიდან დაენიშნა. აღნიშნული გარემოებების საფუძველზე, კასატორი მიიჩნევს, რომ ზ. ჯ-ის სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობის გაანგარიშება განხორციელდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც შესაბამის დროსა და პროცედურებს საჭიროებდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, წელთა ნამსახურობის გაანგარიშების გაჭიანურების გამო მიყენებული ზიანის -მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის (2017 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 1 იანვრამდე) ანაზღაურების დაკისრების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლითაც გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურეთათვის კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები, პირის ნამსახურობის წლების გათვალისწინებით. კერძოდ, დასახელებული კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები, მათ შორის, ოფიცრები. იმავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაბამისი კომპენსაციის დასანიშნად სამხედრო მოსამსახურე უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, მნიშვნელოვანია ნამსახურობის წლების საერთო ჯამი. წელთა ნამსახურობის გაანგარიშება, რომელზეც არის დამოკიდებული სახელმწიფო კომპენსაციის მიღება, ხდება პირის სამსახურში ჩარიცხვისა და ამორიცხვის ბრძანებებით გათვალისწინებული თარიღების მხედველობაში მიღებით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კადრების განკარგულებაში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ცალკეული სადაზვერვო ბატალიონის მეთაურის ყოფილი თანაშემწე - ზ. ჯ-ე სამსახურიდან გათავისუფლდა 2017 წლის 12 მაისიდან. მან, როგორც სამსახურიდან გათავისუფლებამდე, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ, არაერთხელ მიმართა განცხადებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 დეპარტამენტის უფროსს წელთა ნამსახურობის დაანგარიშების მოთხოვნით, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, თუმცა მისი განცხადებები არ დაკმაყოფილდა სხვადასხვა მიზეზის გამო. საბოლოოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის 2018 წლის 30 ნოემბრის №MOD 7 18 01207220 წერილით ზ. ჯ-ის მიმართ შედგენილი წელთა ნამსახურობის ანგარიში, დამოწმებული შრომის წიგნაკის ასლი და ბრძანების ამონაწერი დათხოვნის შესახებ შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რუსთავის სოციალური მომსახურების ცენტრს, რის საფუძველზეც მოსარჩელეს 2019 წლის 1 იანვრიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ გარემოებათა გათვალისწინებით, მოსარჩელე უდავოდ წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების სუბიექტს, თუმცა სამსახურიდან გათავისუფლებიდან - 2017 წლის 12 მაისიდან 2019 წლის 1 იანვრამდე, მან ვერ შეძლო სახელმწიფო კომპენსაციის მიღება, რადგან მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ არ უზრუნველყო სათანადო წესით და დადგენილ ვადაში მისი წელთა ნამსახურობის გაანგარიშება, რაც მოსარჩელის მიმართ ზიანის ანაზღაურების უპირობო საფუძველს წარმოადგენს.

ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკონკრეტებულია, რომ თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.

საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, განმარტავს, კანონმდებლობით ცალსახად არის დადგენილი სახელმწიფოს ვალდებულება, სრულად აანაზღაუროს მისი მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი, თუკი კუმულატიურად არსებობს ზიანის ანაზღაურების შემდეგი წინაპირობები: 1. საჯარო მოსამსახურის მიერ ჩადენილია მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ქმედება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. უმოქმედობა ატარებს უკანონო ხასიათს, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ნაკისრ მოვალეობებს, არ ახორციელებს სავალდებულო მოქმედებას; 2. დამდგარია შედეგი პირისთვის ზიანის მიყენების სახით; 3. არსებობს მიზეზშედეგობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის; 4. სახეზეა სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ. ჯ-ემ სამსახურიდან გათავისუფლებამდე და მას შემდეგ არაერთხელ მიმართა სამინისტროს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის გაანგარიშების თხოვნით, თუმცა მისთვის კომპენსაციის დანიშვნა 2019 წლის 1 იანვრამდე ვერ განხორციელდა. უდავოა, რომ მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით დაბრკოლდა, რადგან მის მიერ უსაფუძვლოდ გაჭიანურდა განმცხადებლის მოთხოვნაზე რეაგირება და გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული უმოქმედობა, რამაც მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება გამოიწვია. მოცემული გარემოებები კი მოსარჩელისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს ქმნის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე